მთავარი » ეკონომიკა » “გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც დღეს ფიქსირდება, პრაქტიკულად არაფრის მომცემია”
"გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც დღეს ფიქსირდება, პრაქტიკულად არაფრის მომცემია”

“გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც დღეს ფიქსირდება, პრაქტიკულად არაფრის მომცემია”

საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაა. გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც თავიანთი შინაარსით მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. გაიზარდა საგადასახადო დავალიანების ზღვარი და ის 50 ათასი ლარის ნაცვლად, 500 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნულ საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ “ბიზნესკოდის” ეთერში ისაუბრა.   

– რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას? ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესი მსგავსი ტიპის დანაშაულების რიცხვის გაზრდას?

ცხადია, ყველანაირ დანაშაულზე ადამიანის თავისუფლების აღკვეთით დასჯა მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია. ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას არაერთი დადებითი მხარე გააჩნია, მაგრამ თუ გარემო არ უმჯობესდება ნორმა დარჩება ნორმად და უფრო მეტ ზიანს მოუტანს ბიზნესს. თუ სამართლებრივი ინფრასტრუქტურა არ უმჯობესდება, თუ ქვეყანაში ფინანსები ხელმისაწვდომი არაა, თუ სახელმწიფო შესყიდვების სტრუქტურა შეუღწევადი და უპერსპექტივოა, რა თქმა უნდა, ადამიანი მიმართავს საგადასახადო მანიპულაციებს.

მართალია, ეს ფაქტორი ვერ გადაწონის ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციის დადებით ფაქტორებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო.

– მთავრობამ ადგილობრივი წარმოების სტიმულირების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში 10%-იანი ფასდაკლება დაუშვა. თქვენი აზრით, რამდენად არის ეს გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯი?

ეს გადაწყვეტილება გამართლებელი მგონია. ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ ფუნქციონირებს აშშ-ს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა. სისტემა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გავლენა აქვს ეკონომიკაზე და აბალანსებს მიმდანარე პროცესებს.

ქართულ ბიზნესს, არა შეღავათები, არამედ თამაშის სწორი წესები და სწორი დამოკიდებულება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. ?ელისუფლება თუ განაცხადებს, რომ შემდეგ წლებ?ი მას ჭირდება რაღაც რაოდენობა მაღალი ხარისხის საკვები ბიზნესი ცხადია გააკეთებს და მიაწვდის ამ პროდუქტს, ვინაიდან სახელმწიფო არის ერთ-ერთი კარგი გადამხდელი მაგრამ რა შანსი აქვს დღეს ამ მიმართულებით მცირე ბიზნეს პრაქტიკულად არანაირი.

– ბოლო პერიოდში უკრაინულ კომპანიას მისცეს ქართული ჯარის ხორცით მომარაგების უფლება, რა სფიქრობთ ამ “ქეისთან” დაკავშირებით?

მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში არ მოიძებნებოდა ფირმა, რომელიც მოახერხებდა ქართული ჯარით ხორცით მომარაგებას. სადაც უკრაინელები ყიდულობენ ხორცს, იქ ქართველებიც მოახერხებდნენ ამას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული სუბიექტური ფაქტორები იკვეთება.

– პირველი ექვსი თვის ეკონომიკური შეჯამება, რომ გავაკეთოთ სახეზე გვაქვს რიგი გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. მშპ-ს მაჩვენებელი არის გადაჭარბებული 5 თვიან პროგნოზთან შდარებით, ასევე სახეზე გვაქვს ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი. მაგრამ, ჩნდება კითხვა თუ რატომ არ ისახება ეს მაჩვენებლები მოსახლეობაზე ?  

ის მინიმალურად გაზრდილი მაჩვენებლები, რომელიც დღეს ფიქსირდება მშვიდობიან გარემოში არის ძალიან ჩვეულებრივი. თუ ამ მაჩვენებლებს შვადარებთ აბსოლუტურ მაჩვენებლებს, ეს არის პრაქტიკულად არაფრის მომცემი, იმიტომ რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ეკონომიკა არის ძალიან მწირი 14-15 მლრდ წლიური ეკონომიკა არის ძალიან მცირე ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ასეთ ეკონომიკაში პატარ-პატარა გაუმჯობესებები ვერ აისახება მოსახლეობაზე. ყველაზე მთავარია ის ორი ფუნდამენტური შეცდომა, რომელსაც ხელისუფლებები უშვებს. ეს არის ორთოდოქსია და ის მითები, რომელზეც ქართული ეკონომიკური პოლიტიკა იგება. დღეს ეს ორთოდოქსალური და ლიბერალური შეხედულებები არის დაგმობილი მთელს მსოფლიოში. მაგალითად ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის კონტროლი მთავარი კი არ არის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას.

– სისტემურად რომ მიუდგეთ, თქვენ რა შენიშვნები გექნებოდათ ხელისუფლებასთან და რა არის საჭირო იმისათვის, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება მივიღოთ ?  

საჭიროა ერთგვარი კომპლექსური მიდგომა, საჭიროა ანონიმური თამაშის წესები როდესაც ყველა სუბიექტისთვის, რომელებიც ლეგალურ სფეროში მოქმედებენ აბსოლუტურად ერთნაირი მიდგომები იქნება. ასევე მნიშვნელოვანია სამართლებრივი ინფრასტრუქტურის დახვეწა, ფინანსური ხელმისაწვდომობა, ფინანსური ინსტიტუტები, რომელიც ქმნიან საბაზრო ეკონომიკის ჩარჩო კონსტრუქციას და რაც მთავარია, მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთიანი გააზრება. სადაც სებ-ს აქვს თავისი ფუნქცია, ოღონდ არადამოუკიდებელი ფუნქცია, არამედ ამ ერთიანი პოლიტიკიდან გამომდინარე ფუნქცია, რომ მთავრობა იზოლირებული იყოს მისი პოლიტიკის ხელის ხლებისგან. თავის მხრივ, მთავრობაც იგივე პოლიტიკით მოქმედებს, ოღონდ მისი ინსტრუმენტებსი ფარგლებში.