Home » ეკონომიკა » 2019 წელი ქართული ღვინისთვის რეკორდული აღმოჩნდა

2019 წელი ქართული ღვინისთვის რეკორდული აღმოჩნდა

ქართული ღვინო პრემიუმ სეგმენტში გადადის – ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 20%-ით გაიზარდა

ღვინის წარმოება და მისი ექსპორტი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის დარგში. საქართველოს მთავრობა, კერძოდ კი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახა, რომლის მიხედვითაც ქართული ღვინო უნდა გადავიდეს საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში. ამის მიღწევას კი ხარისხისა და ცნობადობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებით აპირებს.

ქართული ღვინის სექტორს პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია და წლებია სტაბილურობით გამოირჩევა. მსოფლიო ღვინის რუკაზე საქართველო პოზიციებს უფრო და უფრო იმყარებს, რისი თქმის საფუძველსაც 2019 წელს სექტორში დაფიქსირებული მონაცემები იძლევა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. სააგენტოს ცნობითვე, თერთმეტ თვეში მსოფლიოს 53 ქვეყანაში, ჯამში, 86 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 220 მლნ აშშ დოლარია, რაც 2018 წლის მონაცემზე 20%-ით მეტია.

2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო  86.2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელიც დასრულდება ახალი რეკორდული მაჩვენებლით, ვინაიდან, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ექსპორტის რაოდენობა მაღალია სხვა თვეებთან შედარებით.

11 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა.

რაც შეეხება უშუალოდ მთლიანად 2019 წლის მონაცემებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, 2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 94 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

„2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 94 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წელს ეს ციფრი დიდი ალბათობით 100 მილიონ ბოთლზე ავა. 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს ღვინის ექსპორტი რაოდენობრივად რვა პროცენტით გაიზარდა და თანხობრივად ქვეყანაში 240 მილიონ დოლარამდე შემოსავალი შემოიტანა. ღვინის ფასის ზრდა კიდევ უფრო მაღალია და 16-17 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ქართული ღვინო ადგილს ნელ-ნელა პრემიუმ სეგმენტში იმკვიდრებს, რაც ქართული მეღვინეობის სამიზნე ბაზარია“, – აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ღვინის ექსპორტი უკვე ისეთ ზღვარზე გავიდა, როცა წლიური პროცენტული ზრდა ძალიან მაღალი აღარ იქნება, თუმცა ღვინო ნელ-ნელა პრემიუმ სეგმენტში დაიმკვიდრებს ადგილს.

„თვითონ ციფრი 94 მილიონი ბოთლი და ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია – ძალიან დადებითია და ბევრს მიანიშნებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ რაოდენობაზე გავედით, სადაც პროცენტებში გამოსახული ძალიან მაღალი ზრდა მოსალოდნელი არ არის და დაახლოებით 5-10 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება. 2020 წელს რაოდენობით 100 მილიონს უნდა გადავაჭარბოთ და კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ რაოდენობის რვაპროცენტიან ზრდას, რაც 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, ემატება 16-17 პროცენტიანი ზრდა ღირებულებაში – ანუ თანხა უფრო სწრაფად გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საშუალო ფასი იზრდება და ქართული ღვინო ნელ-ნელა უახლოვდება და იმკვიდრებს ადგილს იმ პრემიუმ სეგმენტში, რაც ჩვენი სამიზნე ბაზარია“, – განაცხადა მეხუზლამ.

როგორც ჩანს, ის ამბიციური მიზანი, რაც ქართული ღვინის საშუალო და მაღალ ფასიან სეგმენტში გადასვლას უკავშირდება, საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხორციელდება, რაზეც ბოლო წლებში დაფიქისრებული ტენდენცია ნათლად მეტყველებს – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ოფიციალური მონაცემებით, ქართული ღვინის ფასი მიახლოებულია წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების ღვინის ფასებთან და არანაირად არ ასოცირდება დაბალფასიან ღვინოებთან.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის 2019 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, 1 ლიტრის ღვინის  საექსპორტო არის: საფრანგეთი – 6,6 ევრო, იტალია – 3,12 ევრო,  საქართველო 3,07 ევრო, გერმანია – 2,71 ევრო,  პორტუგალია – 2,68 ევრო, ესპანეთი  – 1,39 ევრო, და ა.შ.

ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია: 2018 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული 86,2 მლნ ბოთლი ღვინო 2017 წელთან შედარებით რაოდენობრივად  13%-ით, ხოლო ღირებულებით 20%-ით იყო გაზრდილი (203 მლნ აშშ დოლარი). საშუალო საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია 2019 წელსაც შენარჩუნდა: 2019 წლის 11 თვეში ექსპორტირებული 86 მლნ ბოთლი ღვინო 10%-ით, ხოლო ღირებულება (220 მლნ აშშ დოლარი) 20%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე.

2018 წელს საშუალო საექსპორტო ფასი ერთი ბოთლის იყო 2,35 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წელს – 2,55 აშშ დოლარი, ანუ ტენდენცია არის მზარდი. აღსანიშნავია, რომ ღვინის საბოლოო გასაყიდი ფასი დახლზე 3-4-ჯერ აღემატება მეწარმის მიერ დაფიქსირებულ აღნიშნულ საექსპორტო ფასს.

ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებითაც წარმატებული წელი გამოდგა 2019. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 24% (3 746 092 ბოთლი), ჩინეთი – 2% (6 323 463), აშშ – 48% (660 874 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 22% (126 493).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 48% (653 322 ბოთლი), გერმანია – 40% (615 723), ბელარუსი – 68% (2 505 617), ისრაელი – 81% (287 023), ესტონეთი – 27% (648 884), რუსეთი – 11% (53 964 172), მოლდოვა – 8551% (612 524), ნიდერლანდები – 22% (88 114), ჩეხეთი – 17% (67 584), შვედეთი – 562% (78 390), ბულგარეთი – 23% (32 934), მონღოლეთი – 5% (224 652) და ა.შ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციციის ინფორმაციით, იგივე AAWE, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულშია.

AAWE-ს მიერ შედგენილ სიაში ღვინის ექსპორტიორი 60 ქვეყანა მოხვდა, რომელთაგანაც ღვინის ექსპორტის მოცულობით პირველ ადგილზე საფრანგეთია. აღნიშნულმა ქვეყნამ 2018 წელს ყველა დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტი განახორციელა – 11,055 მლრდ დოლარის ღირებულების. ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში არიან: იტალია, ესპანეთი, ავსტრალია და ჩილეც. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ის მე-18 პოზიციაზეა და 2018 წელს, მსოფლიოში 197 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განახორციელა.

ღვინის ექსპორტით საქართველო რეგიონის ლიდერიცაა. მეზობელ ქვეყნებს, ანუ თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს, ღვინის ექსპორტით მნიშვნელოვნად უსწრებს.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციციას მიერ შედგენილ ტოპ-60 ქვეყნის სიაში ბოლო ადგილზე განაა.

2019 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. ღვინის მწარმოებლების თქმით, 2019 წელს, უცხოური ბაზრები მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი გახდა მათთვის. შესაბამისად, ქართველ მეწარმეებს, უფრო მეტად მოუწიათ შრომა იმისათვის, რომ მორგებოდნენ ამ ბაზრების მაღალ სტანდარტებს.

სანდრო პირველი

Share