Home » ეკონომიკა » 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით აგრარული სექტორი თამაშგარეში დარჩა
2020 წლის ბიუჯეტის პროექტით აგრარული სექტორი თამაშგარეში დარჩა

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით აგრარული სექტორი თამაშგარეში დარჩა

 ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის დაფინანსება საარჩევნო წელს ნაკლებად პრიორიტეტულად მიიჩნია

მიმდინარე თვეში პარლამენტში საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. სანამ უშუალოდ დამტკიცდება, საპროექტო დოკუმენტმა კომიტეტებში უნდა გაიაროს მოსმენა და იქნას მოწონებული. სწორედ ამ პროცესის შემდგომ გადაეცემა ის პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად.

მომავალი წლის ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. მისი მოცულობა 14.2 მილიარდი ლარია. გაზრდილია დაფინანსებები სხვადასხვა მიმართულებით – პენსიები, ხელფასები, განათლების სექტორი და სხვა. თუმცა, ახალი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემცირებულია დაფინანსებები სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პროექტებზე.

სწორედ ამიტომ, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილი ვარიანტი კენჭისყრაზე არ დააყენა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ არსებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რამდენადაც რიგი მიმართულებებით დაფინანსება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს მოთხოვნილი იყო და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭისყრაზე ვერ დააყენებს.

„ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ გაზრდილ მაჩვენებელს ნებისმიერ სექტორში , მაგრამ ჩვენ ვართ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორედ ამ დარგის პრიორიტეტიზაცია. ზოგადად 4 მილიონით ვამცირებთ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას, ასევე შემცირებულია სურსათის უვნებლობისა და მცნარეთა დაცვის მიმართულებით სახსრები. მესმის, რომ ფაროსანაზე შეიძლება იმდენის დახარჯვა აღარ იყოს საჭირო, რაც წელს ან შარშან, მაგრამ ეს ჯერ არ ვიცით და სანამ შეჯამება არ მოხდება ნაადრევი მგონია.

ასევე, შემცირებული გვაქვს ვეტერინარიული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლი და მონიტორინგი, ეს ძალიან მძიმე საკითხია. ერთიანი აგროპროექტის ნაწილში მოთხოვნილი იყო 265 მილიონი და მხოლოდ 129 მილიონზე შეჯერდით, ასევე მაინტერესებს პროგრამა „დანერგე მომავალი“ რატომაა ასე იგნორში? ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ გვქონდა მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა, რომელშიც 35 მილიონი იყო მოთხოვნილი და 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, ამ შემთხვევაში რას ვუშვებით ჩვენ იმ 17 მილიონამდე მოთხოვნას, რომელზეც ხელისუფლებას პირობა აქვს მიცემული, რომ დაუკმაყოფილდებათ, ესაა 500-მდე ბენეფიციარი.

ესაა მთელი რიგი საკითხები, რის გამოც ჩვენ დღეს ვერ დავაყენებთ აღნიშნულ ბიუჯეტს კენჭისყრაზე, მე მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ ამ ციფრებს, გაიაროთ კონსულტაცია მთავრობაში და დაბრუნდეთ უკვე განახლებული ციფრებით“, – განაცხადა დანელიამ.

აღსანიშნავია, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაზღვრულია 317 მილიონი ლარით, რაც, 2019 წელთან შედარებით, საბიუჯეტო სახსრების 3 პროცენტით ზრდას გულისხმობს, თუმცა სამ პროცენტიანი ზრდა, როგორც ჩანს არასაკმარისია დაგეგმილი პროექტების სრულად და წარმატებულად განხორციელებისთვის, რაზეც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემაც გაამახვილა ყურადღება.

მსგავსი დამოკიდებულება საზოგადოებაში, უფრო კონკრეტულად კი სოფლის მეურნეობის მიმართულების პროექტებში ჩართულ ადამიანებს და ზოგადად ბიზნესს აფიქრებინებს, რომ 2020 წელს ეს სექტორი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული აღარ არის, რადგან ასეთ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრა უფრო რთულად მისაღწევი ხდება.

შეიძლება სიტუაციას მეორენაირად შევხედოთ – ხომ არ დადგა დღის წესრიგში სოფლის მეურნეობობის იმ პროექტების რენტაბელურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომლებსაც აქამდე აფინანსებდა სახელმწიფო. თუმცა, გრძელვადიან მიზნებზე გათვლილი პროექტების შეფასებლად საჭიროა უფრო მეტი დროის გასვლა სრული სურათის დასანახად და არსებული რეალობის უკეთ გასაანალიზებლად.

კითხვები არსებობს, რომლებსაც პასუხები სჭირდება, პირველ რიგში, შესაბამისი უწყებების მხრიდან.

როგორც აღინიშნა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით იზრდება პედაგოგების, პენსიონერების, სამხედროების, სამართალდამცავების შემოსავლების დაფინანსება. ბიუჯეტის მსგავსად დაგეგმვის გამო, ოპონენტები 2020 წლის ბიუჯეტს საარჩევნო წლის ბიუჯეტად ნათლავენ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის ასე დასათაურებას გარკვეული ობიექტური მიზეზები გააჩნია, რადგან საარჩევნო წელს მმართველ პარტიას მართლაც სჭირდება ამომრჩეველთა ხმების მაქსიმალური მობილიზება.

შედეგად, უნდა დავუშვათ, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი სოფლის მეურნეობის სახით, 2020 წელს, როგორც ჩანს, ნაკლებად პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული.

სანდრო პირველი

Share