Home » საზოგადოება » 226 სილამაზის სალონიდან 224-ში დარღვევა გამოვლინდა
226 სილამაზის სალონიდან 224-ში დარღვევა გამოვლინდა

226 სილამაზის სალონიდან 224-ში დარღვევა გამოვლინდა

ერთი წლის წინ დაწყებული შემოწმების შედეგად, 226 ე.წ. “სილამაზის სალონიდან” 224-ში დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა ციცო დილებაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული 224 სალონიდან მეორედ 199 გადამოწმდა და მხოლოდ 1 დაჯარიმდა. ჯარიმა აღნიშნულ სალონს სადეზინფექციო ხსნარის არარსებობის გამო შეეფარდა. რაც შეეხება დანარჩენს სალონებს, უწყება არ აკონკრეტებს, თუ რის გამო მიეცათ მათ შენიშვნა.

რაც შეეხება შემოწმების პროცესს, როგორც ციცო დილებაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, 2015 წელს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება შეემოწმებინათ ყველა ის დაწესებულება, სადაც ესა თუ ის პროცედურები კანის შესაძლო დაზიანებით მიმდინარეობდა. ეს შემოწმება ც ჰეპატიტის ელიმინაციის პარალელურად დაიწყო.

“ჩვენ დღეს დაახლოებით 70 დაავადების ეპიდზედამხედველობას ვაწარმოებთ. მათ შორის C და B ჰეპატიტსა და შიდსს. სამივე დაავადება სისხლის გზით გადამდებია, შესაბამისად, შესამოწმებელ დაწესებულებებში შევიდნენ ე.წ. “სილამაზის სალონები”, რომლებიც მომხმარებელს პედიკურს, მანიკურს, ტატუს, პირსინგს და ა.შ. სთავაზობენ ანუ ყველა იმ ესთეტიკურ-კოსმეტიკურ ჩარევას, რომელიც ადამიანის კანის შესაძლო დაზიანებითი პროცესებით მიმდინარეობს,” – განმარტავს ცენტრის დირექტორი.

მისივე სიტყვებით, როდესაც ცენტრის წარმომადგენლები შესამოწმებლად ამა თუ იმ სალონში შედიან, მათ შესაბამისი კითხვარი აქვთ, რომლის მიხედვითაც დგინდება, არღვევს სალონი პროტოკოლით დადგენილ წესებს თუ არა. თუ ესა თუ ის დარღვევა სალონში პირველად გამოვლინდა, ცენტრი შენიშვნით შემოიფარგლება, თუმცა, თუ ხარვეზი მეორე შემოწმებისთვის არ გამოსწორებულა, მაშინ სანქცია ფულადი ჯარიმაა. როგორც ციცო დილებაშვილი გვიყვება, პირველი კითხვა, რომელსაც ცენტრის წარმომადგენლები სვამენ, რეგისტრაციას ეხება, შემდეგი კითხვები კი – სანიტარულ ნორმებს.

“თუ სალონში შესვლისას მონიტორინგის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ის დარეგისტრირებული არაა, ივსება საჯარიმო ოქმი. შარშან სულ 12 ჯარიმა იყო,  აქედან 9 დაურეგისტრირებლობის გამო. 6-ზე შენიშვნა გაიცა, ხოლო 3 დაჯარიმდა სასამართლოს გადაწყვეტილებით,” – აცხადებს ის.

რაც შეეხება ინფექციის კონტროლს, როგორც ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, ცენტრის წარმომადგენლების ამოცანაა არა დაჯარიმება, არამედ სალონის თანამშრომლებში უნარ-ჩევების გამომუშავება და მათი სწავლება. ციცო დილებაშვილის თქმით, ხშირად ცენტრის წარმომადგენლებს დეზინფექციისა და პირველადი დახმარების საბაზისო საკითხების ახსნაც კი უწევთ, თუმცა, როგორც წესი, ასეთი მიდგომა გამართლებულია.

“ის, რომ 224 დარღვევა გამოვლინდა, არ ნიშნავს, რომ მათი უმეტესობა აუცილებლად დეზინფექციის ნორმების დარღვევას ეხება. იქ უამრავი პატარა დეტალია, რომელიც მოწმდება, მათ შორის, მაგალითისთვის, სავარცხლებისა თუ პირსახოცების ოდენობა. თუმცა, თუკი ვხედავთ, რომ სალონში არაა დაცული სანიტარული ნორმები, გვიწევს ახსნა. ზოგჯერ ყოფილა შემთხვევები, როდესაც განგვიმარტავს თანამშრომლებისთვის, რომ ჯერ საჭიროა ინსტრუმენტების გარეცხვა, შემდეგ დეზინფექცია და ბოლოს სტერილიზება,” – ამბობს ციცო დილებაშვილი.

დილებაშვილის თქმით, ცენტრმა სალონები პირველად 2015 წელს შეამოწმა, სულ 582 მათგანი. 2016 წლის 28 აგვისტოდან სალონთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. თუმცა საჯარიმო ოქმებით ცენტრის წარმომადგენლები 2017 წლის აპრილი-ივნისიდან დადიან.

წყარო:netgazeti.ge

Share