მთავარი » საზოგადოება » ,,სუსტი ხელისუფლება საზოგადოებრივი ცნობიერების რადიკალიზაციას იწვევს”
,,სუსტი ხელისუფლება საზოგადოებრივი ცნობიერების რადიკალიზაციას იწვევს"

,,სუსტი ხელისუფლება საზოგადოებრივი ცნობიერების რადიკალიზაციას იწვევს”

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,ადეკვატური ხელისუფლება გადაუჭრელ პრობლემებზე ზრუნავს, საზოგადოებას მათ რაობაზე ესაუბრება (მედიასთან და ანალიტიკოსებთან ერთად) და გადაჭრის გზებს აანალიზებს. როცა ასე არ არის, პატრიოტიზმი ნაციონალიზმში გადაიზრდება, ეს უკანასკნელი კი ექსტრემიზმის პირმშოა.

,,ერის ავანგარდი“ უანგარიშოდ აპირებს შესცუროს მსოფლიურ ორომტრიალში, მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე. ავტორიტარიზმში პერიოდულად გარდამავალი მყიფე დემოკრატიით, რომლის არსებობასაც სერიოზულად ემუქრება ,,ავტორიტარული დემოკრატიის” მქონე სამეზობლო.

პრაქტიკულად ჩვენი საზოგადოების ეს ნაწილი ასევე მარშზეა. ესეც მისაღები და აბსოლუტურად კანონიერი გზაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ჩვენს ბრძოლაში.

მაგრამ მთლად ასეც არაა საქმე.

მარში (აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი თავისი არსით) ძირითადად თურქეთიდან შემოსულების წინააღმდეგ იყო მიმართული. უცხოელების უმრავლესობას საქართველოში სადღეისოდ ეთნიკური თურქები შეადგენენ. ამ დროს არავის ახსენდება, რამდენი საქართველოს მოქალაქე შოულობს ლუკმა-პურს თურქეთში, რამდენი წელია თანამიმდევრულად უჭერს მხარს თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენზე გაცილებით დიდმა თურქეთმა რადიკალური ნაბიჯები რომ გადადგას ჩენი ქვეყნისა და თურქეთში მომუშავე ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ?

რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი პირველი საკითხი უნდა იყოსო, ამბობენ – ამას მანიფესტაციები საოკუპაციო ხაზთან და დროშების ფრიალი არ ეყოფა და მავანნი პირდაპირ მოგვიწოდებენ რუსეთთან ახალი კონფლიქტის პროვოცირებისკენ, ახალი სისხლისღვრისკენ, რაც რამდენიმე პუნქტით გადასწევს საქართველოს საკითხს ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებზე.

წარმოიდგინეთ, რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ ქართული მიწების ოკუპაციის საკითხი რუსების მიერ მიუახლოვდეს სირიის საკითხს, იემენის თემას, ავღანეთის, უკრაინის კონფლიქტს და ა.შ. და ა.შ. ბევრი ხომ? მანამდე ჩვენი ქალაქები ისევე უნდა იქცეს ნანგრევებად, როგორც ალეპო, დამასკო, ჰომსი, მოსული, ყანდაჰარი, ქაბული… მაინცდამაინც ნანგრევაბად უნდა ვიქცეთ, რომ პრობლემური საკითხების პირველ ათეულში მოვხვდეთ?

აბა, რა გამოსავალს გვთავაზობ, მკითხავს მავანი.

გამოსავალი, რეცეპტი და პანაცეა არ არსებობს. ჩვენი ბრძოლა ვერ იქნება სამხედრო ძალის გამოყენებით, ეს შედეგს არ მოგვიტანს. მშვიდობიანი გზა სუსტებისთვის კი ნაკლებად არის შედეგის მომტანი, თუმცა გამოსავალი მაინც მშვიდობიანი გზაა, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რუსეთის ხელისუფლებასთან, რაც არ უნდა ძნელი, ზოგჯერ შეუძლებელიც არ უნდა იყოს ეს დიალოგი. თუმცა ამაზე სხვადროს .

მკაფიოდ ვამბობ, 14 ივლისის ორივე აქციის მოთხოვნებს ვუერთდები.

მაგრამ გამოსავალი ბერშუეთთან ყიჟინა და არალეგალი უცხოელების დარბევები არ არის, ვერც სისხლიანი კონფლიქტის განახლება მოგვიტანს შედეგს და ვერც გადამთიელებისთვის თავ-პირის დამტვრევა. კატასტროფისკენ მიმავალი გზაა ეს.

და ყველაფერი იმად მოგახსენეთ, რითაც დავიწყე. სუსტი ხელისუფლება განაპირობებს საზოგადოების კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას, რაც დესტაბილიზაციის წინაპირობაა.

დესტაბილიზაცია კი, ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, სირიის სცენარით მოვლენათა განვითარებას გამოიწვევს. დავფიქრდეთ იმაზე, რომ ხილულ თვალსაწიერში აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით ეს ყველას აწყობს. გარდა ამისა, ჩვენ მეგობარი ძლიერი გვყავს (აშშ, ევროპა), მაგრამ ისინი შორს არიან და თანაც თავისი პრობლემების ნიაღვარმა ლამისაა წალეკოს.

გამოსავალი აქ ერთია ძლიერი ხელისუფლება, ხელისუფლების გაძლიერება, მის მიერ საამისოდ რესურსების მოძიება. ბიძინა ივანიშვილის არენიდან უცაბედად გაუჩინარების შემდეგ, მმართველი ძალის ლიგიტიმაცია უკიდურესად შესუსტდა. 2012-შიც და 2016-შიც იმ 53 (თუ მეტი) და 48 პროცენტიდან, მეტი წილი ივანიშვილის ავტორიტეტისა იყო.

ოპოზიციამ უნდა აჯობოს (თუ აჯობებს) არჩევნებში ძლიერ მმართველ ძალას, ანუ თავადაც უნდა იყოს ძლიერი, სხვა შემთხვევაში ატმოსფერო კიდევ უფრო დაიძაბება და ისევ დაიწყება 1991…

ამის მოსურნე კი ბევრია! ” – წერს ვაჟა ბერიძე.