Home » ეკონომიკა » “თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს თავისუფლად შეუძლია მიიღოს 10-15 მილიონი ვიზიტორი”
"თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს თავისუფლად შეუძლია მიიღოს 10-15 მილიონი ვიზიტორი"

“თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს თავისუფლად შეუძლია მიიღოს 10-15 მილიონი ვიზიტორი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი“ დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა.

პრემიერმა კურორტის განვითარების უდიდეს პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელს, თამაზ მჭედლიძეს ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ჩვენს ქვეყნაში ალტერნატიული მედიცინის განვითარებაში შვეიცარიასთან თანამშრომლობა უდიდეს როლს შეასრულებს.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც ვფიქრობ, უდიდესი რესურსი და განვითარების პერსპექტივა აქვს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტების სულ უფრო მზარდ მაჩვენებელს. წელს 30%-იანი ზრდა გვაქვს და ვფიქრობ, თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს შეუძლია, სრულიად თავისუფლად უმასპინძლოს წელიწადში 10-15 მილიონ ვიზიტორს. ჩვენ უკვე შარშან გადავაბიჯეთ 6-მილიონიან მაჩვენებელს, წელს ვფიქრობთ, 7 მილიონს მივუახლოვდებით და თუ ამ ტემპით ვიარეთ, დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ, 10 მილიონს გადავაჭარბოთ. 15 მილიონი კი, საქართველოსთვის ის მაჩვენებელია, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ – მიკროგრანტების პროგრამა, “აწარმოე საქართველოში”, აგროტურიზმის განვითარება, ყველაფერი მივაბათ ტურიზმს, რათა ადამიანმა დაინახოს უმნიშვნელოვანესი კავშირი, რომელიც არსებობს თითოეულ დამატებით ჩამოსულ ტურისტსა და საქართველოში თითოეული ადამიანის კეთილდღეობას შორის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კოჯორში მდებარე კურორტი „ბიოლი“ საქართველოსთვის ინოვაციური ნაბიჯია, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. პროექტში 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

 

Share