Home » ახალი ამბები » „ევროპა დონა საქართველო“  სახელმწიფო სტრუქტურებს, ექიმებს პაციენტებსა და მედიას  მრგვალ მაგიდასთან იწვევს
„ევროპა დონა საქართველო“  სახელმწიფო სტრუქტურებს, ექიმებს პაციენტებსა და მედიას  მრგვალ მაგიდასთან იწვევს

„ევროპა დონა საქართველო“  სახელმწიფო სტრუქტურებს, ექიმებს პაციენტებსა და მედიას  მრგვალ მაგიდასთან იწვევს

დისკუსიის თემა: ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის   შეფასება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის დასახვა

13 ივლისს, 17:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ (თავისუფლების მოედანი #4) ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“, საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, მორიგ ღონისძიებას გამართავს.

შეხვედრა მოეწყობა სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის,  ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, თბილისის საკრებულოს  წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერი ორგანიზაციები და მედია.

ღონისძიების მიზანია,  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2016-2017 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების  წარდგენა). ამასთან,  არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის დასახვა, რათა  ძუძუს კიბოთი დაავადებულ ყველა ქალბატონს მიეცეს სიცოცხლის შანსი.

არსებულ პრობლემებს შორის მნიშვნელოვანია, სკრინინგ ცენტრებში მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი, არასრულყოფილი დაფინანსება რეგიონებში, მკურნალობის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში საკონტროლო კვლევების დაუფინანსებლობა და სხვა. საყურადღებოა, რომ რეაბილიტაცია და ფსიქოლოგიური დახმარება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის თითქმის არ ხორციელდება.

ღონისძიების დასასრულს გაიმართება დისკუსია და გამოიკვეთება კონკრეტული მიზნები, რაც შესაბამისობაში იქნება ჯანდაცვის მიმართულებით დღეს არსებულ რესურსებთან.

ცნობისათვის, 2016  წლიდან ადრეული  ძუძუს კიბოს მკურნალობა თარგეთული პრეპარატი ჰერცეპტინით  ფინანსდება  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს  მიერ. თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს მედიკამენტები უფინანსდებათ სრულად თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს 80%-ის მოცულობით. პაციენტის თანაგადახდა ამ შემთხვევაში შეადგენს 20%-ს. 2017 წელს ევროპა დონა აგრძელებს მუშაობას ექიმებთან, პაციენტებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლის მიზანსაც მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის ადექვატური მკურნალობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, 2017 წლიდან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მკურნალობა თარგეთული პრეპარატებით (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინიბი) ფინანსდება  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მიერ. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს მედიკამენტები უფინანსდებათ სრულად თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს 80%-ის მოცულობით. პაციენტის თანაგადახდა ამ შემთხვევაში შეადგენს 20%-ს.

Share