ახალი ამბები

სხვა სიახლეები
მესამე ხაზი ანუ რა უშველის გაჭედილ თბილისს?!

მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: - დიდი დიღმის შესასვლელი და გასასვლელი, აღმაშენებლის ხეივანთან კვეთა,­ ნამდვილად ერთ-ერთი რთული ადგილია საცობების მხრივ. ამას ბევრი მიზეზი აქვს: დიდია მიგრაცია ქალაქის ერთი კუთხიდან მეორეში. მიგრაციას ვერ გავექცევით. ჩვენთან ასეა, მთელი ცხოვრება ვცდილობთ სახლი ვიყიდოთ, ვყიდულობთ, მერე სამსახური სადაც გამოგვიჩნდება, იქ ვმუშაობთ და ა.შ. ამიტომ მიგრაცია ძალიან დიდია. გარდა ამისა, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც მაღალსართულიანი კორპუსების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, ნაკადებიც. ამიტომ გამჭოლი გზები გვჭირდება.მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში ასე არ არის, მაინც იციან, რომ გამჭოლი გზები საჭიროა და ისეა გაკეთებული, რომ ერთი ცენტრიდან მეორეში ჩქარი ნაკადები მიდიან, მერე კონკრეტულ უბანში ადიხარ. ჩვენთან უბნიდან უბნამდე მისვლა კატასტროფაა. ერთ-ერთი ასეთი ადგილია აღმაშენებლის ხეივანი, იმიტომ, რომ გლდანიდან წამოსულმა ნაკადმა უნდა გამოიაროს წვრილი ქუჩები ბევრი შუქნიშნით, რათა ქალაქის მეორე ბოლოში მოხვდეს, ან განიერი გზით წავიდეს და შეუერთდეს დიღმის ნაკადს. აქვეა მცხეთის მხარის, ანუ ქალაქგარეთ მცხოვრებთა ნაკადიც. გამოდის გლდანის, დიდი დიღმისა და ქალაქგარეთ მცხოვრები მოსახლეობა საბურთალოსკენ, ორთაჭალისკენ და პირიქით მიედინება. ალბათ იკითხავთ, რა ჭედავს აქ მოძრაობას? მარშალ გელოვანის პროსპექტს 2 შუქნიშანი დაემატა. თითქოს არაფერი, მაგრამ ამ 2-მა შუქნიშანმა უფრო ფორსირება გაუკეთა საცობს და ერთი შენელებაც კი, არათუ გაჩერება, საცობის მაპროვოცირებელია. თუ ავიღებთ ამ შენელება-დაჩქარების მონაწილე 10 მანქანასაც კი, ვნახავთ, რომ განსხვავება ძალიან დიდი იქნება. ნაკადი ერთ დონეზე უნდა მიედინებოდეს, თუნდაც დაბალი სიჩქარით, რათა საცობი არ გაკეთდეს. ამისთვის, როგორც მინიმუმ, "ვეფხვი და მოყმის" ძეგლთან შუქნიშანი არ უნდა აჩერებდეს­, იქ არც ზებრა გადასასვლელია ქვეითად მოსიარულეთათვის, ვის გამოც გაჩერდებოდა ნაკადი. ეს რაც შეეხება კერძო ტრანსპორტს. კომუნისტების დროს მეტროს პროექტში იყო დიდი დიღმის დაკავშირება დანარჩენ ქალაქთან.გასაგებია, რომ ძალიან დიდი პროექტია, მინიმუმ მტკვრის ქვეშ ან მტკვრის ზემოთ უნდა გაიაროს მეტრომ დიდ დიღომში მოსახვედრად, მაგრამ ძვირი არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაკეთდეს. ადრე თუ გვიან, მაინც გახდება საჭირო. ჩინელებმა ასეთი გამოსავალი იპოვეს - რიგ შემთხვევაში მეტრო შესაძლოა ვერ გააკეთო, მაგრამ გაიყვანეს გზა, სადაც გაუშვეს მხოლოდ გრძელი ავტობუსების ნაკადი, რომლებიც ინტერვალით დადიან, მეტროსავით. ეს არ არის კატასტროფულ თანხებთან დაკავშირებული, იმიტომ, რომ არ სჭირდება გვირაბების თხრა და ა.შ. ეს ავტობუსები არ უნდა იკვეთებოდნენ მანქანების ნაკადთან. ზუსტად მეტროს პრინციპით უნდა მოძრაობდნენ.ბასლაინები მხოლოდ მაშინ გაამართლებს, თუ არ ექნება ან მინიმალისტური შეხება ექნება ნაკადთან. რით ვერ შეიქმნა რომელიმე სრულად ამოქმედებული 1 ხაზი მაინც, რომ ვნახოთ, როგორ მუშაობს. ფრაგმენტულად გაკეთებული აზრს კარგავს, ეფექტს ვერ ვხედავთ. ეს რაც შეეხება ბასლაინს, თუმცა პლანეტაზე ვერ მოიფიქრეს უფრო უკეთესი, მოქნილი და სწრაფი ტრანსპორტი, ვიდრე მეტროა. ჩვენთან მეტრო არ არის კარგ მდგომარეობაში. დღემდე კომუნისტების დროს დატოვებული სარკეებიც არ გამოცვლილა, მეტროსადგურების დამატებაზე რაღა უნდა ვთქვათ. ჩემი ნება რომ იყოს, პირველად მიწისქვეშა ან მიწისზედა მეტროსადგურებს დავამატებდი. მიწისზედა უფრო მარტივია და ფინანსურადაც მომგებიანი. შესაძლებელია დიდუბის სადგური დიღომს დაუკავშირდეს, მეტრომ მიწის ზემოთ გაიაროს, ხიდით გადავიდეს მტკვარზე ისე, რომ კვეთა არ ჰქონდეს მანქანებთან. ეს იქნებოდა იდეალური გამოსავალი, რაც ძალიან დიდ ნაკადს ჩამოაკლებდა აღმაშენებლის ხეივანს.გიორგი ბაბუნაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელი: - თბილისის მეტროს მესამე ხაზის მშენებლობა 80-იან წლებში დაიგეგმა და დიდი დიღმიდან უნდა დაწყებულიყო. იგეგმებოდა 2 ან 3 სადგურის მშენებლობა, მაგრამ გადაწყვეტილება არ იყო საბოლოო, განიხილებოდა. 3 სადგურის შემთხვევაში პირველი სადგური იქნებოდა დიდი დიღმის ბოლო მიკრორაიონები, შემდეგი იქნებოდა "ზურგოვანა", სადაც წრეა, და მესამე - იმ მიკრორაიონთან, სადაც ჯვარი დგას. ზურგოვანის შემდეგი სადგური, სადაც დღევანდელი "გუდვილია", იმ მიდამოებში იქნებოდა და ერქვა„"საქართველოს სამხედრო გზა", შემდეგ მოდიოდა სადგური "მიონი", დიღმის მასივში საავადმყოფოების ტერიტორიაზე. მას მოსდევდა სადგური "დიღომი" მაიაკოვსკის ძეგლის ახლოს, შემდეგ მეტრო გადაკვეთდა მტკვარს და იქნებოდა სადგური "დიდუბე". დიდუბეში იქნებოდა გადასაჯდომი კვანძი, როგორც ახლა ვაგზლის მოედანზეა. ამის შემდეგ მეტრო მოდიოდა წერეთელზე და გამოფენასთან კეთდებოდა სადგური "სახალხო მრეწველობის გამოფენა", შემდეგ მეტრო კიდევ ერთხელ გადაკვეთდა მტკვარს, გადავიდოდა საბურთალოზე და სადგურ "პოლიტექნიკურთან" კეთდებოდა კიდევ ერთი სადგური -„"პოლიტექნიკური 2", "პოლიტექნიკურზე" გადასაჯდომი სადგური. მარშრუტი გრძელდებოდა ვაკეში და სადგური კეთდებოდა ჩაის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.შემდეგ ხაზი მიდიოდა რუსთაველზე და იქ კეთდებოდა სადგური "რუსთაველი 2". ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაკვეთდა ეს ხაზი მტკვარს და მიდიოდა ზაარბრიუკენის მოედანზე, რომელსაც მაშინ "კარლ მარქსის მოედანი" ერქვა, შემდეგ ხაზი მიდიოდა ელიაზე, იქიდან მეტრომშენის დასახლებაში, რასაც მოსდევდა სადგური "ვაზისუბანი". ვაზისუბნიდან მატარებელი უნდა წასულიყო ვარკეთილში, სადაც იქნებოდა სადგური "ვარკეთილი 2". ვარკეთილიდან გზა უნდა გაგრძელებულიყო კახეთის გზატკეცილისკენ, სასწრაფოს კორპუსებს რომ ეძახიან, იმ მიდამოებში, და იქიდან მიდიოდა მოსკოვის პროსპექტზე.­ იქ მთავრდებოდა ხაზი, თუმცა პერსპექტივაში მოიაზრებოდა კიდევ ერთხელ მტკვრის მეოთხედ გადაკვეთა და მარშრუტის გაგრძელება ფონიჭალაში. ეს უნდა ყოფილიყო თბილისის მეტროს ყველაზე გრძელი ხაზი. საერთოდ, მეტროს ხაზი ასე კეთდება: არის ზოგადი გეგმარებითი კონცეფცია და იწყებენ მონაკვეთებზე მუშაობას. დაიწყეს 5 სადგურის, რუსთაველიდან ვაზისუბნამდე მონაკვეთის მშენებლობა. 6 კილომეტრამდე ხაზი იყო. სამუშაოები შახტების დონეზე შესრულდა. სადაც ახლა ვორონცოვზე სასტუმრო დგას, მანდ საესკალატორო გვირაბი იყო, რომელიც მერე ამოავსეს და ზემოდან სასტუმრო დააშენეს. აქტიური მშენებლობა ფორმალურად 1987 წელს, ხოლო რეალურად 1989 წლიდან დაიწყო. მაგრამ თანდათანობით შენელდა, მერე ამას დაერთო პოლიტიკური ამბები და 1992 წელს საერთოდ გაჩერდა. სადგურიც არ აშენებულა. მხოლოდ ტექნიკური გვირაბები მოეწყო.- რომელი გვირაბებია აშენებული?- მაგალითად, "რუსთაველი 2", რომელსაც ელბაქიძიდან აქვს შესასვლელი, თითქმის კილომეტრიანი ტექნიკური გვირაბია. მონაკვეთი აშენდა მშრალ ხიდთანაც, ახლა მთლიანად დატბორილია. აშენდა საესკალატორო დაღმართი ვორონცოვზე, პატარა ტექნიკური გვირაბი "ელია". ყველაზე გრძელი გვირაბები 300 მეტრამდე იყო. ვაზისუბანში ნაწილობრივ აშენდა საესკალატორო გვირაბი, რომელიც ასევე დაიტბორა, ქვემოთ, სადგურის ადგილასაც გაკეთდა ტექნიკური გვირაბები.- მეორე, საბურთალოს ხაზს ხომ დაემატა 2 სადგური?- საბურთალოს ხაზზე მათი მშენებლობა 1985-86 წლებში დაიწყო და როდესაც შეწყდა, კონსტრუქციულად დასრულებული იყო. რაც შეეხება მესამე ხაზს, მას არავინ მიბრუნებია. კომუნისტების გათვლით, 2000 წელს უნდა დასრულებულიყო ეს ხაზი.- რატომ იგეგმებოდა მეტროს მშენებლობა დიდ დიღომში და დღეს რა პერსპექტივა აქვს ამ წამოწყებას?- თვითონ დიდი დიღმის დასახლებაც ხომ დაუსრულებელი დარჩა. ახლა კი ივსება, მაგრამ კომუნისტებს უფრო მაღალი სიმჭიდროვე ჰქონდათ დაგეგმილი. ვარკეთილისა და გლდანის მსგავსი მასიური დასახლება იყო ჩაფიქრებული. ასეთ დასახლებას, რა თქმა უნდა, მეტრო სჭირდებოდა. დღეს ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, თბილისი რომ მდიდარი ქალაქი ყოფილიყო, მეტროს ააშე­ნებდა, მაგრამ როდესაც არა გვაქვს ამისი ფუფუნება, ვიწყებთ იმ საშუალებით, რომელიც თითოეულ დახარჯულ ლარზე ქალაქში მაქსიმალური დაფარვის შესაძლებლობას მოგვცემს. ეს არის ავტობუსების ქსელი. რა თქმა უნდა, ავტობუსი ისე სწრაფად არ დადის, როგორც მეტრო, იმხელა ტევადობაც არა აქვს, სამაგიეროდ, რასაც ქალაქი დახარჯავდა მარტო დიდი დიღმის მეტროსადგურის მშენებლობაში, მისი 10%-იც­ არ სჭირდება მთელი ქალაქის ავტობუსების ქსელით დაფარვას. როცა ავტობუსების ქსელის გამტარუნარიანობა არ იქნება საკმარისი, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ უფრო მაღალი იერარქიის ტრანსპორტზე გადასვლაზე. ამის შემდეგ შეიძლება ტრამვაიზე ვიფიქროთ. სატრანსპორტო გენერალურ გეგმაში სწორედ ეგაა მოცემული - განიხილება დიდი დიღმიდან აღმაშენებლის და გელოვანის პროსპექტებზე ბასლაინების მოწყობა, მაგრამ შეიძლება დაემატოს ტრამვაის ხაზიც.ბოლო დროს ხშირად საუბრობენ დიდი დიღმის მეტროს საჭიროებაზე, დიდუბის მეტროდან გავიყვანოთო. თუმცა ყველაფერი დეტალურად თუ არ გავითვალისწინეთ, შესაძლოა პრობლემები შეიქმნას. საქმე ის არის, დღეს მეტრო მაღალი დატვირთვით მუშაობს. მგზავრთნაკადი დღიურად ხშირად ნახევარ მილიონს აჭარბებს. მინიმალური, ორწუთნახევრიანი ინტერვალებით დადიან მატარებლები და მაინც, ლიმიტს უახლოვდება,­ თავისი გამტარუნარიანობა აქვს მეტროს. თუ ახმეტელიდან წამოსულ ნაკადს დიდუ­ბეში დავამატებთ კიდევ დიდი დიღმის ნაკადს (ხომ იცით, საბურთალოს ხაზზე გადასასვლელში როგორი რთული სიტუაციაა, მარტო 1 დერეფანია, რომელიც ვერ უმკლავდება მგზავრთნაკადს), პერსპექტივაში საჭირო იქნება დამატებითი დერეფნის გაკეთება. წეღან მესამე ხაზის ისტორია რომ გიამბეთ, იქ 4 გადასაჯდომი იყო გათვალისწინებული. ისე იყო გათვლილი, მთელი მგზავრთნაკადი არ დასწოლოდა 1 წერტილს, განაწილებულიყო და არ გამოეწვია სისტემის გადატვირთვა. როცა ამხელა ხაზს უერთებ მარტო ერთ წერტილს, როგორ გაუძლებს?..- მოგყვებით ლოგიკაში და გეთანხმებით, მაგრამ... ქალაქი იზრდება და, ადრე თუ გვიან, მეტრო მაინც დაგვჭირდება.- აუცილებლად დაგვჭირდება, ოღონდ უნდა გაკეთდეს რამდენიმე გადასასვლელი­ წერტილით. ახლა ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ ბასლაინების სისტემა. ეტაპობრივად ჩამოდის 18-მეტრიანი ავტობუსები,­ მომავალ წელს მთლიანი პარტია იქნება­ შემოსული და უწყვეტი ბასლაინებით, წესით, სატრანსპორტო პრობლემები უნდა გაუმჯობესდეს. ესაა ხარჯთეფექტური გამოსავალი.- მაინც მგონია, რომ მეტროს საჭიროება მაინც დადგება.- აუცილებლად დადგება, ისევე როგორც ტრამვაის. ქალაქი იზრდება, ვითარდება. გავაკეთოთ საფეხურებრივად, გავაკეთოთ საავტობუსო დერეფნები, დავასრულოთ იმ სახით, როგორც არის განსაზღვრული. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სწრაფად და კომფორტულად უნდა იმგზავრო. საცობს მაინც ვერ ვუშველით, მაგრამ მთავარია ალტერნატივა გაჩნდეს. თუ დავინახეთ, რომ არც ბასლაინები ჰყოფნის,­ მერე ტრამვაის ხაზზე შეგვიძლია ვიფიქროთ. თუ ესეც არ ეყოფა, მერე უკვე მეტროზე ვიფიქროთ.წყარო: kvirispalitra.ge

1713257948

როგორ და რისთვის იყენებს საქართველოს ბანკი AWS-ის ევროპულ დატაცენტრს?...

გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი კომპლექსური და საპასუხისმგებლოა, ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც საქართველოს ბანკმა ამ გზაზე შეარჩია, ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს. ქლაუდზე მიგრაციის მიმართულებით, საქართველოს ბანკი ამერიკულ AWS-თან თანამშრომლობს, რომელიც ქლაუდ-სერვისების უდიდესი მიმწოდებელია პლანეტაზე. ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლობა მრავალმხრივია და საქართველოს ბანკს წვდომას აძლევს, როგორც ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, ასევე AWS-ის მრავალწლიან, უნიკალურ გამოცდილებაზე.როგორც საქართველოს ბანკში ამბობენ, AWS-ი ბანკს უყურებს არა როგორც რიგით მომხმარებელს, არამედ საიმედო რეგიონულ პარტნიორს. შესაბამისად, კომპანიებს შორის ამგვარი თანამშრომლობა საქართველოს ბანკს მოგებიან პოზიციაში აყენებს, რადგან ასე, ბანკი და ბანკის მომხმარებლები იღებენ არამხოლოდ საუკეთესო ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, არამედ უნიკალურ ნოუჰაუსა და ექსპერტულ ცოდნას.მაშ, რა დამატებით სარგებელს იღებს საქართველოს ბანკი AWS-თან თანამშრომლობით, როგორ გარემოში ინახება ბანკის მომხმარებლების პირადი მონაცემები და განვითარების რა ეტაპზე ქლაუდ-სტრატეგიის იმპლემენტაცია? ამ და სხვა საკითხებს, ამ ინტერვიუში, საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ვაჟა მანტუასთან მიმოვიხილავთ.რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ბანკი ქლაუდ-სერვისების მსოფლიოს უდიდეს მიმწოდებელთან, ამერიკულ AWS-თან თანამშრომლობს. რა მიმართულებებს მოიცავს ეს ურთიერთობა?ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ მრავალმხრივია, რადგან საქართველოს ბანკს AWS-ი უყურებს არამხოლოდ როგორც მომხმარებელს, არამედ საიმედო რეგიონულ პარტნიორს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში AWS-ი ბანკის სერვისების მოდერნიზაციაში მონაწილეობს და მრავალ სფეროში საკუთარ დიდ გამოცდილებას გვიზიარებს, AWS-ის პროდუქტის განვითარების გუნდთან უშუალო ურთიერთობა გვაქვს. ერთობლივად ბევრ ვორქშოპსა და კონფერენციას ვმართავთ, რომლებზეც ერთმანეთს სიახლეებს ვუზიარებთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, ბანკში არსებული სისტემები და პლატფორმები მზად იყოს ქლაუდ-ტექნოლოგიაზე სრული მიგრაციისთვის, ხოლო დიდი ნაწილი - უშუალოდ ქლაუდში იყოს გადატანილი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მიზანი სტრატეგიული ხასიათისაა, ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ არამხოლოდ AWS-თან, არამედ ქლაუდ-სერვისების მიმწოდებელ ფაქტობრივად ყველა დიდ კომპანიასთან.AWS-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მონაცემები AWS-ის დატაცენტრში, გერმანიაში ინახება. როგორ გარემოში ინახება ეს დატა, ანუ რამდენად დაცულია ბანკის ინფორმაცია?ევროპაში მდებარე დატაცენტრში ბანკის ყველა კრიტიკული მონაცემისა და პლატფორმის კოპირებას ვახდენთ. AWS-ის ეს დატაცენტრები ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე და მონაცემთა უსაფრთხოების მართვის უმაღლეს სტანდარტზე არის დაფუძნებული, რაც ყველა იმ რეგულაციის შესრულებას გვიმარტივებს, რომლებიც ჩვენ, როგორც საბანკო-საფინანსო ინსტიტუტს გვაქვს. თუმცა, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურები AWS-ის ცენტრში უპირობოდ არის დაცული, კომპანია მოქნილიცაა და ცდილობს, პარტნიორების მოთხოვნები გაითვალისწინოს და მათ იურისდიქციაში არსებულ რეგულაციებს მოერგოს. ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია, მომხმარებელს მივცეთ წვდომა მისთვის აუცილებელ ყველა სერვისზე, თანაც არამხოლოდ საქართველოდან, არამედ ევროპიდანაც. ამგვარად, საქართველოს ბანკი, გარკვეულწილად, ევროპაშიც ოპერირებს.რა სარგებელს იღებენ AWS-თან ამგვარი თანამშრომლობით ბანკი და მისი მომხმარებლები?ამ პარტნიორობით, პირველ რიგში, ჩვენი ტექნოლოგიური გუნდი იღებს დიდი გამოცდილებას, რომელსაც აქვს საშუალება გაიგოს და განიცადოს, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. AWS-ის ტექნოლოგიებთან და პროცესებთან უშუალო კავშირი გვაქვს, ანუ კომპანიის მდგრად, მასშტაბირებად და მოქნილ პლატფორმებს ვიყენებთ, რითაც ჩვენს მომხმარებელს თანამედროვე პროდუქტებს უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვთავაზობთ.რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ბანკში ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქლაუდ-სტრატეგიის განხორციელება წარმოადგენს. რა როლს ასრულებს ამ პროცესში AWS-ი?ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე წარმოგვედგინა. საქართველოს ბანკმა ქლაუდ-ტექნოლოგიაზე მიგრაციის სამწლიანი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის რეალიზაცია სამ ძირითად მიმართულებას უკავშირდება, ესენია - Cloud Governance Office, Cloud Platforming Office და FinOps Office. ევროპასთან უწყვეტ კავშირს ჩვენთვის გამოყოფილი 10G-ქსელის საშუალების უზრუნველვყოფთ. ამასთან, ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოგვყავს არსებული SLA-ტიპის შეთანხმებები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიტიკული კომპონენტების ქლაუდში გადასატანად ბოლო დეტალებს ვამუშავებთ.ბოლო პერიოდში, ქლაუდში გადავიტანეთ, როგორც საქართველოს მობაილ ბანკის თამაში, ასევე თხუთმეტამდე სხვადასხვა აპლიკაცია. ცხადია, ქლაუდში უკვე ატვირთული გვაქვს ყველა სისტემის ასლი და დამატებითი სატესტო სისტემები. ამ მხრივ, დიდი ქლაუდ-კომპანიები გვეხმარებიან და ჩვენც, როგორც მოქნილი ორგანიზაცია, ვცდილობთ, უკუკავშირი და მხარდაჭერა ყველა კომპანიისგან მივიღოთ, მათ შორის AWS-ისგან, Oracle-ისგან, Microsoft-ისა და Google-ისგან. ამ მხრივაც, ცხადია, ჩვენს მომხმარებელს არაერთ სიახლეს ვპირდებით მომავალში.

1713255660

„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის...

სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც „თეგეტა აკადემია“ ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის წარმომადგენლობას შეითავსებს. ინიციატივა ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტისას გაჩნდა, სადაც „თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია USAID-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა. შეთანხმების შედეგად, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს ქვეყნებს, სადაც ონლაინ სასწავლო პლატფორმა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.„თეგეტა აკადემია“ საქართველოში პროგრამის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. Electude-ს კომპანია USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლების“ მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოს შემდეგ ცოდნის გავრცელებას „თეგეტა აკადემია“ რეგიონშიც უზრუნველყოფს.ჰოლანდიაში ვიზიტისას, „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლები Koning Willem I College-ში იმყოფებოდნენ, სადაც კოლეჯის საავტომობილო პროგრამების უკლებლივ ყველა სტუდენტი სწორედ „ელექტუდის“ პლატფორმას იყენებს. „თეგეტა აკადემია“ პლატფორმის განვითარებისა და დანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაიზიარებს. მათ შორის იქნება Electude Classroom-ის დანერგვა. Electude-ის განახლებული ვერსია „თეგეტა აკადემიაში“ ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება. სიახლე ელექტრონული წიგნების, ასევე HOW TO მოდულების დამატებას გულისხმობს, სადაც ინტეგრირებული იქნება რეალური ვიდეოები. ონლაინ სასწავლო პლატფორმის განახლებული ვერსიის დანერგვით „თეგეტა აკადემია“ საავტომობილო განათლების სფეროში მორიგ პრეცედენტს შექმნის.გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურის უფროსი: „ჰოლანდიაში ვიზიტისას გავეცანით პროფესიული განათლების სისტემას, შევისწავლეთ მათი საქმიანობა საავტომობილო პროგრამების მიმართულებით, გავიგეთ, რა მიდგომებს, მეთოდებს იყენებენ. ვიზიტის მეორე ნაწილი მოიცავდა „ელექტუდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას, მათი საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობას. მოლაპარაკების პროცესში ვისაუბრეთ რეგიონში წარმომადგენლობის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებითაც. „თეგეტა აკადემია“ იღებს პასუხისმგებლობას, მოამარაგოს „ელექტუდის“ პროდუქტებით რეგიონის ის ქვეყნები, სადაც სასწავლო პლატფორმის წარმომადგენლობა ჯერ ისევ არ არის“.ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით გასულ წელს დაინერგა. „თეგეტა აკადემიას“ პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლების“ ფარგლებში, 30 000 დოლარი გადაეცა. გადამზადდა 1000-მდე პირი, შემუშავდა 10-მდე სასწავლო პროგრამა და ითარგმნა Electude-ის სასწავლო მოდულები ქართულ ენაზე.„თეგეტა აკადემიასა“ და USAID-ს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კი ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში შპს „ტრანსფორდთან“ და USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს.ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემიას“ უკვე აქვს USAID-თან თანამშრომლობის გამოცდილება. პირველი პროექტი, რომელიც მათი საშუალებით განვახორციელეთ, სასწავლო პლატფორმა „ელექტუდის“ წარმატებით დანერგვა იყო. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ „ელექტუდის“ როგორც სასწავლო რესურსის, გამოყენება სხვა პროგრამებთან მიმართებით. მიმდინარე წელს აკადემიას დაემატება 19 ახალი სასწავლო პროგრამა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.ამასთანავე, USAID-ის პროექტის ფარგლებში „თეგეტა აკადემია“ გეგმავს ბათუმისა და ფოთის ფილიალებისთვის „ელექტუდის“ სტენდებისა და სიმულატორების შეძენას. ჰოლანდიაში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ადგილზე გვენახა და გამოგვეცადა ყველა სტენდი და სიმულატორი, რომელთა შეძენასაც ვაპირებთ. „ელექტუდის“ ტექნიკურმა სპეციალისტებმა დეტალურად აგვიხსნეს სიმულატორების მუშაობის პრინციპები და შესაძლებლობები. ჰოლანდიის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯის მიერ გაზიარებული გამოცდილება „თეგეტა აკადემიას“ დაეხმარება როგორც ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, ისე განახლებული სივრცეების მოწყობაშიც“. პროექტის, რომელიც აკადემიამ დასავლეთ საქართველოში დაიწყო, ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 19 ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. სპეცტექნიკის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდება JCB-სთან ერთად და წარმატებულ კურსდამთავრებულებს „თეგეტა აკადემიაში“ JCB-ს მიერ აკრედიტებული მექანიკოსის სტატუსი მიენიჭებათ.„თეგეტა აკადემიის“ ახალ ფილიალში კი, რომელიც ფოთში გაიხსნება, ფოკუსირებული ვიქნებით საპორტო და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამებზე, რომლებიც შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობით შეიქმნება. ასევე, შევიძენთ საპორტო ტექნიკის სიმულატორს. კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

1713252693

ბიზნესკურსი: რატომ და როგორ უნდა გააციფრულო ბიზნეს პროცესები

საჭიროების მიუხედავად, ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესს უჭირს პროცესების გაციფრულება. მიზეზი, მეტწილად, ცოდნის ნაკლებობაა ხოლმე. აი, ამ პრობლემის გადასაწყვეტად კი, საქართველოს ბანკის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაზე, ბიზნესკურსზე, ცოტა ხნის წინ ახალი კურსი დაემატა — ბიზნეს პროცესების გაციფრულება.რას ისწავლით კურსის ფარგლებშიისევე, როგორც ბიზნესკურსის სხვა პროგრამები, ბიზნეს პროცესების გაციფრულების კურსიც ამ საკითხის ექსპერტის მომზადებულია. მას საქართველოს ბანკის უფროსი ეჯაილ ოფიცერი, ირმა ბერძენიშვილი, უძღვება.კურსი კი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბიზნესის გაციფრულების მიზეზები და მიზნები, კონტროლის მექანიზმები, რისკების შემცირება და მეტი გამჭვირვალობა, ქლაუდის გადაწყვეტები, სააღრიცხვო სისტემის კრიტერიუმები, პროვაიდერთან დაკავშირებული რეკომენდაციები და პროცესების ავტომატიზაცია.კურსის გავლის შედეგად, ზუსტად გაიგებთ, რა სარგებელს მიიღებთ ბიზნეს პროცესების გაციფრულებით. ამასთან, კურსი დაგეხმარებათ, თქვენს საჭიროებებზე მორგებული სააღრიცხვო სისტემები მოიძიოთ და რობოტიზაციის დანერგვაზე იზრუნოთ. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, თქვენი ბიზნესის წარმატებაზე აისახება.რატომ გჭირდებათ ბიზნესის გაციფრულებაპროცესების გაციფრულებით დროსთან და ფულთან ერთად, ადამიანურ რესურსსაც დაზოგავთ. ამასთან, გაციფრულება ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობასაც ზრდის, აუმჯობესებს კომპანიის ადაპტაციის უნარს, მომხმარებლის გამოცდილებას და, რასაკვირველია, დადებითად აისახება შემოსავალზეც.რაც შეეხება რობოტიზაციას, მას ბიზნეს სექტორში აბრევიატურა RPA-ით (რობოტული პროცესების ავტომატიზაცია) იცნობენ. ეს მეთოდი, პირველ ყოვლისა, რისკებს ამცირებს, რადგან რუტინული საქმეების კომპიუტერის მიერ შესრულება ადამიანური შეცდომის ალბათობას გამორიცხავს. რობოტიზაცია პროცესებსაც აჩქარებს, რაც ასევე ითარგმნება მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებასა და შემოსავლის ზრდაში. ამდენად, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში რობოტიზაცია კომპანიებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. 2022 წლისთვის, მაგალითად, მსხვილი კომპანიების 85%-ს უკვე დანერგილი ჰქონდა RPA თავის საქმიანობაში, მცირე და საშუალო ბიზნესების დიდ ნაწილს კი სამომავლო გეგმად აქვს გაწერილი მისი დანერგვა.რა არის ბიზნესკურსი და კიდევ რას გთავაზობთ ისუკვე დიდი ხანია, ბიზნესკურსი საქართველოში ნებისმიერი ბიზნესის მფლობელს აძლევს საშუალებას, სრულიად უფასოდ შეიძინოს მისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. საქართველოს ბანკის შექმნილი პლატფორმა სხვადასხვა თემატიკის ათობით უფასო სასწავლო კურსსა და მასტერკლასს აერთიანებს.ბიზნესკურსის საშუალებით, დაგეგმავთ და განახორციელებთ ყველა ნაბიჯს ბიზნესის იდეიდან გამართულ მარკეტინგამდე. პლატფორმა მოიცავს სამეწარმეო საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტს: გაყიდვები, მომსახურების მენეჯმენტი, ბუღალტერია, რეკლამირება, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. სასწავლო კურსებს სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.ბიზნესკურსის შესახებ მეტის გაგებასა და პლატფორმაზე რეგისტრაციას ვებგვერდზე შეძლებთ.

1713249780

რამდენ მილიარდ დოლარს შეადგენს სახელმწიფო საგარეო ვალი?

მათივე მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით ვალის მოცულობა 8.473 მლრდ დოლარი, ანუ მაშინდელი კურსით 21.694 მლრდ ლარი იყო.აღსანიშნავია, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა კონკრეტულად მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მარტში მთავრობის ვალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა თითქმის 287 მილიონი დოლარით და შეადგინა 8.326 მლრდ დოლარი, 2023 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 8.039 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვალი კი 433.164 მილიონი დოლარიდან 396.553 მილიონ დოლარამდე შემცირდა.ამასთან, 2024 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).მსხვილი კრედიტორები 2024 წლის მარტის მდგომარეობით: აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.238 მლრდ დოლარი; ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.118 მლრდ დოლარი; მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.519 მლრდ დოლარი; მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 556.8 მლნ დოლარი.

1713181907

რომელი ქვეყნებიდან ირიცხება საქართველოში ყველაზე მეტი ფული?

საანგარიშო პერიოდში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან 51%-ით შემცირდა. ევროკავშირის წილი მთლიან ფულად გზავნილებში 41.45%-ს (115.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენი ქვეყნების - 58.5%-ს (162.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.2024 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგი 10 ქვეყნიდან: რუსეთის ფედერაცია - 52,997 მლნ აშშ დოლარი იტალია - 46,666 აშშ დოლარი აშშ - 44,763 აშშ დოლარი ისრაელი - 21,095 აშშ დოლარი საბერძნეთი - 20,960 აშშ დოლარი გერმანია - 20,146 აშშ დოლარი ყაზახეთი - 11,810 აშშ დოლარი თურქეთი - 8,239 აშშ დოლარი ესპანეთი - 5,651 აშშ დოლარი ირლანდია - 5,125 აშშ დოლარი მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით არის შემცირებული.

1713181818