Home » საზოგადოება » რას ჰპირდებიან ხალხს თბილისის მერობის კანდიდატები
რას ჰპირდებიან ხალხს თბილისის მერობის კანდიდატები

რას ჰპირდებიან ხალხს თბილისის მერობის კანდიდატები

წინასაარჩევნო პროგრამების რეზიუმე

“პოლიტიკაში მოდიან ბრწყინვალე მომავლით და მიდიან საშინელი წარსულით” – ფრანკლინ დელანო რუზველტი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო ბატალიები ძლიერდება. პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა დაპირებებით მოდიან და ცდილობენ ელექტორატი მიიმხრონ. ამ კამპანიას თან ახლავს ზღვა დაპირებები, არჩვნების მოგების განმაპირობებელი ფქტორიც ხომ ეს არის, თუმცა სამოქალაქო სექტორი საგრძნობლად გაზრდილია და მათი მომხრობა პოპულისტური დაპირებებით და ოდიოზური პირების არჩევნებში ჩართვით საგრძნობლად გართულებულია.

მთავარი და ყველაზე რთული ადგილი პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოს დედაქალაქი თბილისია. მერობის კანდიდატების დაპირებებიც ძირითადად ქალაქის გამწვანებას, პარკინგის პრობლემის მოგვარებას, საცობებს, სოციალურ დახმარებებს და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება.

 

ელენე ხოშტარია

 

ერთ-ერთი პირველები, ვინც თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინეს, იყვნენ “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო”. მათი მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაა. ელენე ხოშტარია თქმით, მისი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავს, სოციალური და დასაქმების, ეკოლოგიის, გზებისა და ავარიული ნაგებობების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამ მხრივ, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო მაგისტრალის გადატანას და ე.წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულებას ანიჭებს.

ამ პარტიის დაპირებები ძირითადად პასუხობს ქალაქში არსებულ გამოწვევებს, თუმცა მეორეა თუ ვინ დგას ამ დაპირებების უკან. მართალია ისინი გამოეყვნენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა ხალხს არ დავიწყებია ის 9 წლიანი მმართველობის პერიოდი და კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ, ხოლო დღეს “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს” წევრები არიან.

 

ზაალ უდუმაშვილი

თავის მხრივ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” სტაჟიანი ტელე-წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატად უდუმაშვილის წარდგენამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” და “ნაციონალური მოძრაობის” არამხოლოდ ღირებულებითი (როგორც ამას არხის ხელმძღვანელები აცხადებენ), არამედ საქმიანი კავშირებიც და ისიც, რომ თბილისის მერის პოსტზე ყოფილი ჟურნალისტი გადაწყვეტილებას პარტიისგან დამოუკიდებლად ვერ მიიღებს.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ მის პროგრამაში ძირითადი ყურადღება გამახვილდება დედაქალაქის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ინფრასტრუქტურაზე, უკანონო მშენებლობებზე, ავარიულ კორპუსებზე, საცობებსა და ეკოლოგიაზე. ყოფილი ტელეწამყვანის დაპირებებს შორისაა “სითი პარკის” პრობლემის მოგვარებაც, რომელსაც მისი თქმით, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა.

თუმცა ზაალ უდუმაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას” “ავიწყდებათ”, რომ უგულავას მერობის პერიოდში სითი-პარკი მათ მიერვე შემოყვანილი კომპანიაა და ახლა თავისავე გაფუჭებულ საქმეს წინასაარჩევნო დაპირებად იყენებენ.  

 

ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი წლების განმავლობაში პოზიციონირებს, როგორც დედაქალაქის ისტორიული ნაწილის გულშემატკივარი და გარემოს დამცველი. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულება,  ტრანსპორტის პოლიტიკაა. ელისაშვილს მიაჩნია, რომ ქალაქში საცობების, პარკინგისა და გადაადგილების პრობლემის მოგვარება ევროპაში, 40 წლის წინ მიღებული გამოცდილებით არის შესაძლებელი, რაც ეფექტური მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის შექმნას გულისხმობს. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მსხვილი ბიზნესის გავლენას არ დაექვემდებარება. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კი მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

 

კახა კალაძე

მმართველმა გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. ხელისუფლების კანდიდატმა პრიორიტეტებს შორის სოციალური საკითხები, გარემოს დაცვა, თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვა, საგზაო მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასახელა. მან რამდენიმე საჯარო გამოსვლაში, ოცნების მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტებზე ილაპარაკა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს.

კახა კალაძემ ეკონომიკის პოლიტიკაზე საუბრისას ყურადღება ასევე, ღამის ეკონომიკასა და ამ მიმართულებით, სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა.

“ბევრ ევროპულ ქალაქში ეს სიახლეა. ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ მუშაობა და გამონაკლისი ჩვენი ქალაქიც არ იქნება. ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. ჩამოყალიბდება და განხორციელდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია, რომელიც უბნების განვითარებას და ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა.

 

კახა კუკავა

“დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს”  მერობის კანდიდატი კახა კუკავაა. მის მიერ წარმოდგენილ პროგრამულ პრიორიტეტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების, აგრეთვე კონცერტებისა და ვერტიკალური ბაღებისთვის გათვალისწინებული ხარჯის ამოღება მოხვდა. კანდიდატი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პრობლემების გადაჭრას ჰპირდება, მათ შორის არის გამოსახლების, უფასო სასადილოების, სოციალური სახლებისა და მედიკამენტების პრობლემები. ასევე,  “სითი პარკთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასაც გააუქმებს.

 

ირმა ინაშვილი

,,მოვდივართ ხელმოკლეთა გასახარებლად!” – ეს “პატრიოტთა ალიანსის” სლოგანია. მათი მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი დასახელდა. მისივე თქმით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს და შესაბამისად, მისი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის სამოქმედო პროგრამა სოციალურ თემაზეა ორიენტირებული. ირმა ინაშვილი წვრილი ბიზნესების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ერთი პროცენტი მსგავს ბიზნესს ხელს შეუწყობს. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ წვრილი ბიზნესის დასახმარებლად ფონდი შეიქმნება.

 

გიორგი გუგავა

“ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა გვპირდება, რომ უმალ ჩვენთან გაჩნდება, როგორც კი ვინმე დაგვჩაგრავს. გიორგი გუგავას სამოქმედო პროგრამა სოციალური პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული, რაც მემარცხენე იდეოლოგიის პარტიისგან გასაკვირი სულაც არაა. მერად არჩევის შემთხვევაში კი, პირველი, რასაც გუგავა გააკეთებს, ისაა, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ნებისმიერ ჩინოვნიკს ჩამოართმევს პერსონალურ ავტომობილებს. გუგავას მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხალხზე უნდა ზრუნავდეს ანუ თბილისის მუნიციპალიტეტმა კომუნალური ტარიფების შემცირებაზე უნდა იზრუნოს და ქალაქს თავისი მეურნეობა _ წყლისა და გაზის კომპანიები დაუბრუნოს. შეჭირვებული მოსახლეობის, კომუნალური გადასახადების გადახდის მიზნით, დაფინანსება და მისთვის ვაუჩერების დაწესება გუგავას სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია. ასევე, მერობის კანდიდატის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში მეორე დღესვე თბილისიდან გააძევებენ “სითი-პარკს”.

წინ არჩევნებია და ვნახავთ თუ რომელი კანდიდატი მოახერხებს ნდობის მანდატის მოპოვებას ქალაქის სამართავად. წლევანდელ არჩევნებში საკუთარ მერს და საკრებულოს ხუთი თვითმმართველი ქალაქი და 59 მუნიციპალიტეტი აირჩევს.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

 

Share