Home » ფინანსები » 2018 წლის “ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა
2018 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა

2018 წლის “ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის “ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე” (Global Inclusion Awards) რეგიონული “ქვეყნის ჯილდოს” კატეგორიაში გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულ კატეგორიაში ასევე დასახელებული იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო. მათივე ინფორმაციით, 2018 წლის “ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა.

“ქვეყნის ჯილდოს” ნომინაციაში საქართველოს წარდგენა კი განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წელს მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა და განხორციელებულმა პროექტმა. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის “ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზეც” იყო წარდგენილი, თუმცა შარშან გამარჯვება რუმინეთის ეროვნულ ბანკს, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და განათლების სამინისტროს ხვდა წილად.

“ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს მსოფლიოს ქვეყნების იმ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებულ პროგრესსა და ინოვაციურ მიდგომებს იჩენენ ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების, ჩართულობისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

“ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ცერემონიალს, რომელსაც წელს საუდის არაბეთის დედაქალაქი რიადი მასპინძლობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დაესწრო.

2018 წლის 3-4 ივლისს რიადში დიდი ოცეულის ქვეყნების (G20) ინიციატივით შექმნილი პლატფორმის “გლობალური პარტნიორობა ფინანსური ჩართულობისთვის” (GPFI) მორიგი ფორუმი იმართება, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International – ის (CYFI) ინიციატივით წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოება. CYFI საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც ეროვნული ბანკი 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს “გლობალური ფულის კვირეულისა” და ფინანსური განათლების ამაღლებაზე ორიენტირებული სხვა პროექტების ფარგლებში“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share