Home » ფინანსები » ,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს’’
,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს’’

,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს’’

,,სააგენტოს შემოსავლები და ვალდებულებები არის დენომინირებული ლარში, შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება უცხოურ ვალუტაში ინვესტირება’’

2018 წლის პირველი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უნდა ამოქმედდეს. მთავრობის დადგენილებით იქმნება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, რომელსაც საპენსიო რეფორმის სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი უხელმძღვანელებს.

– რა არის ის მთავარი მიზნები და ამოცანები რის გამოც დაზღვევის სააგენტო იქმნება და მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების შედეგად, საჭიროა ეს სისტემა ამოქმედდეს. გარდა ამ ვალდებულების შესრულებისა, რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი მსგავსი რეფორმის განხორციელება?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ფინანსური სტაბილურობის დამატებით განმტკიცება არის ამ სისტემის შემოღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. დღევანდელ დღეს ეს სისტემა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს. ამ სისტემის მნიშვნელობა კი დღითიდღე იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნების რიცხვი სადაც ეს სისტემა მოქმედებს გაიზარდა 84 დან 125-მდე. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ დამატებითი კომპონენტი იყო გასააქტიურებელი იმისთვის, რომ დეპოზიტორები იყვნენ დაცული და მეორე მხრივ მთლიანად სისტემა იყოს დაცული. რა ხდება როდესაც საბანკო კრიზისი დგება ქვეყანაში? როდესაც ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა აქვს, მოქალაქეები პანიკური შიშის საფუძველზე იწყებენ ბანკიდან თანხის გადინებას. ამ პროცესებმა შეიძლება სისტემური ხასიათი მიიღოს და მცირე ბანკში დაწყებულმა კრიზისმა, შესაძლოა გადაინაცვლოს სხვა უფრო მსხვილ ბანკში. სწორედ იმისთვის იქმნება ეს სისტემა, რომ მოქალაქეებს შიშის საფუძველი არ ჰქონდეთ.

– სისტემის შემოღების შემდეგ რა შეიცვლება საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის და დეპოზიტორებისთვის?

ეს სისტემა ვრცელდება ფიზიკური პირების დეპოზიტებზე. იურიდიული პირები 2020 წლიდან დაემატება, ვინაიდან ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა და დირექტივა. ნებისმიერ ბანკში მოქალაქეს 5 ათას ლარიანი დეპოზიტი ექნება დაზღვეული. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს რამოდენიმე ბანკში აქვს თავისი დეპოზიტები გადანაწილებული, შესაბამისად იმდენჯერ 5 ათასი ლარი იქნება დაზღვეული. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ჩემი აზრით ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს მათზე, მოსაკრებელი, რაც კანონით დაუწესდათ ბანკებს შეადგენს ყოველთვიური გადასახადს 0.067% ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე. დღესდღეობით ძალიან ძლიერი მაჩვენებლით გამოირჩევა საბანკო სექტორი, რაც კარგია ქართული ეკონომიკისთვის. ვვარაუდობთ, რომ 2018 წლისთვის მთლიან საბანკო სექტორს 12 მილიონი ლარი ექნება გადასახდელი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში. საბანკო სექტორი ძლიერი სტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა ეს რეფორმა ქვეყანაში სწორედ იმ მომენტში უნდა განხორციელდეს, როდესაც არანაირი რისკები არ არსებობს საბანკო სისტემაში. შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ საბანკო სისტემებს და ვნახავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საბანკო რეგულაციები გაძლიერდა, არაერთი ბანკის გაკოტრება მოხდა. სწორედ მსგავსი სისტემის არსებობამ მოახდინა სიტუაციის გამოსწორება საბანკო სისტემაში.

– რაც შეეხება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, რა იქნება მთავარი შემოსავლის წყაროები და, ასევე, როგორ მოახდენს ფონდში აკუმულირებული სახსრების შემდგომ ინვესტირებას?

ყოველთვიური მოსაკრებლის გადახდის ფონზე, ფონდში შემოდის თანხები და თავისთავად მცირე ნაწილი იხარჯება ადმინისტრაციულ საკითხებზე, დანარჩენი ინვესტირდება სხვადასხვა აქტივებში. საინვესტიციო მიმართულებით ეს პარამეტრები კანონში არის გაწერილი და იდენტიფიცირებულია კლასის აქტივები, სადაც შეიძლება სააგენტომ განათავსოს ეს თანხები. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი განთავსებები იყოს მაღალ ლიკვიდურ აქტივებში. როგორც ცნობილია, კანონის თანახმად, სააგენტოს 20 დღის ვადაში ევალება, რომ ნებისმიერ დეპოზიტარს აუნაზღაუროს თანხა, ლიმიტის ფარგლებში რაც არის დაწესებული. თავდაპირველად ვფიქრობთ, რომ ამ თანხების ინვესტირება მოხდება სახელმწიფო ობლიგაციებში და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. სააგენტოს შემოსავლები და ვალდებულებები არის დენომინირებული ლარში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვჭირდება უცხოურ ვალუტაში ინვესტირება.

– არსებობს მოსაზრება, რომ ეს სააგენტო ვერ შეასრულებს იმ ფუნქცია-მოვალეობებს რაც კანონით არის გაწერილი. რას უპასუხებთ ასეთ არგუმენტებს?

ძალიან სამწუხაროა ასეთი არაკომპეტენტური მოსაზრებების მოსმენა. სააგენტოს ექნება თავისი შემოსავლის წყაროები, რომელიც ყოველთვიურად იზრდება და აკუმულირდება სხვადასხვა აქტივებში. კრიზისის შემთხვევაში სააგენტოს ექნება დამატებითი სახსრების მოზიდვის საშუალებაც. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ზემოთხსენებული არგუმენტები არასწორია.

ლევან ლაგვილავა

Share