Home » საზოგადოება » 2020 წლიდან საქართველოში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს
2020 წლიდან საქართველოში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს

2020 წლიდან საქართველოში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს

2020 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დიზელის ხარისხის სტანდარტი ევრო 4 სტანდარტს შეესაბამება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტების დასანერგად და სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციების გამკაცრებისთვის.

„გარდა ჰაერში ტყვიის მონიტორინგისა, 2018 წელს, მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გააქტიურდა ბენზინში ტყვიის შემცველობის სახელმწიფო კონტროლი. 2018 წელს 143 ავტოგასამართ სადგურზე 250-მდე საწვავის სინჯი იქნა აღებული. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შვეიცარიული კომპანიის (SGS) მიერ. არც ერთ სინჯში ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული პრინციპების დანერგვისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით, ძირეული ცვლილებები განხორციელდება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში.

მნიშვნელოვნად გაიზრდება სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებისთვის დადგენილი სანქციები. დღეისთვის არსებული ჯარიმები იმდენად მცირეა, რომ მას პრაქტიკულად არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია“, – განაცხადა მან.

Share