Home » საზოგადოება » 3 თვეში განმეორებული ტრაგედია და კომპანია 160 მლნ დოლარის შემოსავლით – ვინ არის მინდელის შახტის მფლობელი
3 თვეში განმეორებული ტრაგედია და კომპანია 160 მლნ დოლარის შემოსავლით - ვინ არის მინდელის შახტის მფლობელი

3 თვეში განმეორებული ტრაგედია და კომპანია 160 მლნ დოლარის შემოსავლით – ვინ არის მინდელის შახტის მფლობელი

მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. აღსანიშნავია, რომ შახტის სწორედ ამ უბანში 3 თვის წინ, 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის გამო 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ტყიბულის, მინდელის სახელობის შახტის მფლობელი კომპანია „საქნახშირია“, რომელიც ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. მის 100%-იან წილს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვინ ფლობს აღნიშნულ კომპანიას და როგორია მისი შემოსავლები.

რეესტრის მონაცემებით, „იდუსტრიულ ჯგუფს“, რომლის გენერალური დირექტორიც ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილია, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“ ფლობს. ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება რთულია, თუმცა, როგორც ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ „საქნახშირის“ შესახებ 2017 წელს მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, კომპანიის ვებ-გვერდზე 2015 წელს განთავსებული (ამჟამად დოკუმენტი აღარ არის ხელმისაწვდომი) დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად, მართავს და განაგებს ასევე დავით ბეჟუაშვილი. კომპანიის არა-აღმასრულებელი დირექტორი კი დავით ბეჟუაშვილის ძმა, გელა ბეჟუაშვილია.

როგორც კომპანიის ვებ გვერდზე მითითებული ინფორმაციიდან ირკვევა, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) კომბინირებული წლიური გაყიდვებიდან მიღებული 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავლების ბიზნეს კომპანიაა, რომელსაც 4 000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

კომპანიას შახტაში დღეს დილას, მომხდარ შემთხვევაზე განცხადება

ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება  სისხლის საართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ გარდა, ფლობს: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას; „ტიფლის სითის“, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს“; „ევროპული სკოლას”; “ქართული ლუდის კომპანიას“; “კიოტოს”; ,გლობალ ტრანსსა“ და „ინდუსტრია კირის“.

ცნობისთვის, პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად ჯამში, გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში გარდაცვლილია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი.

წყარო: bpn.ge

Share