Home » საზოგადოება » 730 მილიონიანი ფინანსური უზუსტობა, ინვენტარიზაციის პრობლემა და აღურიცხავი მიწის ნაკვეთები თავდაცვის სამინისტროში
730 მილიონიანი ფინანსური უზუსტობა, ინვენტარიზაციის პრობლემა და აღურიცხავი მიწის ნაკვეთები თავდაცვის სამინისტროში

730 მილიონიანი ფინანსური უზუსტობა, ინვენტარიზაციის პრობლემა და აღურიცხავი მიწის ნაკვეთები თავდაცვის სამინისტროში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. აუდიტის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის წარდგენილ საბალანსო უწყისში სამხედრო შეიარაღების, ამუნიცისს, ჯავშანტექნიკის, მიწის თუ სხვა სახის აქტივების შესახებ არსებული ჩანაწერები კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგანაც ის არ შეესაბამება თავად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფების საბალანსო უწყისების ჯამს. აღნიშნულ დოკუმენტებს შორის კი აცდენა 730.5 მილიონ ლარს შეადგენს. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით აუდიტის სამსახური სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებას “უარყოფით შეფასებას” აძლევს და სამინისტროს საკუთარი აქტივების უფრო სრულფასოვანი აღწერისკენ მოუწოდებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშში წერია:

აუდიტის შედეგად გამოვლინდა სამინისტროში ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში არსებული ორგანიზაციული სტრუქტურისა და კონტროლის გარემოს ნაკლოვანებები:

1. დებულების მიხედვით, სარდლობებს ექვემდებარებიან ქვედანაყოფები, შესაბამისად სარდლობები უნდა აკონტროლებდნენ მათ დაქვემდებარებაში არსებულ ერთეულებს, თუმცა ქვედანაყოფები სარდლობებისგან დამოუკიდებლად ამზადებენ ფინანსურ ინფორმაციას და წარუდგენენ ფინანსების მართვის დეპარტამენტს, რაც არ შეესაბამება დებულებით დადგენილ სისტემას. შესაბამისად, სარდლობები არ ფლობენ სრულ ინფორმაციას მათ დაქვემდებარებაში არსებული ქვედანაყოფების აქტივების შესახებ. შესაბამისად, აღრიცხვის პრაქტიკა არ შეესაბამება არსებულ ორგანიზაციული დაქვემდებარების სისტემას.

2. სარდლობებსა და ბრიგადებში ბუღალტერ-აღმრიცხველები აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვას აწარმოებენ 2 განსხვავებული ფორმით: აღრიცხვის ჟურნალებში რაოდენობრივად და განსხვავებულ ფორმატში თანხობრივად (აქტივების მიღება-გასვლის ოპერაციები). აქტივების დიდი ნაწილი მხოლოდ რაოდენობრივად არის აღრიცხული 1994 წელს დამტკიცებული სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც არ არის შესაბამისობაში აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან. ამასთანავე, განსხვავებული ფორმატისა და არაიდენტიფიცირებული მონაცემების გამო, რაოდენობრივი აღრიცხვისა და თანხობრივი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

შესაბამისად, სარდლობებისა და ქვედანაყოფების დონეზე სააღრიცხვო მონაცემები არაინფორმაციულია.

როგორც აღინიშნა, ჯლუსი (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.) ვალდებულია გააკონტროლოს და აღრიცხოს როგორც საკუთარი სარდლობის, ასევე სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის მოძრავ-უძრავი ქონება და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. აღნიშნული კი ხორციელდება მხოლოდ მონაცემთა რაოდენობრივი შედარების გზით, შესაბამისად თანხობრივი მონაცემების კონტროლი ჯლუსის მიერ არ ხორციელდება.

3. როგორც აღინიშნა, სარდლობებისა და ქვედანაყოფების ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტები, აქტივების რაოდენობრივი აღრიცხვის გარდა, ასევე ყოველთვიურად ამზადებენ გარკვეულ ფინანსურ ინფორმაციას ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარსადგენად. აღნიშნული მოიცავს გრძელვადიანი აქტივების, მატერიალური მარაგებისა და მცირეფასიანი აქტივების მოძრაობას (მიღება/გასვლა), მაგრამ ინფორმაცია არ მოიცავს აქტივების აღრიცხვისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად: დასახელება, მოდელი, პირველადი დოკუმენტი, რაოდენობა. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ ჯამური ღირებულებით, შესაბამისად ფინანსების მართვის დეპარტამენტში სამხედრო ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაცია აღირიცხება მხოლოდ ყოველთვიური თანხით (ქვედანაყოფის დონეზე ჯამურად მიღებული და გასული აქტივების ღირებულება) და არ ხდება ფინანსური აღრიცხვის კონტროლი ყოველდღიური ტრანზაქციების დონეზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სამხედრო ძალებისთვის დამახასიათებელია და ხშირია აქტივების მოძრაობა (ერთმანეთისთვის გადაცემა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარდლობებისა და მათი ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში და ჯლუსში დამოუკიდებლად (ინდივიდუალურ დონეზე) წარმოდგენილი აქტივების რაოდენობრივი მონაცემები და აქტივებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს ურთიერთშესადარისობასა და სანდოობას.

ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების გამო, სამხედრო ქვედანაყოფების სააღრიცხვო ინფორმაციაში მოცემული საბალანსო ანგარიშების ნაშთები არსებითად განსხვავდება მათ შესახებ ფინანსების მართვის დეპარტამენტში არსებული ნაშთებისაგან. ცხრილ N2-ში წარმოდგენილია ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულების ნაშთებისა და ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი 2018 წლის საბალანსო ნაშთების შესახებ.

79,768.2 ათასი კვადრატული მეტრი ფინანსურად აღურიცხავი მიწა

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება 1,7 მილიარდ ლარს აღემატება. სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივების მუხლის რეალური ღირებულების განსაზღვრა კი მასშტაბური შეუსაბამობის გამო შეუძლებელია, კერძოდ: ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს.

არაფინანსური აქტივების დიდი მოცულობა აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად და ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული. შესაბამისად, სამინისტროს ერიცხება გაცილებით მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება, ვიდრე ეს ბალანსით არის წარმოდგენილი. მაგალითად: სამინისტროს ფლობს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ 79,768.2 ათას კვ.მ მიწას, რომელიც წარმოდგენილია ღირებულების გარეშე.

ბალანსზე ირიცხება როგორც შენობა-ნაგებობის, ასევე მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დაურეგისტრირებელია როგორც სახელმწიფო ქონება; სამინისტროს განმარტებით, მიმდინარეობს მიწების შეფასების პროცესი და შესაბამისი შედეგები წარმოდგენილი იქნება 2019 წლის ანგარიშგებაში.

ინვენტარიზაციის პრობლემა სამინისტროში

ზემოხსენებული აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესების სისტემური ნაკლოვანებებისა და უზუსტობების შედეგად, აუდიტის ჯგუფისთვის ასევე არ არის სარწმუნო ჩატარებული ინვენტარიზაციები და მათი შედეგები.

კერძოდ, აუდიტის სამსახური, ვერ იღებს რწმუნებას თუ როგორ მოხდა სამინისტროში აქტივების შემოწმება და მათი აღრიცხვის სისწორის დადგენა ბუღალტრული მონაცემებისა და ფაქტობრივი ნაშთების შედარების გზით იმ პირობებში, როდესაც:

1. აქტივების უმრავლესობა არ არის ასახული ღირებულებით და მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემებია წარმოდგენილი (წონა, ერთეული, მოცულობა და ა.შ.).

2. სამხედრო ქვედანაყოფების წლიური ნაშთები არსებითად განსხვავდება როგორც ფინანსების დეპარტამენტში არსებული ბრუნვითი უწყისების ნაშთებისგან, ისე ჯლუსის მიერ წარდგენილი ნაშთებისგან.

3. ინვენტარიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს ყველა ქვედანაყოფში ერთიანი პოლიტიკით. შემაჯამებელი ოქმები არ არის წარმოდგენილი ყველა სამხედრო ქვედანაყოფის მიერ, ხოლო შემაჯამებელი ოქმით წარმოდგენილი ინფორმაცია იდენტურია წინა წლის შედეგებისა. არ არის გამოვლენილი ახალი გარემოებები, რაც წარმოშობს რისკებს, რომ ინვენტარიზაცია არ ტარდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

4. 2018 წლის საინვენტარიზაციო კომისიის სხდომის ოქმი დამტკიცებულია 2019 წლის 29 მაისს, თუმცა ფინანსების მართვის დეპარტამენტში 2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ არის წარმოდგენილი შენიშვნები ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ, რომლის გათვალისწინებაც უნდა მომხდარიყო 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.

ელენე ციგრიაშვილი

Share