Home » ეკონომიკა » 2018 წლის ეკონომიკური რეფორმები
2018 წლის ეკონომიკური რეფორმები

2018 წლის ეკონომიკური რეფორმები

2018 წლის ზოგადი სურათი კარგად ასახავს, რომ საქართველოს ეკონომიკა უდიდესი გამოწვევების ფაზაშია როგორც გლობალურ, ასევე საშინაო გარემოში. გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.8%-ს შეადგენდა, ხოლო მომავალი წლების პროგნოზებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის ნავარაუდები. აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ ეფექტიანი რეფორმების არსებობა ხშირად მნიშვნელოვანი წინაპირობაა განვითარებისათვის. საინტერესო ინიციატივების არსებობასთან ერთად, უფრო მარტივად გაანალიზებადი ხდება ტრანსფორმაციის პროცესები ეკონომიკურ პოლიტიკაში. შესაბამისად, სტატიაში წარმოგიდგენთ ძირეულ რეფორმებსა და ინიციატივებს, რომლებიც 2018 წელს იქნა განხორციელებული და რომელმაც მეტნაკლებად ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენა იქონია.

საპენსიო რეფორმა

საპენსიო რეფორმის არსი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნაში მდგომარეობს. ის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. მთავრობა 2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმავს სახელმწიფოში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას. აღნიშნული კანონი პარლამენტმა 21 სექტემბერს მიიღო. საპენსიო სქემიდან გამომდინარე, პროცესში ჩართული იქნება ყველა ის მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას იღებს გაფორმებული კონტრაქტის შედეგად. სისტემის ნაწილობრივი ვალდებულება გულისხმობს, რომ 40 წელზე უფროსებს მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არჩევნის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო 40 წლამდე პირებს დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემაში წარმოდგენილია 3 სუბიექტი: სახელმწიფო, დასაქმებული და დამსაქმებელი. მათი თანამონაწილეობა პროცესში ამგვარად იქნება გამოხატული: დამსაქმებელი, ფონდში, დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასის 2%-ს გადარიცხავს. დასაქმებული – ყოველთვიური ხელფასის 2%-ს, ხოლო სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადიდან 2%-ს გადარიცხავს საპენსიო ფონდში. საბოლოოდ კი დაიზოგება დასაქმებულის მთლიანი ხელფასის 6%.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ იანვარს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპი სპორადული რეგისტრაციები იყო, რომლიც ფარგლებშიც საჯარო რეესტრი, მოქალაქეთა ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე, იწყებდა დოკუმენტაციის მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა 495 900-ზე მეტი რეგისტრაცია. მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება. პროგრამის მეორე ეტაპი სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტია, რომლის ფარგლებშიც მიწები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეგისტრირდება.

ვალების განულების პროგრამა

წინასაარჩევნო პერიოდში ‘’ქართულმა ოცნებამ’’ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დააანონსა. უიმედო ვალების შესყიდვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ბიძინა ივანიშვილის, `ქართუმ~ აიღო. შესაბამისად მოქალაქეები, რომლებსაც მაქსიმუმ 2000 ლარიანი დავალიანება ჰქონდათ საფინანსო კომპანიების მიმართ, დავალიანება ჩამოეწერებათ. ინიციატივას დიდი სოციალური ეფექტი ჰქონდა. მთლიანობაში პროგრამა მილიარდნახევრიან სასესხო პორტფელს შეეხო. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე დაყრდნობით, 600 000-ზე მეტი მოქალაქე ეკონომიკურ საქმიანობას დაუბრუნდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ინიციატივა “ქართუმ” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ წარადგინა.

დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემა

დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის ამოქმედება 2018 წლის ბოლოდან იწყება. გადამხდელებს ზუსტად ეცოდინებათ, რამდენი ლარის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ სისტემის ფარგლებში. აღნიშნული სისტემა არ საჭიროებს პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინფრასტრუქტურას, არამედ დღგ-ს დაბრუნებას ავტომატურ რეჟიმში განახორციელებს. პრემიერმინისტრის განცხადებით, ავტომატური დაბრუნების სისტემის ფარგლებში, 2018 წლის ბოლომდე, საწარმოებს 520 000 000 ლარის ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ.

მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა

მიკრო და მცირე ბიზნესის წახალისების პროგრამის მნიშვნელობაზე, 2018 წლის ივლისში, პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა, პროგრამა, “ერთადერთი” გზაა ისეთი ეკონომიკური გამოწვევის დასაძლევად, როგორიცაა უფრო დიდი საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმები ხშირად აიძულებდა მცირე მეწარმეებს, რომ ჩრდილოვან ეკონომიკაში ყოფილიყვნენ.

მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს ეხება. მცირე ბიზნესის სტატუსი იმ ადამიანებს მიენიჭებათ, რომელთა შემოსავალიც იქნება არაუმეტეს 500 000 ლარისა, წლის განმავლობაში; მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი მცირდება 5%-დან 1%-მდე; მცირე ბიზნესისთვის ნარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. მცირე მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა დღგ-ს გადამხდელებად დარეგისტრირდნენ, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად.

მეგი ქავთარაძე

Share