Home » ეკონომიკა » 800-ზე მეტი კრიპტოვალუტა უკვე მკვდარია, ბიტკოინი კი 70%-ითაა გაუფასურებული
800-ზე მეტი კრიპტოვალუტა უკვე მკვდარია, ბიტკოინი კი 70%-ითაა გაუფასურებული

800-ზე მეტი კრიპტოვალუტა უკვე მკვდარია, ბიტკოინი კი 70%-ითაა გაუფასურებული

ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის პროექტებმა თითქმის ყველა სფეროში შეაღწია და ძალიან პოპულარული გახდა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მონეტა (ე.წ. ქოინი) შეიქმნა, ახლა კი, მას ნდობის დიდი კრიზისი უდგას. 800-ზე მეტი კრიპტოვალუტა უკვე მკვდარია და ბევრი ამ გზას ადგას. ექსპერტები ციფრული მონეტების ამჟამინდელ მდგომარეობას 2000 წელს დაწყებულ Dotcom-ის ბუშტს ადარებენ.

ახალი მონეტების შექმნის პროცესი ცნობილია მონეტის პირველადი შეთავაზების (ICO)-ს სახელით. სტარტაპერებს შეუძლიათ შექმნან ახალი კრიპტოვალუტა, რომლის შესყიდვასაც ინვესტორებს სთავაზობენ. მართალია, ინვესტორები ახალი კრიპტოვალუტისგან წილებსა და დივიდენდებს არ იღებენ, თუმცა მათ შეუძლიათ, რომ ეს ციფრული ფული საკუთარი პროდუქტის გასაყიდად გამოიყენონ. როგორც წესი, ადამიანები ICO-ში შექმნილ ვალუტას იმიტომ ირჩევენ, რომ მონეტები იაფი ღირს და ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს.

ბოლო პერიოდში ICO-ზე ნამდვილი ბუმი იყო. CoinSchedule-ს მონაცემებით, 2017 წელს კომპანიებმა $3.8 მილიარდის გამომუშავება შეძლეს, 2018 წლის ამ დროინდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი $11.9 მილიარდამდე გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, ამ პროექტით შექმნილი კრიპტოვალუტებიდან 800-ზე მეტი უკვე მკვდარია და პულსიც არ ესინჯება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათი უმეტესობა თაღლითობა ან უბრალოდ ხუმრობა იყო. გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ პროდუქტების მატერიალიზება ამ ვალუტებში ვერ მოხერხდა.

Dead Coins – ეს არის საიტი, რომელზეც მოცემულია მკვდარი კრიპტოვალუტების სია. მკვდარ ვალუტად მიიჩნევა ის ციფრული ფული, რომლის ფასიც საგრძნობლად დაეცა და ახლა მათი ფასი ერთ ცენტზე ნაკლებია. ამ წუთისთვის, საიტს 800-ზე მეტი ასეთი კრიპტოვალუტა აქვს იდენტიფიცირებული, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

ბიტკოინსაც კი, რომელიც ბაზარზე ყველაზე დიდი ვალუტაა ბაზრის კაპიტალიზაციითა და ღირებულებით, რთული წელი ჰქონდა. 2017 წლის დეკემბერში მისი ფასი $20 000 იყო, თუმცა Coindesk Data-ს მონაცემებით ახლა ის 70%-ით არის გაუფასურებული. ბიტკოინის ფასის ვარდნას ექსპერტები Nasdaq-ის შემთხვევას ამსგავსებენ, რომლის ფასიც 2000 წელს დაეცა. სხვა კრიპტოვალუტების წარუმატებლობას კი იმ კომპანიების მდგომარეობას უკავშირებენ, რომლებიც Dotcom-ის ბუმის დროს გაკოტრდნენ.

ICO-ებში შექმნილი ვალუტები, როგორც ჩანს, საკმაოდ რისკიანი ინვესტიციაა. 2018 წლის დასაწყისში კიდევ ერთი თაღლითური კრიპტოვალუტა Giza გამოაშკარავდა, რომლის შემქმნელებმაც ინვესტორებისგან $2 მილიონის მიზიდვა მოახერხეს. მიუხედავად ამისა, ბევრს კიდევ სჯერა, რომ კრიპტოვალუტა მომავლის პროდუქტია და ის განვითარებას განაგრძობს. BitMex-ის აღმასრულებელი დირექტორი არტურ ჰაიესი ამტკიცებს, რომ 2018 წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ფასმა შესაძლოა $50 000-მდე აიწიოს.

წყარო: ON.ge

Share

About Giorgi Kapanadz Jr