Home » ეკონომიკა » 2019 წლის ეკონომიკური პანორამა

2019 წლის ეკონომიკური პანორამა

მიმდინარე წელი ეკონომიკისთვის საკმაოდ სენსიტიური აღმოჩნდა. ქვეყანამ არაერთი ეკონომიკური შოკი გამოიარა, თუმცა ამასთან იყო რიგი პოზიტიური ცვლილებებისაც, რომელიც დადებითად აისახა ეკონომიკურ კლიმატზე. ერთად გადავავლოთ თვალი, იმ მთავარ პროცესების, რომელმაც ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა და დაგვამახსოვრა თავი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით.


საბანკო რეგულაციები


ქრონოლოგიურადაც რომ გავყვეთ პროცესებს, ახალი საბანკო რეგულაციები პირველი იყო, იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენებიდან, რომელიც მიმდინარე წელს მოხდა და რომელსაც ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა. კვალიფიციურ დაკრედიტების ჩარჩო – სწორედ ასე ჰქვია, სებ-ის რეგულაციათა პაკეტს, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული კანონის მიზანია, საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობს. რეგულაციების ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) არ უნდა დააკისროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ითვალისწინებდა ევროდირექტივაც. ამის მიუხედავადაც ინიციატივას მრავალი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა ერთი წლის თავზე მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ რეგულაციებმა არც ეკონომიკურ ზრდას შეუშალა ხელი და არც რომელიმე ტიპის დაკრედიტება შეამცირა. პირიქით, მაგალითად თუ რეგულაციამდე, ისეთი ტიპის დაკრედიტება, როგორიც არის ბიზნეს სესხები ყველაზე ნაკლებად იზრდებოდა, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბანკები იძულებულები გახდნენ ორიენტაცია ეკონომიკისთვის უფრო სასარგებლო პროდუქტებზე გაეკეთებინათ. მაგალითად, თუ 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 8.2 მილიარდი ლარის ბიზნესსესხი გაიცა, 2019 წლის იმავე პერიოდში, ამ რიცხვმა 11.2 მილიარდს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ თუ მოცემული სესხების მოცულობას სხვა ტიპის სესხების მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე მაღალია.

რუსული სანქციები

რუსეთის დუმის მიერ ინიცირებული სანქციები, საქართველოსგან დამოუკიდებლად იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ნეგატიურ ეკონომიკურ მოვლენად წლის განმავლობაში.

ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს, ოფიციალურად აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები. ამას დაემატა, შეზღუდვა ტუროპერატორებისთვის და მოსალოდნელი სავაჭრო ემბარგო, რომელმაც სრული ისტერია გამოიწვია. მართალია მოგვიანებით გამოირკვა, რომ სავაჭრო ემბარგო ქვეყანას არ ემუქრებოდა, თუმცა ზემოთ ნახსენებმა სანქციებმა, მაინც თავისი ქნა და მხოლოდ ტურიზმიდან ქვეყანას 300 მლნ დოლარი დააკლდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

მართალია ანაკლიის პორტი 2019 წელზე, გაცილებით ადრე დაიწყო და აღნიშნულ პროექტზე მთავრობამ ინტერესთა გამოხატვა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოაცხადა, რომელშიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა, თუმცა პროექტი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე აქტუალობას არასოდეს კარგავდა. მაგრამ, 2019 წელს აღნიშნული პროექტი წლის ეკონომიკურ პანორამაში იმ მიზეზით მოხვდა, რომ კონსორციუმი დატოვა ამერიკულმა მხარემ.

კერძოდ,კონტი ჯგუფმა, რომელიც ანაკლიის პორტის ერთ-ერთი აქციონერი იყო და რომელიც ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა, პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ ცდილობს კონსორციუმი ახალი ინვესტორის მოზიდვას, რომელიც დღემდე ვერ მოიძებნა. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად მისი პროექტში შემოსვლა არ მომხდარა. აღნიშნულის შემდეგ კიდევ უფრო ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებაც, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.


ტანაპის პროექტი


“ტანაპის” პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და პროექტი დასკვნით ფაზაში მიმდინარე წელს შევიდა, მისი დასრულება კი შემდეგი წლისთვის იგეგმება. გაზსადენი ევროპას საშუალებას აძლევს, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი მიიღოს. იმდენად, რამდენადაც საქართველო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, პროექტი საქართველოს საშუალებას აძლევს თითქმის 1.1 მლრდ კუბური მეტრი გაზი, სრულიად უფასოდ მიიღოს, რაც ქვეყანას როგორც ბუნებრივ აირზე ტარიფების შემცირების, შესაძლებლობას აძლევს, ასევე ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს.


ჯანდაცვის რეფორმა, ანუ 520-ე დადგენილება


აღნიშნული ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კლინიკა, რომელსაც სურვილი აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულია იკმაროს ის თანხები, რომელიც ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ, სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული და ბენეფიციარს საკუთარი ჯიბიდან თანხა აღარ გადაახდევინოს. ან უარი თქვას სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობაზე. რაც ნამდვილად სამართლიანი პირობაა, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ კლინიკების არაერთ მანიპულაციას, რომლის მეშვეობითაც ბიუჯეტიდან, გამიზნულად მეტ თანხებს ქაჩავდნენ კლინიკები. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ბიუჯეტის მეოთხედი ჯანდაცვის დაფინანსებაზე მოდის და ის მაინც არასოდესაა საკმარისი.


თუმცა, ამის მიუხედავად რეფორმა გააკრიტიკა ყველამ, ვისაც არ დაეზარა. მეტიც, ზოგიერთბმა ამ რეფორმაში სოციალიზმის საფრთხეც კი დაინახეს. სინამდვილეში კი რეფორმა ნამდვილად დროული და აუცილებელიცაა. უბრალოდ რეფორმის ავტორებმა რამდენიმე სამედიცინო სერვისის დათვლისას, მცირედი შეცდომები დაუშვეს, რამაც რიგ ექსპერტებსა და რაღა თქმა უნდა, დაინტერესებულ მხარეებს ლავირებისა და სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკის საშუალება დაუტოვათ.


პაატა თურქია

Share