Home » საზოგადოება » „22 სასტუმროს ერთიანად აშენება, არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც უპრეცედენტო შემთხვევაა”
„22 სასტუმროს ერთიანად აშენება, არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც უპრეცედენტო შემთხვევაა”

„22 სასტუმროს ერთიანად აშენება, არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც უპრეცედენტო შემთხვევაა”

„ყველაზე დიდი ეფექტი ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წყალტუბოს თემა გადაწყდება და ვინ იქნება მფლობელი, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის ხალხი, ვინც ელოდება სამუშაო ადგილებს, ამოისუნთქებს; ძირითადი თემა ესაა“, – ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გადაცემა „ანალიტიკასთან“ საქართველოს ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს 22 სანატორიუმის გამოსყიდვა და მისი განვითარება გადაწყვიტა.

თემურ ჭყონიას აზრით, ეს არის არა – ინიციატივა, არამედ – გადაწყვეტილება.

„ინიციატივას ნუ დავარქმევთ, ეს უკვე ინიციატივა აღარ არის – ეს უკვე გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილება აქვს მიღებული“, – აღნიშნა ბიზნესმენმა და იმ დადებით ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რაც წყალტუბოს პროექტის ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებას მოჰყვება.

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ძალიან სერიოზული; დადებითი, რასაც მე ვხედავ არის ის, რომ 22 სასტუმრო, რომლის გამოსყიდვაზეც ივანიშვილმა განაცხადა, ერთიანად დამთავრდება, რაც საქართველოს ისტორიაში კი – არა, მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ივანიშვილის მიზანია, რომ ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნას.

სასტუმროებს 22 მფლობელი ეყოლება თუ – ერთი, სამუშაო ადგილების რაოდენობა მაინც ერთიდაიგივე იქნება. თუმცა, თუ 22 სასტუმრო ერთი მმართველის და ერთი ბრენდის ქვეშ იქნება, ეს გაცილებით მომგებიანია და გაცილებით კარგად გაიყიდება მსოფლიო ბაზარზე ტურისტებისთვის, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ დანაწევრდება და სხვადასხვა სახელები დარქმევა. მეორე დიდი პლუსი რაც აქვს ამ ყველაფერს ისაა, რომ ბიუროკრატია, რომელსაც ბიზნესმენები ან ინვესტორები განიცდიან, ჩქარა დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, მერწმუნეთ“, – განაცხადა ბიზნესმენმა და დასძინა: „რა დასამალია, რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა გავლენა აქვს“.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვინმეს საწყენად არ მითქვამს. ზოგი მეტად გავლენიანია, ზოგი – ნაკლებად, მიდგომებიც სხვადასხვანაირია, ამიტომაც ასე ხდება. რაც მეტი გავლენიანი ადამიანი იქნება საქართველოში და რაც უფრო მაგრად მოუგებენ ბიუროკრატიულ სისტემებს, მით უკეთესია ქვეყნის განვითარებისთვი. გავლენასაც მიღწევა უნდა; რა თქმა უნდა, გავლენა ციდან ვერ ჩამოვარდება“, – ამბობს თემურ ჭყონია.

„ანალიტიკასთან“ საუბრისას ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში დაფიქსირებული ის შეთავაზებაც შეაფასა, რომლის თანახმად, ის მზადაა, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე გაასხვისოს წყალტუბოს სანატორიუმები ნებისმიერ ინვესტორზე.

„დეკლარირება, რომ მერე ბიზნესმენებმა იყიდონ ეს სანატორიუმები, გარკვეულ მომენტში ქართველი ბიზნესმენების სისუსტეს აჩვენებს. Gგამოდის, რომ ერთი ბიზნესმენი აშენებს და სხვებმა უნდა იყიდონ და გარკვეული ფასდათმობებით. ჩემი აზრით, მაინც უკეთესია ერთი მფლობელის ოპერირების ქვეშ მოექცეს 22-ვე სასტუმრო, ასე უფრო ძლიერ შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

რაც შეეხება, ზოგადად, წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს, ბიზნესმენს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა, სახელმწიფოს თავისი ვალდებულებებიც აქვს, რაც უნდა შეასრულოს.

„წყალტუბოში, 22 სასტუმროს გარშემო უნდა იქნეს მიღებული მთავრობის გადაწყვეტილება – როგორ შეიძლება, რომ ინფრასტრუქტურა მოაწყონ ჩქარა. მარტო სასტუმრო ხომ არაა საჭირო – გზების მიყვანა უნდა, ბუნებაა გასაშენებელი. საბოლოო სახე რომ მიიღოს, მარტო ბიძინა ივანიშვილიც კი შეძლებს ამას, მაგრამ სახელმწიფოსაც თავისი ვალდებულებები აქვს. რაც არ უნდა მდიდარი იყოს ადამიანი, სახელმწიფოს თავისი ვალდებულება აქვს. ერთი კაცი ვერ ააშენებს მთელს ქვეყანას“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

Share