Home » ფინანსები » გიორგი გახარია – დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა მოქალაქეების გარკვეული სეგმენტისთვის სავალდებულო იქნება
გიორგი გახარია - დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა მოქალაქეების გარკვეული სეგმენტისთვის სავალდებულო იქნება

გიორგი გახარია – დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა მოქალაქეების გარკვეული სეგმენტისთვის სავალდებულო იქნება

დღევანდელი მოდელით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა მოქალაქეების გარკვეული სეგმენტისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპენსიო რეფორმის საჯარო განხილვები გარკვეული ფორმით უკვე დაწყებულია.

“უნდა მოხდეს ჯერ საპენსიო რეფორმის ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვები, რომლის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. შემდეგ ეს კანონმდებლობა უნდა მოიწონოს მთავრობამ და შემდეგ უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს ყველაფერი მოხდება წლის ბოლომდე. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა დაიწყება მომავალი წლის მესამე კვარტლიდან”, – განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება მოდელს, გახარიას განცხადებით, განხილვები არის იმისთვის, რომ მასში შეიძლება შეტანონ გარკვეული ცვლილებები, თუმცა დღეის მოდელია 2+2+2, რომლის თანახმადაც, დასაქმებული ყოველთვიურად თავისი ხელფასის 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი, თავის მხრივ, კიდევ 2%-ს იხდის, 2% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ემატება.

“მოქალაქეების გარკვეული სეგმენტისთვის ეს არის სავალდებულო. გლობალურად რომ შევხედოთ, გამოდის, რომ არის ნაწილობრივ სავალდებულო”, – განაცხადა გახარიამ, თუმცა ეს სეგმენტი არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის დასძინა, რომ ამის განმსაზღვრელია მოქალაქის ასაკი.

Share