Home » ბიზნესი » 2020 წლიდან, შესაძლოა, ავტომობილებზე ფასი შემცირდეს – ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

2020 წლიდან, შესაძლოა, ავტომობილებზე ფასი შემცირდეს – ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

მომავალი წლიდან საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%- იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ავტომანქანებზე (ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა). თუმცა 2020 წლიდან სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, რაც განბაჟების გადასახადი განისაზღვრება მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით. ასევე, გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი – კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს და სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს. ორგანიზაცია თავის წევრებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

 2015 წლიდან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა და ავტომატურად ამ ორგანიზაციის საბაჟო კავშირის წევრი გახდა. იმავე 2015 წელს გადაწყდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყანაში საბაჟო გადასახადების გათანაბრება.  ამ პროცესის საბოლოო მიზანი საერთო ბაზრის ჩამოყალიბება უნდა გახდეს. სომხეთში საბაჟო გადასახადების გაზრდა გადაიდო 2020 წლამდე, ანუ ზოგიერთი საქონლისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ივარაუდებოდა, რომ 2020 წლამდე სომხეთის ხელისუფლება ცვლილებებთან ქვეყნის ეკონომიკის ადაპტირებას შეძლებდა.

შესაბამისად, 2020 წლიდან ახალი რეგლამენტი სრულად ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ მანქანა პირადი მოხმარებისთვის ჩამოჰყავს მოქალაქეს, 3 წლამდე წლოვანების შემთხვევაში გადასახადი მანქანის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული – თუკი მანქანის ღირებულება არ აჭარბებს 8500 ევროს, განბაჟების ფასი ღირებულების 54% იქნება. ასევე, – ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე- 2,5 ევრო.

8500-16700 ევროს ღირებულების შემთხვევაში მყიდველს 48%-ის გადახდა მოუწევს, ძრავის თითოეულ კუბურ სმ-ზე კი- არანაკლებ 3,5 ევრო. ავტომობილის 16700 – 42300 ღირებულების შემთხვევაში მოქალაქეები ასევე 48%-ს გადაიხდიან, თუმცა, 5,5 ევროს ძრავის კუბურ სანტიმეტრზე.

და ბოლოს, პრემიუმ კლასის მანქანებისთვის დაწესდა ღირებულების 48% და კუბურ სანტიმეტრზე 20 ევრო.

საბაჟო გადასახადები განსაკუთრებით გაიზრდება  ძველი მანქანებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი ავტოდილერები ახლა იაფად ყიდულობენ და ქვეყანაში დიდი რაოდენობით შეაქვთ, რათა შემდეგ შეაკეთონ და ამით მოგება ნახონ. სომხეთი ძველი მანქანების ერთგვარ “სასაფლაოდ” გადაიქცა, სტატისტიკის მიხედვით, სომხეთში შემოსული მანქანების 90% 7 წელზე მეტი წლოვანებისაა. სომხეთში ასეთ ავტომობილებს სწორედ მისი დაბალი ფასის გამო ყიდულობდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ  ძველ მანქანებზე გადასახადი მანქანის ღირებულებამდე გაიზრდება, მათი ყიდვა შეუძლებელი გახდება.

მაგალითად, თუ 5000 აშშ დოლარის ღირებულებისა და ორლიტრიანი ძრავის მოცულობის 10-წლიანი მანქანის განბაჟება დღეს 2 100 დოლარი ღირს, 2020 წლიდან მასზე გადასახადი, სხვადახვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, თითქმის ხუთჯერ გაიზრდება.

სომხეთის მოქალაქე ავტომობილების იმპორტიორები სომხეთში ავტომობილების იმპორტს 31 დეკემბრამდე ჩქარობენ. ამჟამად დაბალი გადასახადის პირობებში ბევრ მათგანს დიდი რაოდენობით ავტომობილი ჩამოჰყავს. გარდა ამისა, მანქანების გარკვეულ რაოდენობას ყიდულობენ გადამყიდველებიც, რათა შემდეგ მომგებიან ფასში გაყიდონ სომხეთშივე.

სომხეთში შესული ავტომობილების უდიდესი ნაწილი საქართველოშია შეძენილი და, ბუნებრივია, აღნიშნული ცვლილება საქართველოზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ქართველი ავტოდილერები მაქსიმალურად ცდილობდნენ სომხეთში არსებული მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და წლის განმავლობაში იმდენად დიდი რაოდენობით ავტომობილების იმპორტი ხორციელდებოდა,რომ კონტეინერების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, ფოთის პორტში რიგები გაჩნდა და მოქალაქეები საკუთარი ტვირთების მომსახურებას დღეობით ელიან.  პორტის ოპერატორი კომპანია APM თერმინალს-ის გენერალურმა დირექტორის კლაუს ლოურსენსის განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი სწორედ ავტომობილების იმპორტის შესამჩნევი ზრდაა, კონტეინერებიდან ავტომობილების გადმოტვირთვა კი ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რის გამოც ამ სამუშაოს პორტის წარმომადგენლები ყოველთვის დიდი სიფრთხილით ასრულებენ. გაზრდილი რაოდენობის ფონზე კი, პორტი ვერ ახერხებს დროულად მოემსახუროს ყველა მომხმარებელს.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში ფოთის პორტმა 439,388 კონტეინერი (TEU ერთეული) მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 48%-ით მეტია.

ავტომობილების იმპორტისა და რეექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელს, საქსტატის რიცხვებიც ადასტურებენ. 2019 წლის 10 თვეში ავტომობილების რეექსპორტის მოცულობამ 594  მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2018 წელთან შედარებით მთელი 67%-ით მეტია.

ასევე 100 მილიონითაა გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელი სომხეთში – თუკი 2018 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 253 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2019 წლის 10 თვეში უკვე 353 მილიონი დოლარის ექსპორტი გვქონდა. შესაბამისად, სომხეთის ბაზრის ჩაკეტვა ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით საქართველოს ეკონომიკაზეც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს. 

ჯერ–ჯერობით გაურკვეველია რა ბედი ელით ქართველ ავტოდილერებს და როგორ მოახერხებენ ისინი სომხეთის ბაზრის ჩაკეტვის შემთხვევაში საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას და რამდენად შეამცირებს აღნიშნული გადაწყვეტილება რეექსპორტის მაჩვენებელს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. თუმცა ცხადია, რომ მოსალოდნელი ცვლილებები მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ადგილობრივ ავტოდილერებს და მათ ან ფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევთ ავტომობილებზე, ანაც ახალი საესპორტო ბაზრების მოძიება და სომხეთის ბაზრის ჩანაცვლება.

გიორგი კაპანაძე

Share