Home » ეკონომიკა » 23,6%-ით გაუფასურებული ლარი – როგორ შეიცვალა მეზობელი და სხვა ქვეყნის ვალუტების კურსი

23,6%-ით გაუფასურებული ლარი – როგორ შეიცვალა მეზობელი და სხვა ქვეყნის ვალუტების კურსი

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში (2 მარტიდან 25 მარტამდე) თითქმის 66 პუნქტით, 2,79-დან 3,44 ნიშნულამდე გაუფასურდა. 23,6%-იანი ვარდნის მთავარ მიზეზად კორონავირუსი და ამის შედეგად, შენელებული ეკონომიკური ზრდა სახელდება.

„მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს ნაწილი“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

იზოლირებულ კუნძულზე არ იმყოფება აზერბაიჯანი, მაგრამ მისი ეროვნული ვალუტა მყარად 1,70-იან ნიშნულზეა, თურქული ლირაც კი, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე სენსიტიურ ვალუტად შეიძლება ჩაითვალოს, პოზიციებს იმ სისწრაფით არ კარგავს, როგორც ლარი. მაგალითად, მარტში ლირა მხოლოდ 27 პუნქტით გაუფასურდა.

ვალუტის კურსები დოლართან მიმართებით 2 მარტს და 25 მარტს:

  • თურქული ლირა – $1=6,23 ლირა – $1=6,50 ლირა
  • სომხური დრამი – $1=478,80 დრამი – $1=495,43 დრამი
  • აზერბაიჯანული მანათი – $1=1,70 მანათი – $1=1,70 მანათი
  • რუსული რუბლი – $1=66,29 რუბლი – $1=78,30 რუბლი
  • ქართული ლარი – $1=2,7905 ლარი – $1=3,4494 ლარი
  • უკრაინული გრივნა – $1=24,86 გრივნა – $1=27,77 ლარი
  • მოლდოვური ლეი – $1=17,54 ლეი – $1=18,03 ლეი

(წყარო: ეროვნული ბანკები)

BPN.GE

Share