Home » ეკონომიკა » რთველის სუბსიდირებიდან მთავრობის ნაწილობრივ გამოსვლამ შესაძლოა დარგი დააზარალოს
რთველის სუბსიდირებიდან მთავრობის ნაწილობრივ გამოსვლამ შესაძლოა დარგი დააზარალოს

რთველის სუბსიდირებიდან მთავრობის ნაწილობრივ გამოსვლამ შესაძლოა დარგი დააზარალოს

სპეციალისტები და ღვინის კომპანიის წარმომადგენლები მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებენ

საქართველოში რთველის აჟიოტაჟის ფონზე ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. წლების განმავლობაში, სუბსიდიას მიჩვეული გლეხებისთვის ყურძნის ფასი ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ხდება ხოლმე. წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კახეთის რეგიონში რთველის სუბსიდირებიდან გამოდის. აღნიშნული შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმში სახვანჭკარე ჯიშებზე – ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე – 1 კილოგრამზე დაახლოებით 2 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2017 წლის რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობას ახლებური მიდგომა ექნება, რის საფუძველსაც მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობა იძლევა.

„ბოლო წლების ღვინის ექსპორტის ტენდენცია მზარდია და მეღვინეობის დარგის მიმართულებით კონიუნქტურა ძალიან გაჯანსაღებულია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რთველის პროცესი ჩაივლის ორგანიზებულად და კერძო სექტორის მხრიდან იქნება დიდი დაინტერესება და მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის გადამუშავების ნაწილში სუბსიდია საჭირო აღარ იქნება ძირითად ინდუსტრიულ ჯიშებზე როგორც საფერავზე, ისე რქაწითელსა და კახურ მწვანეზე“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს ბრენდის წარმოების ხელშეწყობას სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტებით.

„ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ბრენდის ხარისხი და შესაბამისად წარმოების პროცესი არის გაუმჯობესებული და გვექნება კომპენსაცია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აწარმოებენ ბრენდს და ყურძნის კონცენტრირებულ ტკბილს, ისინი მიღებენ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან 35 თეთრს, რომ მათი საფასო პოლიტიკა იყოს კონკურენტუნარიანი და ჰქონდეთ მეტი მოტივაცია პროცესში ჩასართავად. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საბრენდე სპირტის წარმოებას, რომელიც შემავსებელი ინდუსტრიაა ღვინის სექტორთან ერთად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დარგის გაჯანსაღების მიზნით გარკვეული სიახლეები იგეგმება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც.
„დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ შემთხვევაში შეგვაქვს ცვლილებები ღვინის სპეციფიკაციაში, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან „ხვანჭკარის“ გადამუშავების პროცესი უნდა მოხდეს უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეა რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა და ღვინის კომპანიებს ვაძლევთ, ვადას, რომ 2019 წლისთვის დაიჭირონ თადარიგი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია: დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 24 ახალი საწარმო (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), გაფართოებულია 48 საწარმო (ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია 5 123 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი, აქტიურად მიმდინარეობს საქსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, სტაბილურად მზარდია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის ტენდენცია და, შესაბამისად, კომპანიების მხრიდან გაზრდილია მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

2017 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით. ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები.

წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

ეკონომისტის ექსპერტი გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რთველის სუბსიდირებიდან ნაწილობრივ გამოსვლასთნ დაკავშირებით, არასწორია. მისი თქმით, ადრე თუ გვიან ქვეყანაში რთველის სუბსიდირება უნდა შეწყდეს, თუმცა, მისი მტკიცებით, ახლა ამის გაკეთება დროული არ იყო.

„ჩვენ ვიცით ევროპული გამოცდილება, იგივე საფრანგეთში,რომელიც არის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ამ ბაზარზე, იქ დღემდე სუბსიდირების რეჟიმში მუშაობს ეს დარგი. ამის მიზეზი არის ის, რომ იქ სტრატეგიული ამოცანაა საექსპორტო ბაზრის შენარჩუნება და მისი კიდევ უფრო განვითარება“ – აცხადებს ხუხაშვილი.
მისი მტკიცებით, სუბსიდირების პროგრამის რამდენიმე წლით მუშაობა საკმარისი არ არის. ხუხაშვილი განმარტავს, რომ ეს არის ათეულ წლებზე გათვლილი სტრატეგია და თუ საქართველო მიჰყვება იმას, რომ გაფართოვდეს საექსპორტო ბაზრები, დღეს ამის შეწყვეტა ამ სტრატეგიის განხორციელებას ხელს შეუშლის.
„მხედველობაში არ მაქვს კონკრეტული სოციალური თემები და ადგილზე გლეხების ხელშეწყობა. სოციალურ ასპექტს ხაზს არ ვუსვამ. ვსაუბრობ, დარგის განვითარების სტრატეგიაზე. არ შეიძლება ეს რამდენიმე წლით უნდა შემოიფარგლებოდეს. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოში ღვინის ბაზარი დამძიმებულია, ანუ მიწოდება აღემატება მოთხოვნას და თუ ჩვენი სტრატეგიაა საექსპროტო ბაზრების განვითარება, უნდა არსებობდეს მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა. განა იმიტომ, რომ გლეხებს დავეხმაროთ, არამედ იმისთვის, რომ საექსპორტო ბაზრები განვავითაროდ“ – აცხადებს ხუხაშვილი.

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, რატი აბულაძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობა ეს არის სექტორი, სადაც პოლიტიკურ მიზნებსა და სამთავრობო პროგრამებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სფეროს განვითარებისათვის. შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ამ სფეროში სახელმწიფო მიზნების მიღწევისათვის.

მისი შეფასებით, სუბსიდია, როგორც „დახმარების“ სახელმწიფო ფორმაა, აღქმული უნდა იქნას როგორც სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული საჭიროება. რაც პირველ რიგში ფერმერულ ოჯახებს აძლიერებს.

,,სუბსიდირების პოლიტიკა შეიძლება განხილული იქნას, როგორც ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების საშუალება, სოფლად მოსახლეობის „შენარჩუნების სტრატეგია“, სოციალური უთანასწორობის შემცირების ღონისძიება, ფასების შემცირების მიდგომა, უცხოური კონკურენციისგან ადგილობრივ მწარმოებლების დაცვის ღონისძიება, რისკების შემცირების ღონისძიება, მცირეშემოსავლიანი მიწების დამუშავებისა და მწარმოებლურობის ზრდის ხელშემწყობი მიდგომა” – აცხადებს აბულაძე.

რატი აბულაძე განმარტავს, რომ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანა საჭიროებს აგრო-სუბსიდირების რეჟიმს, სუბსიდირების ღონისძიებები უნდა იყოს მოქნილი ინსტრუმენტი, რომელიც, როგორც ბერკეტი გამოყენებული უნდა იქნას სოციალური და ეკონომიკური შედეგისთვის. თითოეული ფერმერული ოჯახი საჭიროებს სხვადასხვა სახის დახმარებას. ამიტომ, საჭიროა მათი კატეგორიზაცია, რაც მთავრობას შესაძლებლობას მისცემს თითოეული ოჯახის მოთხოვნილება უზრუნველყოს სუბსიდირების სხვადასხვა სქემით; სუბსიდირება უნდა მოხდეს მიზნობრივად და მკაცრად გაკონტროლდეს მიზნობრიობაც. აღიარებულია, რომ სუბისდირების არაეფექტიანობას განაპირობებს არაეფექტიანი მმართველობა. ცალკეულ შემთხვევაში სუბსიდირება შეიძლება ეკონომიკურად გამართლებული არ იყოს, მაგრამ სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებელია. რეალობა ცხადყოფს, რომ სუბსიდირება საჭიროა იმისათვის, რომ შემცირდეს სურსათის იმპორტის მოცულობა; დაძლეული იქნას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი. ბუნებრივია, გრძელვადიან პერსპექტივაში სუბსიდირების პოლიტიკა გადასახედია, თუმცა არსებული ეკონომიკის მოცულობისა და ეკონომიკური პროგრამების პირობებში, სუბსიდირების პოლიტიკის ცვლილება მიზანშეწონილი არ არის; როდესაც ქვეყანა გახდება ეკონომიკურად განვითარებული, მაშინ ცალსახად საჭირო იქნება სუბსიდირების რეჟიმის ცვლილება/გაუქმება.

სპეციალისტებისგან განსხვავებით მთავრობის გადაწყვეტილებას იწონებს ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი. მისი ინფორმაციით,ამ შემთხვევაში ყურძნის ფასის ფასწარმოქმნაში ჩაერთვება საბაზრო მექანიზმები და არც სახელმწიფოს და არც სხვა დანარჩენი მხარის ზეგავლენა არ იქნება. მისი თქმით, ყურძნის ფასი იქნება ის, რაც მისი რეალური საბაზრო ღირებულებაა.

როგორც რამაზაშვილი აცხადებს, ეს გაზრდის კონკურენტულ გარემოს და ყურძნის ხარისხიც მრავალწლიანი პერსპექტივით გაიზრდება. მისი მტკიცებით, უხარისხო ყურძნის მწარმოებელ მეწარმეს მოტივაცია ეკარგება უხარისხო პროდუქცია აწარმოოს. რამაზაშვილი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ფერმერი ვარდება კონკურენტულ გარემოში და იძულებული ხდება უკეთესი ყურძენი აწარმოოს, რათა შემდეგ მისთვის მისაღებ ფასად გაყიდოს.

რამაზაშვილის მტკიცებით, როდესაც სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ახდენდა, ეს მოტივაცია არ არსებობდა. მისი მტკიცებით, ასეთ დროს ფერმერს მინიმალური ფასის მიღების იმედი მაინც რჩებოდა.
„საბოლოო ჯამში, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. დღეს ამ მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლოა, ვინმე უკმაყოფილო დარჩეს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ფერმერს, რომელმაც ვერ მოიყვანა სათანადო ხარისხის ყურძენი და მისი რეალიზება ან სასურველ ფასად ან საერთოდ ვერ მოახდინა. ამ სიტუაციაში მოიგებს როგორც მეწარმე, ფერმერი, ასევე ღვინის კომპანია. ფერმერი იმიტომ, რომ ის მიიღებს რეალურად საბაზრო ფასს, კომპანია კი ხარისხიან ყურძენს, შესაბამისად, უკეთეს ღვინოს, რომელიც შესაძლოა, უფრო მაღალ ფასად გაყიდოს“ – აცხადებს რამაზაშვილი.

რაც შეეხება რთველი 2017-ის ფარგლებში ყურძნის საბაზრო ფასს, რამაზაშვილი აცხადებს, რომ ეს საბაზრო პრინციპით დადგინდება. მისი განმარტებით, წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა ფასი იქნება, რთულია. „ეს იგივეა, რაც ბირჟაზე აქციების ფასის წინასწარ განსაზღვრა. ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდებაზე იქნება დამოკიდებული “-აცხადებს რამაზაშვილი.

მისი განცხადებით, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ ყურძენს გასული წლების მსგავსად მიმდინარე წელსაც ჩაიბარებს. რამაზაშვილის განცხადებით,მთავრობის გადაწყვეტილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყურძენზე რეალურად მოთხოვნა არის. მისი მტკიცებით, ღვინის კომპანიები მზარდი ტემპებით ყიდიან ღვინოს, გაიზარდა როგორც ექსპორტის მოცულობები, გაყიდვები იზრდება შიდა ბაზარზეც.

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონის“ დირექტორი გია შენგელიას ინფორმაციით, დროა, ქვეყანაში ყურძნის ხარისხი გაუმჯობესდეს. შედეგად, მთავრობის ეს გადაწყვეტილება გახდება მოტივატორი იმისა, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს.

შენგელიას განცხადებით, როდესაც ფერმერი სუბსიდიას იღებს, უფრო თამამად არის და გასაღების პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, სუბსიდიის პირობებში მას გარანტირებულად მინიმალური შემოსავალი ჰქონდა. როგორც შენგელია განმარტავს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ფერმები ხარისხს უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას.

მისი მტკიცებით, წელს ყურძენზე წინასწარი გათვლებით დიდი მოთხოვნა იქნება, რაც ფასის ზრდის საფუძველი გახდება. „ყველა შემთხვევაში, წინა წელთან შედარებით ყურძენი უფრო ძვირი იქნება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო კი კომპანიები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ხარისხს, რასაც დიდი მნიშნვნელობა აქვს. კომპანიები წელს გაფართოვდნენ, რეალიზაციაც მეტია. რამდენიმე ახალი კომპანია შემოვიდა ბაზარზე. კახეთში წელს დამატებით, დაახლოებით 4 000 ჰექტარი გახდა მსხმოიარე“ – აცხადებს შენგელია.

ნინა გომართელი

 

Share