Home » ფინანსები » 7 თვეში ბაზარზე 193 სესხის გამცემი სუბიექტი დარეგისტრირდა – რა ხდება საფინანსო ბაზარზე
7 თვეში ბაზარზე 193 სესხის გამცემი სუბიექტი დარეგისტრირდა - რა ხდება საფინანსო ბაზარზე

7 თვეში ბაზარზე 193 სესხის გამცემი სუბიექტი დარეგისტრირდა – რა ხდება საფინანსო ბაზარზე

საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაცია 16 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმდა. ეს მაშინ, როდესაც 7 თვეში სესხის გამცემი 193 სუბიექტი დარეგისტრირდა.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 71-დან 55-მდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში 55 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს (2018 წლის ივლისში – 71 ორგანიზაცია).

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობაც. თუ 2018 წლის ივლისის მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 798 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს ივლისში ეს რაოდენობა 802-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ფილიალების რაოდენობას, 2019 წლის ივლისში 137 ერთეული ოპერირებდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი რაოდენობა 134 იყო.

ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების რიცხვი. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში, ისევე როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი ოდენობა 2-ს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში 141 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა. თუ 2018 წლის ივლისში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 1064 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 923-ს შეადგენს.

სამაგიეროდ, სწრაფად იზრდება სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა და დღეს უკვე 193 ერთეულს შეადგენს. იანვარში, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 სესხის გამცემ სუბიექტს ჰქონდა გავლილი.

BPN.GE

Share