მთავარი » ბიზნესი » მაგიური M-ის წარმატების საიდუმლო და ,,მაკდონალდსის” როლი საქართველოს ეკონომიკაში
მაგიური M-ის წარმატების საიდუმლო და ,,მაკდონალდსის" როლი საქართველოს ეკონომიკაში

მაგიური M-ის წარმატების საიდუმლო და ,,მაკდონალდსის” როლი საქართველოს ეკონომიკაში

,,ქუთაისის ,,მაკდონალდსს” უფრო მეტი ფული შეაქვს ბიუჯეტში, ვიდრე იქ არსებულ ყველა რესტორანს ერთად”

18-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ყველაზე პოპულარული გლობალური სარესტორნო ქსელი – „მაკდონალდსი” საქართველოს რეგიონებში გაფართოებას აგრძელებს: კომპანიის რუკას, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში 11 რესტორანს აერთიანებს, აღმაშენებლის მოედნის #1-ში რიგით მეორე „მაკდონალდსი” შეუერთდა. „მაკდონალდსი საქართველოს” პრეზიდენტი – თემურ ჭყონია კონკურენციისა და ბრენდის ადგილობრივ ეკონომიკასა და ტურიზმის ინდუსტრიაზე გავლენის შესახებ საუბრობს:

-„მაკდონალდსი საქართველო” მართვის ამერიკული სტანდარტის დანერგვის მხრივ პიონერი აღმოჩნდა. როგორ იმოქმედა მისმა განვითარებამ საქართველოს რეგიონებში ადგილობრივ ინდუსტრიაზე?
– 90-იანებში საქართველოში საერთაშორისო მართვის ცოდნა და გამოცდილება არ არსებობდა. წარმოიდგინეთ, სიტყვა „დისტრიბუციის” მნიშვნელობაც კი არ ვიცოდით – როდესაც უცხოელმა პარტნიორებმა გვკითხეს, დისტრიბუტორი ვინ არისო, გაგიმხელთ, ვერ მოვიფიქრე, რა უნდა მეთქვა : ) შემდეგ, იმ პერიოდში ერთი ცნობილი ადამიანისთვის უთქვამთ, ჭყონიამ დისტრიბუცია დაიწყოო, მას კი გაჰკვირვებია: „კი მაგრამ, ჭყონიამაცო?!” – ალბათ იფიქრა, ნარკოტიკების მოხმრებაზე იყო საუბარი : ) თეორიული ცოდნის გარდა, არც ლოჯისტიკა იყო მოწესრიგებული – სავაჭრო ობიექტებში წარმოდგენილ სხვადასხვა პროდუქციას მაცივრები არ მოჰყვებოდა, არც სადისტრიბუციო მანქანები არსებობდა და ა.შ. პირველად „კოკა-კოლას” მანქანა რომ გავატარეთ, გაკვირვებული ხალხი უკან მისდევდა… მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, თუმცა ამ სფეროს ვერ ვცილდები, თითქოს მუდმივად რაღაც ძალა მექაჩება და მიმანიშნებს, რომ ჩემი სათამაშო მოედანი ესაა.

დღეს ნებისმიერი ახალი ობიექტი, რაც კი შენდება, ყველა „მაკდონალდსს” ედრება – ცდილობენ, რაღაცით კონკურენცია გაუწიონ. ეს კი კარგია, რადგან „მაკდონალდსი” უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს ნერგავს და ადგილობრივი საკვები ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, მკაცრად აკონტროლებს ხარისხს. ამიტომაც, თუ მის სტანდარტებს არ გაჰყვებიან, მათი ბიზნესი გრძელვადიანი არ იქნება. ალბათ ხშირად გსმენიათ, როდესაც ამა თუ იმ ობიექტზე ამბობენ: „რა კარგი იყო დასაწყისში და როგორ გააფუჭესო”, – ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ, რომ სტანდარტის შენარჩუნებას დიდი შრომა სჭირდება.

– რა როლს თამაშობს „მაკდონალდსი” ეკონომიკის განვითარებაზე?
– წარმოდგენისთვის, ქუთაისში არსებული მთელი რესტორნების მიერ საქართველოს ბიუჯეტში შეტანილი თანხა რომ დააჯამოთ, ნახავთ, რომ ქუთაისის „მაკდონალდსს” უფრო მეტი ფული შექავს, ვიდრე სხვა რესტორნებს ერთად. იგივე სურათია ბათუმშიც. გვეამაყება, რომ საქართველოს ეკონომიკაში უდიდეს როლს ვთამაშობთ და მომავალ თაობებს მაგალითს ვაძლევთ, ბიზნესში წესიერად მოიქცნენ და ქვეყანას ემსახურონ: დაარსების დღიდან საქართველოს ბიუჯეტში 67 106 418 ლარი გვაქვს შეტანილი. მეორე მხრივ, „მაკდონალდსი” საერთაშორისო ინვესტორებისთვის ერთგვარი ინდექსია, რაც მათ იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება შესაძლებელია.

ამასთანავე, „მაკდონალდსის” მსგავსი გლობალური ბრენდები ეკონომიკას მცირე საწარმოების სტიმულირებითაც ავითარებენ. წარმოიდგინეთ, რამდენ კომპანიას შეუძლია „მაკდონალდსის” გარშემო ჩამოყალიბდეს, როგორც მომწოდებელი და პარტნიორი: ადრე ჭიქების და სარეკლამო მასალების იმპორტს ვახდენდით, ახლა კი უკვე ადგილობრივ მწარმოებლებს მივეცით სტანდარტები და მოცემულ პროდუქციას ლოკალურად ვაწარმოებთ. გარდა ამისა, ჩვენს ტექნოლოგიებს ხშირად შეღებვა ან რემონტი სჭირდება; ვთანამშრომლობთ საინჟინრო, ელექტრონულ და IT-ფირმებთან – ამ კუთხით დაახლოებით 2300 ადამიანი უშუალოდ ჩვენთან მუშაობს, 5-6 ფირმა კი, რომლებიც თავის მხრივ 200-300 ადამიანს ასაქმებენ, ცალკე გვემსახურება. ჩვენს გარშემო დასაქმებული უამრავი ადამიანი სპეციალისტად ყალიბდება – ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენ ჩამოგვაქვს, მათთვის ახალია და შესაბამისად, მათზე მუშაობით კვალიფიკაციას იმაღლებენ: მაგალითად, მშენებლი, რომელმაც ქუთაისის ახალი „მაკდონალდსის” გრანდიოზულ პროექტზე სულ რაღაც 4 თვეში დაასრულა მუშაობა, ადგილობრივი ხელისფულებისთვისაც ყველა შემთხვევაში საინტერესო კანდიდატურა გახდება, მეორე მხრივ კი პიროვნულ სტანდარტებს აიმაღლებს – სხვა პროექტზე მუშაობისას ვადებს აღარ გადააცილებს.

– რა გავლენას ახდენს „მაკდონალდსის” ოპერირება ტურიზმის სფეროზე?
– „მაკდონალდსსა” და მისი კონცეფციის საერთაშორისო ბრენდებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტურიზმის განვითარება: მაგალითად, ბათუმში რომ „მაკდონალდსი” არ იყოს, შეიძლება ხალხი მშიერი დარჩეს, რადგან სერვისი, რომელსაც ქართული რესტორნების სისტემა ჩვენს ტურისტებს სთავაზობს, დასახვეწია – საქართველოში მილიონობით ადამიანს ვეპატიჟებით და შემდეგ არ ვიცით, როგორ გავუმასპინძლდეთ, ამ პრობლემას კი სწორედ „მაკდონალდსი” ხსნის. მაგალითად, გუშინ ქუთაისში ვიყავი და საინტერესო ფაქტს შევესწარი: აღმაშენებლის „მაკდონალდსთან” ორი ავტობუსი გაჩერდა, იქიდან ტურისტები გადმოვიდნენ და რესტორნის ფონზე სურათებს იღებდნენ. მათი გიდი გამომელაპარაკა და მკითხა, ახალი ობიექტი როდის გაიხსნებოდა – ქალაქს მეხუთე წრეს ვარტყამ და ადგილი ვერ ვნახე, ამდენ ტურისტს რომ ვაჭამოო. პრობლემა ისაა, რომ ღამის 10:30 იყო, ქართული რესტორნები კი ამ დროს დაკეტილია. საბოლოოდ გიდმა ის სტუმრები ჭავჭავაძის ქუჩაზე, პატარა „მაკდონალდსში” წაიყვანა, რომელიც თავის მასშტაბთან შედარებით წარმოუდგენლად წარმატებულია.

– „მაკდონალდსი” ერთადერთი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც თანამშრომლებს საათობრივ ანაზღაურებას სთავაზობს და მათ გრაფიკს ერგება. როგორ აისახება ბრენდის ოპერირება ქვეყნის დასაქმების ბაზარზე?
– ბევრი ცნობილი საერთაშორისო ვარსკვლავის შესახებ გვსმენია, რომელთა კარიერაც „მაკდონალდსში” დაიწყო. თუმცა „მაკდონალდსი” არა მხოლოდ მოქნილი დასაქმების პოლიტიკით გამოირჩევა, არამედ – საქართველოს მომსახურების სფეროში სრულიად ახალი სტანდარტები დანერგა: როდესაც ჩვენთან გადამზადებული კადრი სამუშაოდ სხვა კომპანიაში გადადის, „მაკდონალდსის” გადამზადებებით მიღებულ ცოდნას იყენებს და ხარისხის და მომსახურების დონის ამაღლებაზე მუშაობს. ხშირად ყოფილა შემთხვევები, მეგობრებთან ერთად ქართულ რესტორნებში რომ მივდიოდი და რესტორნის მენეჯერები თბილად მესალმებოდნენ, ჩემს მეგობრებს კი ეგონათ, რომ იმ რესტორნების ხშირი სტუმარი ვიყავი. რეალურად კი ისინი ჩვენი ყოფილი თანამშრომლები იყვნენ – „მაკდონალდს საქართველოს” სისტემაში სხვადასხვა დროს 7500 ადამიანს აქვს ნამუშევარი, რომლებიც ახლა კვების ობიექტებსა და სუპერმარკეტების ქსელებში – კვების განყოფილებებში არიან მოფენილები.

– გარკვეულწილად კონკურენციას ხომ არ უწევს „მაკდონალდსი” ადგილობრივ რესტორნებს?
– იმ ტერიტორიებზე, სადაც „მაკდონალდსის” რესტორნები შენდება, ყველა სხვა ობიექტი მის საპირწონედ ცდილობს, განვითარდეს: ზოგი აბრას ცვლის, ზოგი – განათებას, ზოგი მენიუს ამრავალფეროვნებს, ზოგიც – ტექნიკას და ავეჯს აახლებს. „მაკდონალდსი” ადგილობრივი რესტორნების კონკურენტი არ არის, თუმცა ხარისხის კონტროლის სტანდარტების დანერგვით მათზე გავლენას ნამდვილად ახდენს.

თავიანთი კერძებით საფრანგეთი და იტალიაც ცნობილია, თუმცა იქ „მაკდონალდსიც” წარმატებით მუშაობს – რომში პიაცა დი სპანიას მოედანზე უამრავი ადგილობრივ რესტორანთან ერთად „მაკდონალდსის” უზარმაზარი ობიექტი მდებარეობს, მის წინ კი თითქმის ყოველთვის ტურისტების რიგებია. ჩემი ქალიშვილი „მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულის ფარგლებში უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს ხოლმე, რომლებიც ქართულ კერძებზე გიჟდებიან, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ სთხოვენ, „მაკდონალდსში” წაგვიყვანეო.

– რა აძლიერებს „მაკდონალდსის” დნმ-ს, რომლის დამსახურებითაც ბრენდი მსოფლიოში მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს – მართვის მოქნილი სისტემა, სწორად შერჩეული ადგილობრივი პარტნიორები თუ ხარისხის მკაცრი კონტროლი?
– ბრენდის ძირითადი მაგიური ძალა ყვითელ M-შია. საკუთარი თავის ქებას თავი დავანებოთ, ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც ყველას შეუძლია გააკეთოს, მაგრამ „მაკდონალდსის” სავაჭრო ნიშანს ანალოგი არ ჰყავს. ის უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ადამიანების გონებაზე – ნდობის, სტაბილურობის, გემრიელი საკვების და კომფორტის ასოციაციებს ქმნის; „მაკდონალდსის” სტუმრებმა იციან, რომ რესტორანში შესვლისას უმაღლესი დონის შეხვედრა და მომსახურება გარანტირებული აქვთ. ამიტომაც, კონკურენტი შეიძლება საკვების კუთხით არსებობდეს – ვიღაცა ოთხკუთხედი პური გამოცხობას ან განსხვავებული სალათის გაკეთებას ცდილობს, M-ს კი კონკურენტი არ ჰყავს, ის ერთგვარი ხატია მომხმარებლის ცნობიერებაში. წარმოიდგინეთ, რაღა დარჩება, ჩვენს რესტორნებს მარკა რომ მოვაშოროთ! ამიტომ, ბიზნესმენმა ყოველთვის უნდა იზრუნოს ბრენდზე და სასურველ იმიჯზე, რომელიც მის საქმიანობას წარმატებას მოუტანს.