Home » ეკონომიკა » 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა
2019 წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10 პროცენტით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20 პროცენტით მეტია. მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 86,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელიც დასრულდება ახალი რეკორდული მაჩვენებლით, ვინაიდან, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ექსპორტის რაოდენობა მაღალია სხვა თვეებთან შედარებით“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 24 პროცენტი (3 746 092 ბოთლი), ჩინეთი – ორი პროცენტი (6 323 463), აშშ – 48 პროცენტი (660 874 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 22 პროცენტი (126 493).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 48 პროცენტი (653 322 ბოთლი), გერმანია – 40 პროცენტი (615 723), ბელარუსი – 68 პროცენტი (2 505 617), ისრაელი – 81 პროცენტი (287 023), ესტონეთი – 27 პროცენტი (648 884), რუსეთი – 11 პროცენტი (53 964 172), მოლდოვა – 8551 პროცენტი (612 524), ნიდერლანდები – 22 პროცენტი (88 114), ჩეხეთი – 17 პროცენტი (67 584), შვედეთი – 562 პროცენტი (78 390), ბულგარეთი – 23 პროცენტი (32 934), მონღოლეთი – ხუთი პროცენტი (224 652) და ა.შ.

11 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 60,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67 პროცენტი). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 585 000 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 63 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 56 პროცენტი).

„მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 325 მლნ აშშ დოლარი, რაც 15 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

Share