მთავარი » ეკონომიკა » საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით გაიზარდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით გაიზარდა. იანვარ-ივნისში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1 609 183 შეადგინა.

ზრდა დაფიქსირდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის აეროპორტი 2017 წლის 6 თვის განმავლობაში 1 287 228 მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 893 222 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 44.11% შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 93.69%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 6 თვეში აეროპორტი მოემსახურა 95 430 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 184 840 მგზავრი შეადგინა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მომსახურებულ იქნა 133 418 მგზავრი, რაც 43.95%-ით (40 736 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 240 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 746 მგზავრით, შესაბამისად 116.87%-ით მეტია გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე 457 მგზავრს მოემსახურა.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 8 768 სამგზავრო და სატვირთო რეისი (7 016 რეგულარული და 1 752 ჩარტერული), რაც 39,48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (6 286 რეისი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 57 811 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს – 65 992 ერთეული გადაფრენა).

ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 16 941.729 ტონა შეადგინა, რაც 4 846.43 ტონით, შესაბამისად – 40.07%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.