Home » ფინანსები » „9 მლრდ არის ყალბი ფული, რომელიც ბანკებს აქვთ“
„9 მლრდ არის ყალბი ფული, რომელიც ბანკებს აქვთ“

„9 მლრდ არის ყალბი ფული, რომელიც ბანკებს აქვთ“

„ბანკებს თუ აქვთ გასესხების ვალდებულება, მათ სხვა საქმიანობა არ უნდა ჰქონდეთ. არ უნდა შეეძლოთ საკუთარ თავს ან ოჯახის წევრებს მისცენ სესხი“ , – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა – ეს ნიშნავს ბანკირების ძალაუფლებას.
„სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ უყურებდეს მოსახლეობის შესაძლებლობას და გადახდისუნარიანობას. როდესაც ადამიანს აძლევ სესხს და მას სთხოვ ფულს ( ამის უფლება ყველას გააჩნია) და ამავე დროს, სხვისგან წამოღებული ფულს საკუთარ თავს გაცილებით იაფად და პრაქტიკულად, უფასოდ აძლევ, იმან როგორ შეიძლება კონკურენცია გაგიწიოს?! ამაზეა საუბარი, ბანკებს თუ აქვთ გასესხების ვალდებულება, მათ სხვა საქმიანობა არ უნდა ჰქონდეთ. არ უნდა შეეძლოთ საკუთარ თავს ან ოჯახის წევრებს მისცენ სესხი“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში ბოლო წლებში კომერციული ბანკების რაოდენობის შემცირებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კომერციული ბანკების შემცირება ხდება იმიტომ, რომ მოგება მხოლოდ 2-3 ბანკზე გადანაწილდეს.

„სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის მესვეურებისგან გვესმის, რომ 2-3 ბანკი საკმარისიაო. ვინ დაადგინა რამდენი ბანკია საჭირო, რატომ ზღუდავენ?!

ბანკების შემცირება უნდათ იმიტომ, რომ ის მილიარდიანი მოგება ნაკლებმა ბანკმა გაინაწილოს. ისედაც სულ 2-3 ბანკზე ნაწილდება ეს მოგება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, საბანკო სისტემაში არის კიდევ ერთი ცუდი მეთოდი, რომლის რეგულირებაც არ ხდება.

„არის ასეთი – M2 ფულადი მასა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოშია და არ შეიძლება სესხი მაგაზე მეტი არსებობდეს. ჩვენთან M2 არის 13 მილიარდი და სესხი – 22 მილიარდი. საიდან არის ეს 9 მილიარდი?! ეს არის ყალბი ფული, რომელიც ბანკებს აქვთ და არარსებულ ფულზე დარიცხული პროცენტი, როგორ შეიძლება ვინმემ გადაიხადოს?! ესაა მთელი უბედურება“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძე.

Bpn.ge

Share