Home » ფინანსები » ივნისში, საქართველოში ფულადი გზავნილები 17,1%-ით გაიზარდა
ივნისში, საქართველოში ფულადი გზავნილები 17,1%-ით გაიზარდა

ივნისში, საქართველოში ფულადი გზავნილები 17,1%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილები – 2017 წლის ივნისში საქართველოში ჩამორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 17.1 პროცენტით გაიზარდა და 117.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 9.4 პროცენტით გაიზარდა და 17.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (2.1-ჯერ) რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 5.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

მაღალი წვლილი, 3.7 პროცენტული პუნქტი, ჰქონდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდასაც. ძირითადი ქვეყნებიდან ფულადი ტრანსფერების ზრდაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია თურქეთიდან (22.2 პროცენტით) და აშშ- დან (14.5 პროცენტით) გზავნილების მატებამ. საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმა (9.5 პროცენტით), რაც ძირითადად იტალიიდან (15.5 პროცენტით), ესპანეთიდან (15.8 პროცენტით) და საბერძნეთიდან (4.1 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ასევე მოიმატა საფრანგეთიდან და გერმანიიდან გზავნილებმა.

რეგიონის ქვეყნებიდან გაზრდილია უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი (34 პროცენტი) და ევროკავშირის ქვეყნები (30 პროცენტი) წარმოადგენენ. ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ს, ისრაელისა და თურქეთის წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

Share