მთავარი » ფინანსები » ნავთობი მსოფლიო ბაზარზე იაფდება, საქართველოში კი ძვირდება
ნავთობი მსოფლიო ბაზარზე იაფდება, საქართველოში კი ძვირდება

ნავთობი მსოფლიო ბაზარზე იაფდება, საქართველოში კი ძვირდება

პარასკევს, 11 აგვისტოს,  მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა. მიუხედავად აბუ-დაბიში გამართული OPEC+ შეხვედრისა, რომელიც ნავთობის ჭარბი მოპოვების შეზღუდვის შესრულების საკითხი უნდა გაეკონტროლებინა, აშშ-ში, სირიაში, ლიბანსა და ნიგერიაში ნავთობს მაინც ჭარბად მოიპოვებენ და ბაზრის რებალანსირება რთულდება.

ივლისის თვეში OPEC-ის წევრ ქვეყნებში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 173.000 ბარელით გაიზარდა.

Brent-ის მარკის ნავთობი დღეს, 11 აგვისტოს 0,62%-ით გაიაფდა  და 1 ბარელის ფასი უკვე 51,58 აშშ დოლარია. ნავთობით ვაჭრობის აქტივობამ კი მთელ მსოფლიოში 1,5%-ით დაიკლო.

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასის დაცემის პარალელურად საქართველოს საცალო ქსელში საწვავზე ფასების გაძვირება დაიწყო.  არაბრენდირებულ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასმა 3-დან 5-თეთრამდე მოიმატა. ბოლო თვეების განმავლობაში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 47-დან 53-დოლარამდე დიაპაზონში მერყეობდა.

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდებოდა აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგის შემცირებას. 2017 წლის იანვრის შემდეგ აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგი ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული და სატრანსპორტო სეზონი პიკზეა, ამიტომაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნა მატულობს. მოთხოვნის გაზრდასთან ერთად კი ფასები მატულობს. საქართველოს საცალო ქსელში საწვავზე ფასების მატება კი ამით უნდა აიხსნას, რადგან საწვავის ქართული ბაზარი დიდათ არ გამოირჩევა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ფასების ტენდენციის, განსაკუთრებით კლების ადეკვატური ასახვით.

ბაჩო ჯინჭარაძე