Home » ფინანსები » „ვალი არავის შერჩენია და ფული მოიტანე, ბიჭო”
„ვალი არავის შერჩენია და ფული მოიტანე, ბიჭო"

„ვალი არავის შერჩენია და ფული მოიტანე, ბიჭო”

პრობლემური სესხები თანდათან ქვეყნის მთავარ პრობლემად ყალიბდება. 

ვალის ამოქაჩვას ყველა კომპანია საკუთარი მეთოდით ცდილობს, ზოგი – კანონის ენით, ზოგი კი -ქუჩური გარჩევითა და მუქარით. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს,  საბანკო სფეროს სპეციალისტები და პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტიც ამომღებ კომპანიებს, რომლებიც მუქარის ენით ესაუბრებიან ხალხს, გონიერებისკენ მოუწოდებენ, ვალაუვალ ადამიანებს კი სასამართლოს გზით საქმის მოგვარებას ურჩევენ.

პრობლემური სესხის ამომღები ორგანიზაციის მხრიდან მუქარაზე საუბრობს “რეზონანსთან” თბილისის მცხოვრები ბექა ლ. მისი თქმით, კომერციული ბანკიდან კრედიტი 3 წლის წინ გამოიტანა და გარკვეული მიზეზის გამო, მისი დაფარვა ვერ შეძლო. მომდევნო წელს ძირი თანხის გადანაწილებაზე უარი მიიღო და სესხის თაობაზე დღემდე უკავშირდებიან. ძირითადად, მათი მიდგომა ქუჩურ გარჩევებსა და არაკანონიერ მეთოდებს ემყარება:

“ბანკში 3 წლის წინ ავიღე სესხი. მას შემდეგ რაღაც პრობლემა შემექმნა და ვერ ვახერხებ გადახდას. დათმობაზე არასდროს წამოსულან. ერთი წლის შემდეგ დავიწყე კერძო კომპანიაში მუშაობა, ხელფასს ხელზე ვიღებდი, გარკვეული თანხა მქონდა და ვიფიქრე, ძირ თანხას, რაც ბანკისგან ვისესხე, ეტაპობრივად დავფარავ-მეთქი.

როდესაც დავუკავშირდი, უარი მითხრეს და განმიმარტეს, რომ ჯარიმებს ჩამომაჭრიდნენ, თუმცა პროცენტიც აუცილებლად უნდა დამეფარა ძირითად თანხასთან ერთად. ნამდვილად არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ უზარმაზარი პროცენტიც დავფარო და თვიდან თვემდე თავიც ვირჩინო. მესმის, რომ ვალია და ჩემი გადასახდელია, მაგრამ როდესაც მქონდა შესაძლებლობა, პროცენტს დაგვიანების გარეშე ვიხდიდი, თანაც – საკმაოდ მაღალს, ახლა სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი.

მას შემდეგ 3 წელი გავიდა, ახლა ისევ დამიკავშირდნენ კერძო კომპანიიდან. ბანკს ჩემი ვალდებულება მათთვის გადაუბარებია. მუქარით, ძველბიჭური გარჩევებითა და ქუჩური ჟარგონებით მომთხოვეს ვალის დაბრუნება, თან ისიც დააყოლეს, რომ ვალი არავის შერჩენია და არც მე ვიქნებოდი გამონაკლისი, დროზე ფული მოიტანეო”, – განუცხადა “რეზონანსს” ბექა ლ-მ.

საფინანსო სექტორის მხრიდან მესამე პირისთვის სესხის გადაცემა კანონით გათვალისწინებულია. საფინანსო სექტორი ისეთ სესხებს, რომლებიც ბუღალტრულად საკმაოდ პრობლემურია, თავიდან იშორებს და სხვა კომპანიას ავალებს მის შესრულებას. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ კუკულაძის თქმით, ასეთ დროს მსესხებელმა უნდა მიმართოს სასამართლოს და სამართლებრივი გზით მოაგვაროს პრობლემა.

“ბანკი მესამე პირს გადასცემს ხოლმე სესხს, კანონი იძლევა ამის საშუალებას. ყველა საფინანსო ინსტიტუტი მიმართავს ამომღებ კომპანიას, საკუთარ სახელს უფრთხილდებიან და ურჩევნიათ, ასეთი პრობლემური სესხები სხვა კონკრეტულმა ორგანიზაციამ მოაგვაროს. ამ მეთოდით ბანკი პრობლემურ აქტივებს იშორებს, რაც ბუღალტრულად შავი ლაქაა, “ყიდის” ამ სესხებს და შემდეგ სხვები ცდილობენ, საკუთარი მეთოდით ამოიღონ მსესხებლისგან თანხა. იმ შემთხვევაში, თუ პირს ურეკავენ რომელიმე კომპანიიდან ან ემუქრებიან, სჯობს, მან შეიტანოს სასამართლოში სარჩელი და ასეთი გზით მოაგვაროს დავა”, – განუცხადა “რეზონანსს” კუკულაძემ.

დამუქრება და არაკანონიერი გზით პრობლემური სესხის მქონე პირთან დაკავშირება გაუმართლებლად მიაჩნიათ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტშიც. “რეზონანსთან” საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არის ბევრი საფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც ამ მეთოდს მიმართავენ, თუმცა ეს დაუშვებელი და გაუმართლებელია.

“ჩვენი მუშაობის სტილი ასეთია: ვრეკავთ პრობლემური სესხის მქონე ადამიანებთან, ვთავაზობთ რესტრუქტურიზაციას. ვუხსნით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თანხის გადაუხდელობას, შეიძლება, მათი საქმე გადაეცეს სასამართლოს, შემდეგ შეიძლება, გადაწყვეტილება გადავიდეს აღსრულებაში. ხშირია პასუხები, რომ არაფერი არ გააჩნიათ და არ აქვს მნიშვნელობა, მის საქმეზე სად გაგრძელდება დავა. ასეთ შემთხვევაში პირი “ჩაეშვება” მოვალეთა რეესტრში, თუ რამე აქვს და გააჩნია, ხელფასის შემთხვევაში, ხდება თანხის ჩამოჭრა ანდა უძრავ-მოძრავი ქონება დაუყადაღდება.

პირადად ჩვენ არ ვემუქრებით, მაგრამ ამას ბევრი კომპანია აკეთებს. მე მსმენია ასეთი საქმეებიც, რომ ქუჩური მეთოდებით ურჩევენ საქმეს. ამ პრინციპით მუშაობდა უამრავი ამომღები, ჩანაწერებიც გავრცელდა მათზე. ბოლო დროს მოვალეებიც გაერკვნენ საქმეში და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მიდგომა აღარ მუშაობს”, – განუცხადა “რეზონანსს” პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა.

ნათია ლომიძე
გაზეთი “რეზონანსი”

Loading ... Loading ...

Share