Home » ფინანსები » „ლარის კურსს ეროვნული ბანკი არ განსაზღვრავს, ის მხოლოდ სტატისტიკოსის როლში გვევლინება“
„ლარის კურსს ეროვნული ბანკი არ განსაზღვრავს, ის მხოლოდ სტატისტიკოსის როლში გვევლინება“

„ლარის კურსს ეროვნული ბანკი არ განსაზღვრავს, ის მხოლოდ სტატისტიკოსის როლში გვევლინება“

რატომ მყარდება ლარი

მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე დღეა გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. თუ ორიოდე თვის წინ 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,72 ლარს აჭარბებდა, ახლა კი, 1 დოლარი 2.4637 ლარი ღირს.

ლარის მკვეთრი ცვალებადობა მოსახლეობასაც აბნევს, ბიზნესსაც და ყველას, ვისაც ვალუტის კურსთან შეხება აქვს.

ამჯერად რამ განაპირობა ქართული ვალუტის მკვეთრი გამყარება? – ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის ექსპერტები ესაუბრნენ. ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ახალი არაფერი ხდება და ლარის გამყარება იმ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების შედეგია, რომელიც ლარის კურსზე ყოველთვის მოქმედებს:

დემურ  გიორხელიძე – პირველი ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ ლარის, არამედ ქართული მაკროეკონომიკის უმთავრეს პრობლემად უნდა მივიჩნიოთ, ეს არის ფულის მასის შეუთავსებლობა ეკონომიკასთან. ქართული ფულის მასა არის ძალიან მცირე – ის ჩვენი ეკონომიკის მოცულობის 20%-იც კი არ არის. მთელ მსოფლიოში ეს შეფარდება 1/1-ზეა, ჩვენთან კი, დარჩენილი სიცარიელე უცხოური ვალუტით ივსება და ამიტომ არის ქვეყანაში დოლარიზაციის ხარისხი ძალიან მაღალი. ყველამ იცის, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, იმპორტიორები შეკვეთებს აკეთებენ, კონტრაქტებს დებენ და ამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. როგორც კი ასეთი პერიოდი დგება, ლარის კურსი სწრაფად იცვლება – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლითაც კურსის მკვეთრი ცვალებადობა აიხსნება.

ბუნებრივია, 20% ანუ მეხუთედი ისედაც მწირი ეკონომიკისა, სათანადოდ ვერ ემსახურება ქართულ ეკონომიკას, ამიტომაც არის ფუნდამენტური პრობლემა ლარის კურსის განსაზღვრა. პრაქტიკულად, ლარის კურსს ეროვნული ბანკი არ განსაზღვრავს: ის მხოლოდ სტატისტიკოსის როლში გვევლინება, რომელიც ზის და აკვირდება ბლუმბერგის პლატფორმაზე საქართველოში მოქმედი რომელი ბანკი როგორ ტრანზაქციებს აკეთებს, მერე თითოეული ტრანზაქციის კურსს აიღებს, საშუალო არითმეტიკულს გამოიყვანს და ამას უწოდებს ლარის გაცვლით კურსს. იგი არ ითვალისწინებს გარეთ რა ხდება, ჯიხურებში როგორია მოთხოვნა ლარზე, როგორია არალეგალური ბრუნვა და ა.შ… ესე იგი, რა გამოდის? – თუ მსხვილ ბანკებზეა დამოკიდებული ლარის კურსი, მათ შეუძლიათ ეს კურსი სურვილისამებრ ათამაშონ და ეს სულაც არ არის ბანკების ბრალი, ეს – არასწორი პოლიტიკის ბრალია. გამაოგნებელია ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის დილეტანტური განცხადებები, რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე არ ერევა. ბაზარზე ჩაურევლობა კი არა, გონივრული მართვაა საჭირო. ასეთი სულელური განცხადებები კი, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქართულ ეკონომიკას“, – განაცხადა გიორხელიძემ.

მისივე შეფასებით, ეს არის მთავარი ფაქტორები, რომლის გამოც ლარის კურსი კიდევ ერთხელ, მკვეთრად შეიცვალა: „სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს ქართული ვალუტის მკვეთრ ცვალებადობას, სხვა დანარჩენი – მეორეხარისხოვანია. ლარის კურსი ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკიდან უნდა გამოდიოდეს და მისი რეგულირება გონივრულ ფარგლებში ისევე აუცილებელია, როგორც მთელი ეკონომიკის რეგულირება, ხოლო წყალწყალა განცხადებები ბაზარზე ჩაურევლობის შესახებ, ჩვენი საზოგადოების სისუსტეზე მიანიშნებს: თანამდებობის პირები ასეთ განცხადებებს ვერ უნდა აკეთებდნენ. ჩაურევლობა კი არ არის საჭირო, – ხელისუფლების, საზოგადოების და ბაზრის მოქმედების მექანიზმები მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ამ სამი განუყოფელი ერთეულის ძალისხმევით და გონივრული მართვით მივაღწიოთ სასურველ შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალშიც იმას მივიღებთ, რაც უკვე გვაქვს.“, – დასძინა გიორხელიძემ.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე კი მიიჩნევს, რომ ლარის კურსზე დოლარის დასუსტებამაც სერიოზული გავლენა მოახდინა:

სოსო არჩვაძე – დავიწყებ იმით, რომ ლარის კურსი მცურავია და სისტემატურად იცვლება, ის დოლართან ფიქსირებული არ არის. ბოლო პერიოდში ამას ემატება ის გარემოება, რომ დოლარი დასუსტდა და მისი კურსი სხვა მსხვილ ვალუტებთან მიმართებით დაეცა. ამ ორი თანმხლები ფაქტორის გამო ქართული ვალუტაც გამყარდა. დოლარი რომ არ დაცემულიყო, ასე არ მოხდებოდა. ერთდროულად ორი ხელშემწყობი ფაქტორის თანხვედრას ჰქონდა ადგილი. ლარის კურსზე მარტო დოლარის კურსი კი არ მოქმედებს, კიდევ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგალითად: როგორია ჩვენი ექსპორტის სიდიდე, როგორია ფულადი ტრანზაქციების და ინვესტიციების მოცულობა, ან – ექსპორტ-იმპორტის ბალანსი – ყველა ეს ფაქტორი ერთად განსაზღვრავს ლარის კურსს. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ლარის კურსი ხელოვნურად იმართება: როგორც იტყვიან, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება. ლარის კურსის ფორმირებაში ეროვნული ბანკის როლის გამორიცხვა არ შეიძლება: ეროვნულ ბანკს შეუძლია მიმოქცევაში გამოიტანოს დოლარის მასა და ამით კურსის ცვლილება გამოიწვიოს, მაგრამ ახლა ასეთი რამ არ მომხდარა. პირიქით, სავალუტო საბჭოს სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დატოვეს – 7,25%-ზე იმის გამო, რომ ქვეყანაში ფასები სტაბილური იყოს. სხვათა შორის, აშშ-ში ბანკებს სამჯერ უფრო იაფად შეუძლიათ ფულის სესხება ეროვნული ბანკისაგან, ვიდრე ჩვენთან“, – ამბობს არჩვაძე.

მისივე თქმით, „ბოლო პერიოდში ექსპორტი გაიზარდა, გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობაც და ამ ყველაფერმა, სხვა ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად, ლარის განმტკიცებას შეუწყო ხელი“.

ხათუნა ჩიგოგიძე 

BPN.GE

რომელი კომპანიის ქართულ ღვინოებს ანიჭებთ უპირატესობას?

  • შატო მუხრანი (16%, 182 Votes)
  • მეღვინეობა ხარება (13%, 151 Votes)
  • კახური ტრადიციული მეღვინეობა (13%, 143 Votes)
  • სხვა (12%, 138 Votes)
  • თელიანი ველი (8%, 89 Votes)
  • ბადაგონი (7%, 78 Votes)
  • თბილვინო (5%, 54 Votes)
  • მეღვინეობა შილდა (5%, 53 Votes)
  • GWS (5%, 53 Votes)
  • მილდიანი (5%, 51 Votes)
  • ქვევრის მზე – ტყუპები (4%, 49 Votes)
  • იკანო (4%, 48 Votes)
  • ასკანელი ძმები (4%, 43 Votes)

ხმების რაოდენობა: 880

Loading ... Loading ...
Share