Home » საზოგადოება » “საქართველოს მწვანე ჩაის, ხილის ჩაის და მცენარეული ჩაის წარმოების უდიდესი პოტენციალი გააჩნია”
"საქართველოს მწვანე ჩაის, ხილის ჩაის და მცენარეული ჩაის წარმოების უდიდესი პოტენციალი გააჩნია"

“საქართველოს მწვანე ჩაის, ხილის ჩაის და მცენარეული ჩაის წარმოების უდიდესი პოტენციალი გააჩნია”

“სამწუხაროდ, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჩაის ბაზარი დავკარგეთ, ვინაიდან დაფასოებული პროდუქციის გაყიდვის გამოცდილება არ გვქონდა”

ჩაის კომპანია “გურიელის” შექმნის იდეა 2008 წელს გაჩნდა, რასაც მოჰყვა ორი წლიანი ინტენსიური მუშაობა აქციონერებთან, პროდუქციის მენეჯერებთან, მუშებსა და ფერმერებთან, ფინანსურ დაწესებულებებთან და სახელმწიფო მოხელეებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან – მარკეტინგულ კომპანიებთან, ექსპორტიორებთან და კონსულტანტებთან.

2010 წელი კი შემობრუნების წერტილი გახდა არა მხოლოდ  კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ჩაის ინდუსტრიისთვის საქართველოში. ამ წელს ჩაის ქართული ბრენდი “გურიელი” ბაზარზე წარსდგა. კომპანიის პროდუქცია დიდი წარმატები აქვს უცხოურ ბაზარზე, სადაც ის ნედლეულის სახით გადის დიდი რაოდენობით. “გეოპლანტის” ჩაი უკვე ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება. კომპანიის განვითარების და, ზოგადად, ჩაის ინდუსტრიის პერსპექტივების შესახებ “ბანკები და ფინანსები” კომპანია “გეოპლანტის” გენერალურ დირექტორს მიხეილ ჭკუასელს გაესაუბრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ჩაის კულტურის აღდგენაზე საკმაოდ აქტიურად მუშაობს, რა ვითარებაა დღეს ამ მიმართულებით და რამდენად უწობს ხელს სახელმწიფო პოლიტიკა ჩაის ინდუსტრიის განვითარებას?

– ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს ჩაის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის დაფინანსებას და წილობრივ მონაწილეობას სახელმწიფოს მხრიდან. აქ საუბარია სხვადასხვა წილობრივ მონაწილეობაზე, გააჩნია რა ფორმით არიან წარმოდგენილი კერძო სტრუქტურები და რამდენად არის ეს პლანტაციები მათ საკუთრებაში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ პლანტაციები გახდეს პროდუქტიული და მოხდეს მაღალხარისხიანი ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მიღება. რაც შეეხება გადამუშავებას, ამ  თვალსაზრისით, არის სხვადასხვა პროექტები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ,,აწარმოე საქართველოს’’ფარგლებში არის გაერთიანებული და ყველას, მცირე მეწარმიდან დაწყებული მსხვილი მწარმოებლით დამთავრებული, შეუძლია მისთვის შესაფერისი და ბიზნესისთვის განვითარებისთვის ხელსაყრელი ვარიანტი აირჩიოს და მიიღოს შესაბამისი დაფინანსება. სხვადასხვა პროექტების კომბინაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა დაინტერესებული ფერმერი, მეწარმე ჩაერთოს ისეთ პროექტში, რომელიც მას საშუალებას მისცემს დაიწყოს , განავითაროს და გააფართოვოს ბიზნესი.

აქვე, რადგან სახელმწიფო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, საინტერესოა საქართველოს ჩაის ბაზარზე ახალი მწარმოებლების გამოჩენა რა გავლენას ახდენს კონკურენციაზე?

– ნებისმიერი ახალი მოთამაშის შემოსვლა ბაზარზე მომხმარებლისათვის არის კარგი, რომელსაც ექნება პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი. თითოეული მწარმოებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰყავდეს კარგად მომზადებული და ღირსეული კონკურენტი, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით არის პარტნიორი, ვინაიდან როდესაც გყავს კონკურენტი, ის არ გაძლევს საშუალებას მოდუნდე და დაკმაყოფილდე მიღწეულით.

საქართველოს ჩაის ბაზარზე ახალი მწარმოებლების გამოჩენა ბაზრის თამაშის წესებს გარკვეულწილად ცვლის. როგორია კონკურენტული მდგომარეობა საქართველოს ჩაის ბაზარზე და, ზოგადად, ვინ არიან თქვენი ძირითადი კონკურენტები?

– თამაშის წესები დადგენილია სახელმწიფოს მიერ და ახალი კონკურენტის გამოჩენა ნიშნავს ახალი ეკონომიკური სუბიექტის გამოჩენას, რომელსაც თავისი წარმოება აქვს. ჩვენი კომპანიის კონკურენტები არიან იმპორტირებული ჩაის ბრენდები. საამაყოა ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე საკმარისად მაღალ კონკურენციას ვუწევთ. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ყოფილიყვნენ ქართველი მწარმოებლებიც, რაც საშუალებას მოგვცემდა კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა ადგილობრივი წარმოების წილი ბაზარზე. გამოჩნდნენ ქართველი მწარმოებლები ეგრეთწოდებულ პრემიალურ სექტორში, სადაც მაღალი ხარისხის ქართული ჩაი არის წარმოდგენილი, თუმცა, მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ მცირეა მათი რაოდენობა.

რეალობა გვიჩვენებს, რომ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია დომინირებს, თუმცა ქართული ჩაის უპირატესობა მის ხარისხშია. როგორია უცხოური ბაზრების ინტერესი ქართული ჩაის მიმართ და კონკრეტულად რომელ ქვეყნებში ახორციელებთ ქართული ჩაის ექსპორტს?

– როგორც საქართველოში, ისე ყველა ქვეყანაში კონკურენცია არის ძალიან მაღალი. ჩაი არის წყლის შემდეგ ყველაზე მოხმარებადი პროდუქტი და, შესაბამისად, სადაც არის მაღალი მოხმარება, ბუნებრივია იქ მწარმოებელიც ბევრია. სამწუხაროდ, ჩვენ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ბაზარი დავკარგეთ შედარებით დიდი ხნის წინ და ამაში გარკვეული დანაშაული ჩვენც მიგვიძღვის, ვინაიდან დაფასოებული ჩაის გაყიდვის საკმარისი გამოცდილება არ გვქონდა. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი ჩაი, რომელიც მისაღები იქნება ევროპის, ამერიკის, კანადის ბაზრისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი რაც საქართველოს გააჩნია არის ის, რომ ჩვენი ჩაი არის ეკოლოგიურად სუფთა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. არ ვიყენებთ პესტიციდებს და ჰერპიციდებს, რაც გვაძლევს ძალიან დიდ უპირატესობას.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა სიახლეებს პირდებით მომხმარებლებს?

– მსოფლიოში აღმავალი ტრენდია მწვანე ჩაის, ხილის ჩაის და მცენარეული ჩაის მოხმარების და ამაში საქართველოს გააჩნია უაღრესად დიდი პოტენციალი. საქართველო მდიდარია ამ რესურსებით და სავსებით შესაძლებელია მაღალ მოთხოვნადი ახალი პროდუქტების შექმნა. ჩვენი ჩაი იყიდება უკრაინაში, წელს განვახორციელეთ ექსპორტი ჩეხეთის რესპუბლიკაში და წელს პირველად ჩვენი ჩაი გავა გერმანიაში.

 ლევან ლაგვილავა

Share