Home » საზოგადოება » აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობამ იკლო – რა უჯდებათ დასვენება აფხაზურ კურორტებზე
აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობამ იკლო - რა უჯდებათ დასვენება აფხაზურ კურორტებზე

აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობამ იკლო – რა უჯდებათ დასვენება აფხაზურ კურორტებზე

აფხაზეთში “რუსეთის ელჩის” განცხადებას, – “თუ აფხაზეთი უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას ვერ შეძლებს, რუსეთი თავად მიმართავს სხვა ზომებს”, აფხაზური საზოგადოება ასე გამოეხმაურა – “ყველანი ვწუხვართ და განვიცდით ადამიანურად ახალგაზრდა კაცის დაღუპვას, ასევე ქვეყნის იმიჯს, თუმცა, ელჩის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული იყოო.”.

აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია: “ხალხი თანაუგრძნობდა მათ. უბოდიშებდნენ სოციალურ ქსელებში, როგორც შეეძლოთ… საქმე ის არ არის, რომ აფხაზეთი რუს ტურისტებზეა დამოკიდებული, უბრალოდ, ადამიანური თანაგრძნობა იყო, რომელიც არ ცნობს სტატუსსა და ეროვნებას. ამ ფონზე, მინდა ვთქვა, რომ არაკორექტული იყო რუსეთის ელჩის, სემინ გრეგორევის მიმართვა ამ ისედაც მძიმე სიტუაციაში, რომ რუსი დამსვენებლების უსაფრთხოება ადგილობრივი ხელმძღვანელობისთვის პრიოტიტეტული უნდა იყოსო…

არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის მოქალაქე რუსეთში მოეკლათ და რუსეთში აფხაზეთის ელჩს, იგორ ახბას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ასე მიემართოს. არც ის მახსოვს, მსგავსი ტექსტებით გამოსულიყვნენ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, თუნდაც ინგლისში, საფრანგეთში ან სადმე სხვაგან, სადაც ამ ქვეყნების ტურისტებს თავს დასხმიან… დიახ, ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტულია, ტრაგედიაა, რაც მოხდა, მაგრამ ჩვენსავით არავინ განიცდის ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას. ელჩის საქმე არ არის, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას პრიორიტები დაუსახოს” – წერს ჭანია.

აფხაზურ პროტესტს შესაბამისი რეაქცია მოჰყვა რუსეთში – ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის დავალებით, სოჭის სასაზღვრო პუნქტზე, 145 კგ თევზი, რომელიც ქვეყანაში აფხაზეთიდან შეჰქონდათ, “გაურკვეველი წარმომავლობის” გამო არ შეუშვეს. სამსახურის განცხადებით, პროდუქტის გადაზიდვა ტრანსპორტირების წესების დარღვევით ხდებოდა. თევზის მეპატრონე ქალბატონმა ვეტერინარის მოწმობის წარდგენა ვერ შეძლო, რის გამოც, კვებისთვის სახიფათოდ ცნეს და აფხაზეთში დააბრუნეს…

აფხაზების თქმით, ეს არის მინიშნება, რომ პროტესტის შემთხვევაში, პასუხი ადეკვატური იქნება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, იგივე მიზეზით დაბლოკილი პომიდვრის, რძის ნაწარმისა და ბოსტნეულის შესახებ…

“ველოდით!.. ჭკუა უნდა გვასწავლონ”.. აკრძალეს და ძალიანაც კარგი, ჩვენც გვინდა ხარისხიანი საკვები, გაყინულს რომ მივირთმევთ!..” – წერენ ირონიით აფხაზები და რეგიონში არსებულ უმძიმეს სოციალურ ფონზე პასუხისმგებლობას ისევ “ხელისუფლებას” აკისრებენ, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში, “გაყინული ეკონომიკის” დაძვრა ვერ შეძლო…

თავის მხრივ, აფხაზეთში რუსი ტურისტების ბოლო წლების სტატისტიკას აქვეყნებს რუსული მედიაც, – მათი თქმით, წელს ბიჭვინთასა და გაგრაში გარუჯვის მსურველთა რაოდენობა 15-20%-ით შემცირდა. ამ მონაცემებს რუსეთის ტურისტული ოპერატორების ასოციაცია აქვეყნებს, რომლის ინფორმაციითაც, ამის მიზეზი წლების განმავლობაში მოუგვარებელი უსაფრთხოების საკითხია, შემდეგ მომსახურებასთან შედარებით არაადეკვატურად ძვირი ფასები და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, – წელს რუსეთმა თურქეთთან აწეწილი ურთიერთობა დაალაგა, რამაც მკვეთრად დაარტყა აფხაზეთს. ერთი სიტყვით, რუსმა დამსვენებლებმა ისევ თურქეთის სანაპიროები არჩიეს… არადა, 2016 წელს, რუსეთის სტატიკის სამსახურის ინფორმაციით, 4 მილიონმა რუსმა ტურისტმა გადაკვეთა აფხაზეთის “საზღვარი”. საუბარია იმათზეც, ვინც რეგიონში ერთდღიანი ტურით იყო ჩასული.

რუსული მედიის მონაცემებით, 2017 წლით ივნისში სოხუმში, გაგრასა და ბიჭვინთაში ერთკვირიანი დასვენება, საშუალოდ, 24 ათასი რუბლი (ეროვნული ვალუტით, 960 ლარი) გამოდის, ივლისსა და აგვისტოში ფასები, როგორც წესი, იმატებს…

რუსული ტურისტული კომპანიის ინფორმაციით, ორადგილიანი ნომერი სამჯერადი კვებით, 3920 რუბლი (150 ლარი) გამოდის, რაც რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთისნაირი განვითარების მქონე ქვეყნის კვალობაზე, შეღავათი ნამდვილად არ არის.

წყარო: AMBEBI.GE

Share