Home » საზოგადოება » თემურ ჭყონიას რჩევები თბილისის მომავალ მერს
თემურ ჭყონიას რჩევები თბილისის მომავალ მერს

თემურ ჭყონიას რჩევები თბილისის მომავალ მერს

ბიზნესმენი  თემურ ჭყონია თბილისის მერობის კანდიდატებს რჩევას აძლევს. მისი განცხადებით, თბილისის ახალი  მერის  პირობებში,  თბილისმა ბიუჯეტში ახალი გადამხდელები უნდა შექმნას. ჭყონიას განცხადებით, აუცილებელია დედაქალაქში შეიქმნას ახალი სახეები, ბიზნესსუბიექტები და რაც მთავრია, აქცენტი ყოველთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ მოთხოვნილებაზე  გაკეთდეს,  რაც ახალგაზრდა თაობას გააჩნია.

„ძველი უნდა დაივიწყოს ყველამ და ახლის შენება უნდა დაიწყოს. ეს მთავარია. თბილისი უნდა იყოს მაჩვენებელი იმისა, თუ  როგორ ჯანსაღდება ადამიანი და როგორ შოულობს სამუშაო ადგილს. ძალიან მომწონს დევიზი  – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. თბილისი ისტორიულად იყო ცენტრი კულტურის, განათლების, გართობის, კარგი რესტორნების და ასე შემდეგ. ეს ასე უნდა გაგრძელოდეს. არ უნდა იყოს კონცენტრაცია მხოლოდ სოციალურ მიმართულებაზე, პენსიებზე, არ უნდა იყოს დაპირებებით ამომრჩევლის გადაბირება. უნდა იყოს რეალური პროექტები. დღეს თბილისში ძალიან ბევრი ტურისტია. ვფიქრობ, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.  აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თბილისი ტურისტული  ცენტრი გახდეს“-აცხადებს ჭყონია.

სოციალური მიმართულება და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება – ეს ის საკითხებია, რაზეც აქცენტი,  ბიზნესმენის განცხადებით, ახალმა მერმა არ უნდა გააკეთოს. ჭყონიას განცხადებით, პენსიები უნდა  გაიზარდოს შემოსავლების გაზრდით და არა მხოლოდ ბიუროკრატიის შემცირებით.

„მარტო ხარჯების შემცირებით არ შეიძლება ცხოვრების დონის გაზრდა. შესაძლებელია ხარჯების შემცირებით, გარკვეულ მომენტში წინ წახვიდე, თუმცა, ეს ეკონომიკის გაჯანსაღების დასაწყისი ვერ იქნება.  გამოსავალია,  სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე ბიზნესის განვითარება, რა თქმა უნდა, ხარჯების ოპტიმიზაცია და რაც შეიძლება მიმზიდველი სერვისი. ვგულისხმობ, სერვისს, კულტურას, ეკოლოგიას, ინფრასტრუქტურას, არქიტექტურას“-აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენი ნარმანიას მერობის პერიოდსაც აფასებს და აცხადებს, რომ მისი გადმოსახედიდან ამჟამინდელმა მერმა, განსაკუთრებით,   ბოლო პერიოდში,  ძალიან სერიოზული პროექტები განახორციელა. მაგალითად, პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია და ა.შ.

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ასეთ რამეს – ნებისმიერი მერი ვინც მოვა, არ უნდა დაიწყოს წინამორბედის  შეფასება. ეს  მხოლოდ ხალხს შეუძლია. ახალმა მერმა უნდა გააგრძელოს რაც იყო კარგი, დაივიწყოს ცუდი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს  წარსულის ქექვა და წარსულში ცხოვრება. მთავარი შედეგიანი მომავალია“-აცხადებს ჭყონია.

წყარო: commersant.ge

Share