Home » ბიზნესი » ინტერნეტში გაჭედილი ,,მაგთიკომი“ – როცა მომხმარებელი და  მომსახურება მეორეხარისხოვანია
ინტერნეტში გაჭედილი ,,მაგთიკომი“ - როცა მომხმარებელი და  მომსახურება მეორეხარისხოვანია

ინტერნეტში გაჭედილი ,,მაგთიკომი“ – როცა მომხმარებელი და  მომსახურება მეორეხარისხოვანია

დაახლოებით ერთი წლის წინ კომპანია ,,მაგთიკომმა“ ,,კავკასუს ონლაინის“ საცალო ქსელი შეიძინა და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთპიროვნული ლიდერის პოზიციაც მოიპოვა. და როდესაც იგრძნო, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფაქტობრივად მონოპოლისტად ჩამოყალიბდა, სწორედ მას შემდეგ დაიწყო ის რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველაზე მეტად ახასიათებს კომპანია ,,მაგთის“ – მაღალი ტარიფები, მაქსიმალური მოგება, დაბალი ხარისხი და მომხმარებელთა ინტერესების სრული იგნორი.

,,კავკასუს ონლაინის“ საცალო ქსელის შეძენის დღიდან ქსელში გაჩნდა მუდმივი პრობლემები, როგორც ინტერნეტის, ასევე ტელევიზიის მიმართულებითაც. ,,მაგთიკომის“ აბონენტების მხრიდან მუდმივი უკმაყოფილება ჩვეულებრივ ამბად იქცა, თუმცა, კომპანიას ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები გამუდმებით საუბრობდნენ ქსელში არსებულ ხარვეზებზე, როგორც ჩანს, ,,მაგთიკომში“ ჩათვალეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა.

თუმცა, ის რაც ბოლო დღეებში ,,მაგთის“ ქსელში ხდება, ნამდვილად ყოველგვარ ლოგიკას ცდება. ,,მაგთიკომის“ აბონენტთა ნახევარზე მეტს, დაახლოებით 3-4 დღეა ინტერნეტი და ტელევიზია ფაქტობრივად არ აქვთ და პრობლემების აღმოფხვრასაც ვერანაირად ვერ ახერხებენ. ვინაიდან, როდესაც რეკავენ მითითებულ ცხელ ხაზზე, ,,მაგთიკომის“ ოპერატორთან, გადის წუთები, საათები და არავინ პასუხობს.  თუ ძალიან გაგიმართლათ და როგორღაც დაუკავშირდით ოპერატორს, დაახლოებით ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, ის გეუბნებათ რომ გადაგრთავთ ტექნიკურ სამსახურთან და ამ დროს გადართვის ნაცვლად ზარი წყდება და ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევთ. თუმცა, რამდენჯერაც არ უნდა ცადოთ მაინც არაფერი გამოგივათ, ვინაიდან, როგორც ოპერატორი გიხსნით ქსელში პრობლემა გაჩნდა, რის გამოც უამრავი ადამიანი რეკავს და ტექნიკური სამსახური უბრალოდ ვერ ახერხებს ყველა ზარზე პასუხს – თუმცა, თუ პასუხობენ ვინმეს ესეც გაურკვეველია. როდესაც ოპერატორს უხსნით, რომ ორი დღეა ინტერნეტის და ტელევიზიის გარეშე ხართ და სთხოვთ ტექნიკური ჯგუფი სახლში მაინც მოვიდეს და აღმოფხვრას პრობლემა, ვინაიდან დარეკვით არაფერი გამოდის, ამაზე გპასუხობენ, რომ პრობლემის მოგვარება სატელეფონო ზარითაც შესაძლებელია და ჯგუფს ვერ გამოგზავნიან.

მოკლედ, ,,მაგთიმ“ საბოლოოდ გაჭედა.

უკმაყოფილო აბონენტების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, თუმცა, ,,მაგთიკომს“ ესეც არ აინტერესებს – მათთვის ხომ მომსახურება და მომხმარებელი მეორეხარისხოვანია. ასე იყო კომპანიის დაარსებიდან დღემდე და სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მომავალშიც.

ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებულად საინტერესო იყო კომპანიის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება – სადაც საერთოდ არ იყო ნახსენები ქსელში არსებული პრობლემები, სამაგიეროდ ,,მაგთიკომმა“ დააანონსა, რომ “მაგთისატისა” და IP ტელევიზიის აბონენტებს 1 დეკემბრიდან ტარიფი 2 ლარით გაუძვირდებათ. ანუ კომპანია აძვირებს მომსახურებას, რომლითაც მომმხარებლები ფაქტობრივად ვერ სარგებლობენ.

ხომ საინტესეო მიდგომაა არა?! თუმცა, ,,მაგთისგან“ ესეც აღარ უკვირს არავის – მხოლოდ კომპანიის მიმართ ,,საქებარი“ სიტყვებით თუ შემოიფარგლებიან ხოლმე დროდადრო.

გიორგი კაპანაძის ბლოგი

Share