მთავარი » ფინანსები » ლუდი 2-3 კვირაში გაიაფდება
ლუდი 2-3 კვირაში გაიაფდება

ლუდი 2-3 კვირაში გაიაფდება

დაბალალკოჰოლურ ლუდზე გადასახადი 2017 წლის 30 ივლისიდან შეიცვლება

პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო და ახლა მეწარმეები პრეზიდენტის ხელმოწერასა და კანონის ძალაში შესვლას ელოდებიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ამის შემდეგ ზოგიერთი კატეგორიის ლუდი გაიაფდება. შესაბამისად, მეწარმეები რეალიზაციის ზრდას ელოდებიან.

ლუდის კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ფასის კლება დადებითად აისახება სამომხმარებლო ბაზარზე და ის მოსახლეობა, რომლის მსყიდველუნარიანობა დაბალია, პროდუქციის შეძენას შეღავათიან ფასად შეძლებს. ზოგადად კი ამგვარი ტენდენციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია, საქართველოში წარმოებულ ნებისმიერ პროდუქციას ხელი შეეწყოს და ბიზნესს ამ მხრივ დაბალი გადასახადები დაუწესდეს.

დაახლოებით 2-3 კვირაში დაიწყება ზოგიერთი სახეობის ლუდის გაიაფების პროცესიც. დაბალალკოჰოლურ ლუდზე (1 ლიტრი) ფასი, სავარაუდოდ, 15-20 თეთრით დაიკლებს. შესაბამისად, ყველაზე პოპულარული 2,5 ლიტრიანი შეფუთვა 40-50 თეთრით გაიაფდება. აქციზის განაკვეთის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად რეალიზაციის შემცირება სახელდება, რაც 2015 წლის მარტში აქციზის მომატებამ გამოიწვია. მაშინ გადასახადი 50%-ით – 40 თეთრიდან 60 თეთრამდე – გაიზარდა, კომპანიებს კი რეალიზაცია მკვეთრად შეუმცირდა.

კომპანია “ნატახტარის” კომერციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ დაბალალკოჰოლურ ლუდზე აქციზის განაკვეთის შემცირება რეალიზაციას გაზრდის. გაყიდვის მაჩვენებელი წელსვე მოიმატებს, თუმცა მომავალი წლიდან ბაზარი ძველებურად ამოქმედდება და კომპანია აქციზის გადასახადით გამოწვეულ ორწლიან ჩავარდნას აანაზღაურებს.

“ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის სტრუქტურა შეიცვალა. პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, ახლა გადაგზავნილია პრეზიდენტთან. ველოდებით ხელმოწერას და კანონის ძალაში შესვლას. ჯერ ცვლილებები ფასწარმოქმნაზე არ განხორციელებულა, რადგან არ ამოქმედებულა კანონი, თუმცა მალე ასეც იქნება. შესაბამისად, უფრო ნაკლებს გადავიხდით მსუბუქ ლუდზე, ვიდრე აქამდე ვიხდიდით. პირობითად, თუ მსუბუქია ლუდი, 48 თეთრს გადავიხდით და არა – 60-ს, როგორც აქამდე ვხდიდით.

ამ თანხას რეინვესტირების სახით ჩავაბრუნებთ. იმას, რაც დავკარგეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში, უკანვე ამოვიღებთ. როგორც სწრაფად შეეტყო ბაზარს აქციზის გადასახადის მომატება, იმედია, ასევე სწრაფად შეეტყობა გადასახადის კლებაც. ვფიქრობ, ეს წელი კარგი იქნება და მომავალ წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება”, – განუცხადა “რეზონანსს” ხუნძაკიშვილმა.

კომპანია “ყაზბეგის” გენერალური დირექტორი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში წარმოებულ ნებისმიერი სახის პროდუქტს, რომელზეც მოთხოვნაა არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც შეინიშნება, დაბალი გადასახადი უნდა უწესდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე მსყიდველუნარიანობა იკლებს და საქონლის გაყიდვის მაჩვენებელი ვარდება.

“საერთოდ მგონია, რომ დარგისადმი, რომელიც ფარავს მოთხოვნილებას (ღვინო, ლუდი, მინერალური წყალი ან გამაგრილებელი სასმელი), უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. რაც ნაკლები იქნება გადასახადი, მით უფრო განვითარდება წარმოება. მსგავსი ხელშეწყობა ბაზარს უფრო გააფართოებს. რაც შეიძლება მინიმალური უნდა იყოს გადასახადი. მით უმეტეს, რომ დღეს საქართველოში დაბალი მსყიდველუნარიანობაა და ამ ყველაფრის მოგვარება სწორედ პროდუქციის თვითღირებულების შემცირებითა და გაიაფებით არის შესაძლებელი”, – განუცხადა “რეზონანსს” თოფაძემ.

ნათია ლომიძე
გაზეთი “რეზონანსი”