Home » ფინანსები » 2019 წლის ბიუჯეტი: ხელფასები და სოციალური დახმარებები იზრდება
2019 წლის ბიუჯეტი: ხელფასები და სოციალური დახმარებები იზრდება

2019 წლის ბიუჯეტი: ხელფასები და სოციალური დახმარებები იზრდება

მომდევნო წლის ბიუჯეტი ისტორიულ მაქსიმუმზე, 13 მილიარდ ლარზეა დაგეგმილი,

მთავრობამ პარლამენტს 2019 ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარუდგინა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, საბიუჯეტო პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით საბიუჯეტო მაჩვენებლები გაზრდილია და დამატებულია 270 მილიონი ლარი.

~ხარჯვასთან დაკავშირებული ასიგნებები გაზრდილია პრაქტიკულად 538 მილიონით. 2019 წელს სახელმწიფო პრაქტიკულად თითქმის 13 მილარდ ლარს დახარჯავს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი. გარდა ამისა, 69 მილიონ 500 ათასი ლარით არის გაზრდილი მაჩვენებლები, რომლითაც უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, ვისზეც არის საუბარი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი ციფრები არ ყოფილა~, – განაცხადა კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, პირველ წარდგენასთან შედარებით, 357.0 მლნ ლარით იზრდება.
მათ შორის გადასახადები იზრდება – 80 მლნ ლარით; გრანტები – 102 მლნ ლარით, ძირითადად ევროკავშირთან არსებული საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში; კრედიტები – 145 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება 90 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები, პირველ წარდგენასთან შედარებით, 268.0 მლნ ლარით იზრდება. მათ შორისაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად (20 ლარიანი ფულადი დახმარება + 30 ლარიანი კვების ვაუჩერი) – 70 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროს აღჭურვისთვის – 92 მლნ ლარი.

საკრედიტო საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას ემატება 10 მლნ ლარი და ჯამურად ამ მიმართულებით 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული. იზრდება გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით და ჯამურად რეგიონებში გაზიფიცირებისათვის გაიხარჯება 40 მლნ ლარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 34 მლნ ლარით, მათ შორის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 10 მლნ ლარი.

ამასთან ერთად მომავალი წლიდან მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილს დაუფარავს. სუბსიდირების ახალი წესი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, 20-ლარიან სუბსიდიას ყოველთვიურად მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ის პირი მიიღებს, რომელსაც ოთხი 18 წლამდე შვილი ჰყავს. თუ პირს 4-ზე მეტი შვილი ჰყავს, ყოველ მომდევნო შვილზე, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის გათვალისწინებით, დამატებით არა უმეტეს 10 ლარს მიიღებს.

სოციალურ შეღავათს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის ოჯახი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ შესაბამისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 300 000 პირობით ერთეულზე.

დადგენილებაში განმარტებულია, რომ ამ სუბსიდიის მიღება ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის შეჩერებას-შეწყვეტას ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას არ გამოიწვევს.

რაც შეეხება ხელფასებს, მომდევნო წლიდან ანაზღაურება რიგ სახელმწიფო მოხელეებს ეზრდებათ. 2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალსაც. ასევე, 1-ელი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც.

`მინდა შეგახსენოთ, რომ 2018 წლის ზაფხულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 14 000 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი. ეს პროცესი გაგრძელდება და 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, ეს არის დაახლოებით 2900 ადამიანი. 1-ელი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც~, – განაცხადა ბახტაძემ.

2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

`2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია~, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერის ინიციატივით მომდევნო წლიდან იზრდება სიღარიბეში მცხოვრები არასრულწლოვნების დახმარებაც. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყოფა. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით მომდევნო წლიდან რიგი სახელმწიფო მოხელეების ხელფასები და სოციალურად დაუცველების დახმარებები იზრდება. მთავრობის განცხადებით ეს ნაბიჯები იუნისეფის კვლევის საპასუხოდ გადადგეს, რომელი თანახმადაც 2014-2016 წლებში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა. თუ გავითვალისწინებით იმ ფაქტს, რომ მიზნობრივი დახმარებები, როგორც წესი აღწევს კონკრეტულ ადამიანებამდე, შესაბამისად გაზრდილი სოციალური ხარჯები შეამცირებს სიღარიბეს თუმცა რა დოზით ამას მომავალ წელს ვნახავთ.

მერაბ ჯანიაშვილი

Share