Home » ეკონომიკა » ბიტკოინის გაუფასურების ქრონოლოგია
ბიტკოინის გაუფასურების ქრონოლოგია

ბიტკოინის გაუფასურების ქრონოლოგია

რემი ურუმაშვილი – როგორც თანამედროვე სახელმწიფო ვერ აკრძალავს ინტერნეტის გამოყენებას, ისე ვერ აკრძალავს „ჯეი-პი მორგანი“ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას

არ იქნება გადამეტებული შეფასება, თუ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეს კრიპტოვალუტის, კერძოდ ბიტკოინის აღზევების ხანას ვუწოდებთ. გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ბიტკოინის მოღვაწეობის ზღაპრული პიკი 2 სექტემბერი გახლდათ, როდესაც ერთი ბიტკოინის ღირებულება 5000 დოლარს უტოლდებოდა. მისი შესყიდვისა და წარმოების სიხშირე კი ყველა პერსონალურ რეკორდს ამყარებდა.

განსხვავებული აღმოჩნდა სექტემბრის პირველი ორი კვირა. 2 სექტემბრიდან მოყოლებული ბიტკოინის ღირებულება ერთბაშად 5 ათასი დოლარიდან 3 ათას დოლარამდე შემცირდა, 16 სექტემბრის მონაცემებით კი 3 600 დოლარს შეადგენს.

აღნიშნული ცვლილება რიგის ფაქტორების გარდა ჯაჭვურმა რეაქციამ გამოიწვია. პირველი სერიოზული დარტყმა, რომელიც ბიტკოინმა მიიღო, ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა. კრიპტოვალუტების ყველაზე მსხვილი მაინერი სწორედ ჩინეთი გახლდათ, გლობალურ ბაზარზე ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების გაცვლის 26%-ც ჩინეთზე მოდის. ჩინეთის ხელისუფლებამ ჯერ იყო და ახალი კრიპტოვალუტების შეთავაზებით თანხის მობილიზება  აკრძალა, ხოლო 11 სექტემბერს დააანონსა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთლიანი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალებოდა ვირტუალური ვალუტის გადაცვლა. ჩინეთის მმართველი გუნდის მიერ ამ გადაწყვეტილების განხოციელების მოტივად ქვეყანაში არსებული კაპიტალის “გადინების” შეჩერება დასახელდა. ამ რეგულაციების მოლოდინის რეჟიმში, ბიტკოინის ღირებულება 24 საათში 500 დოლარზე მეტით შემცირდა. ბლუმბერგის ცნობით, ჩინურმა ბლოკჩეინ კომპანიებმა სამუშაოების შეჩერების განკარგულება ოფიციალური პირებისგან უკვე მიიღეს.    

ამ მოვლენებიდან ორი დღის შემდეგ, ბიტკოინმა ახალი დარტყმა მიიღო. 13 სექტემბერს უცხოური ეკონომიკური მედიის მთავრი გვერდები JP Morgan-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმი დაიმონის განცხადებამ დაიკავა. „ბიტკოინი არის აფიორა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აფეთქდება“, – ეს სიტყვები ჯეიმი დაიმონს ეკუთვნის. „ეს ვალუტა არ იმუშავებს. შეუძლებელი აწარმოო საქმიანობა, სადაც ხალხს ინვესტიციის განხორციელება ჰაერიდან შეუძლია“. აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში ბიტკოინის ღირებულების ტრენდი კვლავ დაღმავალი გახდა და საერთო ჯამში 10%-ით შემცირდა, ინვესტორებმა (ე.წ. მაინერებმა) კრიპტოვალუტის გაყიდვა დაიწყო.

ბიტკოინზე განხორციელებული დარტყმების რიგში ჯერჯერობით უკანასკნელი რუსეთის მთავრობა, კერძოდ, ცენტრალური ბანკი გახლავთ. ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდებოდა განცხადებები, რომლებიც კეიმი დაიმონის სკეპტიკური დამოკიდებულების მატარებელი გახლდათ. ამ მოსაზრებას იზიარებენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ელვირა ნაბიულინა და რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი.

„ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი და ჩინეთის ხელისუფლების პოზიცია სრულ თანხვედრაშია. ჩვენი ხედვით კრიპტოვალუტა ფინანსური პირამიდის სქემის მატარებელია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს“, – განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა დიმიტრი სკობელკინმა.

ჩვენთვის აღნიშნული მოვლენები მეტად საინტერესო გახლავთ, რაც იმის დამსახურებაა, რომ კრიპტოვალუტის ემიტენტი „ბითფიური“ გახლავთ, რომელიც ქართულ ბაზარზე ბლოქჩეინის პიონერია. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველო თანამედროვე მსოფლიო ტენდენციების მიმდევარია.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვლენებმა ექსპერტულ წრეში ნეგატიური გამოხმაურება ჰპოვა. გამოსარჩევია საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრის დავით იაკობიძის პოზიცია, რომელიც მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, ბიტკოინი, ისე როგორც სხვა ტიპის კრიპტოვალუტა არაფრით არაა და  აუცილებლად დადგება მისი ლიკვიდურობის პრობლემა.

„უფრო და უფრო გაძლიერდა ამ თემაზე საუბარი. უკვე “ექსპერტებიც” გამოჩნდნენ, ბაზარზე მისი “კოტირების” პროგნოზებს, რომ გვთავაზობენ. საქმე სერიოზულ ფორმატს იღებს.

ბიტკოინს ბევრი მზრახველი ყავს, მათ შორისაა საინვესტიციო საქმის დიდოსტატი, უორენ ბაფეტი და სხვა. მისი ღია მქებელი და პროპაგანდისტი ცნობილ ეკონომისტებსა და ფინასისტებს შორის არ შეინიშნება. არც აქ საქართველოში, რომელიც “კრიპტოფულის” პოპულარობით ბევრ დიდ და განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამ ფინანსური ინსტრუმენტით “თამაში” სერიოზულ სოციალურ პრობლემების გამოწვევას გვიქადის, თუ ამ თემაზე დროულად ხმა არ აღიმაღლეს იმათმა, ვისაც ეს პასუხისმგებლურად ეხება.

საქმე ისაა, რომ ბიტკოინი, ისე როგორც სხვა ტიპის “კრიპტოფული” არაფრით და არავისგანა არაა უზრუნველყოფილი. მისი აქცეპტირება შეუძლებელია და რადგან სასრული ერთეულია, აუცილებლად დადგება მისი მფლობელების წინაშე, მისი ლიკვიდურობის (ჩაქრობის) ამოცანა“, – წერს დავით იაკობიძე.

აღნიშნული მოვლენების შეფასება ვთხოვეთ „ბითფიურის“ წარმომადგენელს რემი ურუმაშვილს. მისი მოსაზრებით, მიმდინარე გაუფასურება პანიკის საფუძველს არ იძლევა, ხოლო კონკურენტების მიერ გაკეთებული განცხადებები არასერიოზულია.

 

„ჩემი შეფასებით, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ეს არის ფასის უბრალო კორექტირება, რაც ჩვეულებრივი ამბავია. რაც ნამდვილად ნეგატიური მოვლენა იყო, ესაა ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვა. მაგრამ, ჩემთვის ეს დამოკიდებულებაც არასერიოზულია. ეს იგივეა, 21-ე საუკუნეში სახელმწიფომ ინტერნეტის მოხმარება აკრძალოს. ანალოგიურად, სერიოზულად ვერ აღვიქვამ დაიმონის განცხადებას, ეს იგივეა 90-იან წლებში „ტელეკომს“ „სკაიპით“ დარეკვა აეკრძალა“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას რემი ურუმაშვილმა.

რემი ურუმაშვილი განცხადებით, გლობალურ ბაზარზე მიმდინარე მოვლენები არანაირ გავლენას არ იქონიებს „ბითფიურის“ საქმიანობაზე საქართველოში და არსებულ რეჟიმში გაგრძელდება ბლოკჩეინის სისტემის განვითარება.

„მიმდინარე მოვლენები ჩვენს საქმიანობაზე გავლენას ვერ იქონიებს და ჩვენ ანალოგიურ რეჟიმში გავაგრძელებთ ბაზარზე  ოპერირებას. კრიპტოვალუტების ბაზარი მსოფლიოსთვისაც ახალი ხილია, ეს სფერო მიმდინარე განვითარების სტადიაზეა. იქნება რყევებიც, ნეგატიური და პოზიტიური განცხადებებიც. როგორც თანამედროვე სახელმწიფო ვერ აკრძალავს ინტერნეტის გამოყენებას, ისე ვერ აკრძალავს „ჯეი-პი მორგანი“ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას. ეს არის პროგრესი, პროგრესს კი წინ ვერ აღვუდგებით“, – განაცხადა ურუმაშვილმა.

გიორგი კ. კაპანაძე

Share