Home » ფინანსები » “აფბა” – 2018 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზეა მორგებული
"აფბა" - 2018 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზეა მორგებული

“აფბა” – 2018 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზეა მორგებული

როგორია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები და ფისკალური რისკები

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. საკითხზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა სააგენტო „კვირას“ პრეს-კლუბში ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენის პროცესში მთავრობამ პირველ სათანადოდ უნდა გააანალიზოს ის ეკონომიკური და სოციალური რეალობა, რაც ქვეყანაში არსებობს და შესაბამისად მიიღოს იმგვარი გადაწყეტილებები, რაც მოქალაქის ცხოვრებას შედარებით უკეთესს გახდის. – „ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ბიუჯეტიდან გაზრდილი დაფინანსება ჯანდაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე მისასალმებეია, ვინაიდან, სახელმწიფომ მოქალაქისთვის უნდა უზრუნველყოს ის ელემენტარული მინიმუმი, რაც ერთი მხრივ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას უკავშირდება, ხოლო მეორე მხრივ იმ ელემენტარულ საარსებო მინიმუმს, რითაც სოციალურად მოწყვლადი ადამიანები თვიდან თვემდე არსებობას შეძლებენ, მსგვასი კატეგორიის მოსახელობის წილი კი საქართველოში სადაც 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საგანგაშოდ დიდია, 2016 წლის მონაცემებით სულ 382 950 ოჯახი არის რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღებად, საიდანაც დაახლოებით 1/3 იღებს შემწეობას“ – განაცხადა გულბანმა.

შოთა გულბანი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზეც ამახვილებს ყურადღებას – „არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდშია. მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები არსებობს მრავალი მიმართულებით, მათ შორის პრიორიტეტულად სიღარიბის დაძლევა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის სისუსტესთან, შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტთან, მეწარმეობრივი სულისკვეთების არ არსებობასთან და კიდევ სხვა მრავალ მომიჯნავე პრობლემასთან. გარდა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა, ბუნებრივია საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კომპონენტია გამართული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ეს ის საკითხებია, რასაც მთავრობა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მთავარ პრიორიტეტებად მიიჩნევს. კარძოდ  111,2 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება და ის 3,527,0 მილიონს შედაგენს, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28,5%-ა. 572 მილიონით იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და 62,6 მილიონი ლარით იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიუჯეტი მეტწილად მოქალაქეზე არის მორგებული“ – აცხადებს გულბანი.

„რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, ჯამში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 038.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 245,3 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია, საიდანაც საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები – 1 288.0 მლნ ლარს შეადგენს, მსოფლიო ბანკისგან მისაღები საბიუჯეტო კრედიტი – 350.0 მლნ ლარს, ხოლო სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა – 400.0 მლნ ლარით იზრდება.

 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, მთლიანი სახელმწიფო ვალის 78% მოდის საგარეო, ხოლო 22% საშინაო სექტორზე. საგარეო ვალიდან 57% მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალდებულებას წარმოადგენს, 13% ორმხრივი, ხოლო 8% ევრობონდები. მრავალმხრივი კრედიტორებიდან დომინანტური პოზიცია უკავიათ მსოფლიო ბანკს და აზიის განვითარების ბანკს, რომელთა წინაშე არსებული ვალდებულება შესაბამისად 5,206,757 მილიონს და 2,911,347 მილიონს წარმოადგენს, მათ მოსდევს ევროპის საინვესტიციო საბჭო 1,267,434 მილიონით. რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ამ კუთხით გერმანია ლიდერობს, რომლის წინაშე არსებული ვალი 870,572 მილიონს შეადგენს. მას მოსდევს იაპონია 634,583 მილიონით და საფრანგეთი 455,924 მილიონით.

სახელმწიფო საგარეო ვალი სავალუტო სტრუქტურის მიხედვით, 2017 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შემდეგნაირად არის განაწილებული: 33% აშშ დოლარი, 20% ევრო, 42% SDR(ნასესხობის სპეციალური უფლება) და 5% სხვა ვალუტა.

სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 1,015 მილიონი ლარი, საიდანაც 725 მილიონი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 290 მილიონი ლარი – პროცენტის თანხას.

საშინაო ვალიდან მნიშვნელოვანი წილი მოდის ფინანსთა სამნისტროს სახაზინო ობლიგაციებზე – 2,060,103 მილიონი, ასევე სახაზინო ვალდებულებებზე – 762,426 მილიონი. აგრეთვე ეროვნული ბანკისთვის განკუთვნილი ერთწლიანი ყოველწლიურად განახლებადი სახელმწიფო ობლიგაცია – 280,846 მილიონი და სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისთვის – 152,000 მილიონი. ჯამში ე.წ. ისტორიული ვალის გათვალისწინებით საშინაო ვალი 3,927,700 მილიონს შეადგენს. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია საშინაო ვალდებულებების მოსალოდნელი კლება 1 250,000 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვა – 1,215,000 ათასი ლარის ოდენობით და სახელმწიფო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას (სებ-ის მიმართ ვალი) – 35,000 ათასი ლარის ოდენობით” – განმარტავს გულბანი.

მისივე თქმით, მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტში ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით დაგეგმა და 2018 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4,5%-ის ნიშნულზე გაითვალისწინა – „საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2018 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 40.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 51,9 მლრდ ლარამდე. მთავრობას ამ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, ერთის მხრივ ბიზნესსექტორში პროდუქციის გამოშვების ზრდა 18%-ით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ხოლო მეორე მხრივ 30 ათასი ადამიანით გაზრდილი დასქმების მაჩვენებელი, ასევე მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად კერძო სექტორში დარჩენილი დაახლოებით 240 მილიონი ლარი, პლუს პირდაპირ უცხოური ინვესტიციებში რეინვესტირების 250%-ით გაზრდილი მაჩვენებელი(პირველი კრავრტლსი მონაცემებით)

რაც შეეხება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, 2018 წელს 3% იქნება, რაც შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმისტური პროგნოზია, ვინაიდან ერთის მხრივ ბიუჯეტი დაგეგმილია ლარი დოლართან 2,5-ის ნიშნულზე, რაც არ ქმნის ლარის გამყარების საფუძველს, ხოლო მეორე მხრივ აქციზური გადასახადების ზრდასაც ექნება თავისი გავლენა, შესაბამისად 3%-ანი ინფლაციის დაჭერა ნაკლებ სავარაუდოა.

3,3%-ის ოდენობით არის დაგეგმილი 2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი, რაც შემცირებული მაჩვენებელია. პარალელურად მნიშნელოვან პრობლემად მიიჩნევა მიმდინარე ანგარიშის ბალანსის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც 2016 წელს 13,5% იყო, ხოლო 2017 წლის პირველ კვარტალში 11,8% შეადგინა. საშუალოვადიან პერიოდში მთავრობა ეკონომიკური პროგრამების განხორციელებით და სტრუქტურული რეფორმებით გეგმავს ეკონომიკაში დანაზოგების ზრდას, რამაც დეფიციტი მდგრად დონემდე უნდა შეამციროს“ – განაცხადა შოთა გულბანმა სააგენტო „კვირას“ პრეს-კლუბში სტუმრობისას.

Share