Home » საზოგადოება » 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება დაწესდება
300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება დაწესდება

300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება დაწესდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს.

“პირადად ჩემი აზრია, რომ ფასი დავარეგულიროთ. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს – ან უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეტალონად რამდენიმე ქვეყანა ავიღოთ და მწარმოებლებს ვუთხრათ, რომ ფასი ამ ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით იყოს. ეს ყველა მედიკამენტზე არ უნდა გავრცელდეს. უნდა გავრცელდეს სასიცოცხლოდ აუცილებელ იმ მედიკამენტებზე, რომელსაც ქრონიკულად დაავადებული ადამიანები მოიხმარენ. ასეთი მედიკამენტების ჩამონათვალი დიდი არ არის. ეს არის 300-400 დასახელების, ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტი, რომელიც ქრონიკულ ავადმყოფებს ყოველდიუღად სჭირდებთ და მათ ჯიბეზე ეს უზარმაზარი ტვირთია“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 23-დასახელების მედიკამენტს პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ნახევარ ფასში გაყიდიან, რაც ძალიან დიდი შეღავათია.

“ეს აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. თუკი ტენდენცია შენარჩუნდება და ასორტიმენტი გაფართოვდება, მაშინ პირდაპირი რეგულირების აუცილებლობა აღარ იქნება, მაგრამ თუ ტენდენცია ვერ შენარჩუნდა, მაშინ რეგულირება აუცილებელია“, – დასძინა აკაკი ზოიძემ.

Share