Home » ეკონომიკა » „2018 წელს ინფლაციას 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ვპროგნოზირებთ“
„2018 წელს ინფლაციას 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ვპროგნოზირებთ“

„2018 წელს ინფლაციას 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ვპროგნოზირებთ“

„ვფიქრობ, რომ 2017 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი ერთნიშნა იქნება“

საქართველოს ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2018 წელს ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „როიტერსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის ზომიერ შერბილებას გეგმავს.

“ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი განაგრძობს შემცირებას მიმდინარე წლის განმავლობაში და საშუალოდ ინფლაცია ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მოსალოდნელია, რომ თებერვალში წლიური ინფლაცია იანვრის მაჩვენებელზე დაბალი იქნება, თუმცა სამომხმარებლო ფასები ცვალებადია.

გვენეტაძის განცხადებით, ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას „გარკვეული პერიოდის შემდეგ“ დაუბრუნდება.

„2019 წლის ბოლოსკენ – 2020 წლის დასაწყისში, რეფინანსირების განაკვეთი იქნება ნეიტრალურ მაჩვენებელთან ახლოს, რაც 5-6 პროცენტია. ჩვენ შეიძლება უფრო ადრეც – მიმდინარე წლის განმავლობაში დაგვჭირდეს პოლიტიკის შერბილება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, კობა გვენეტაძე ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომ შემცირებას მოელის.

„ვფიქრობ, რომ 2017 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი ერთნიშნა იქნება და ველი, რომ ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება 2018 წელს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე ეკონომიკური ინდიკატორები მიუთითებს, რომ 2018 წელს „იქნება ეკონომიკის გასულ წელს დაწყებული გაჯანსაღების გაგრძელება“.

„ამ ადრეულ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 4.5 პროცენტთან ახლოს, რაც სოლიდური ზრდაა. სჯობს, კონსერვატულად მივუდგეთ სიტუაციის შეფასებას,“ – განაცხადა გვენეტაძემ.

Share