Home » ეკონომიკა » 2018 წლის ეკონომიკური პანორამა
2018 წლის ეკონომიკური პანორამა

2018 წლის ეკონომიკური პანორამა

2018 წლის ეკონომიკური პანორამა

2018 წელს საქართველოს ეკონომიკაში არსებული გამოწვევები უცვლელია. სიღარიბე, მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის დიდი რაოდენობა, ფასების ზრდა, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი მაჩვენებელი და კიდევ სხვა თანმდევი პრობლემები, მმართველი ძალისთვის ჯერჯერობით მოუგვარებელ პრობლემებად ნარჩუნდება. მთავრობა როგორც წესი ამ პრობლემებთან საბრძოლველად  ცდილობს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, ფასების დასტაბილურებას, მიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელებას, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებას და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მიკრო და მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუმჯობესებას.  ვნახოთ რამდენად წარმატებული იყო 2019 წელი მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის იმ ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე დადებით ზეგავლენას ახდენს.

ეკონომიკური ზრდა

თანამედროვე მსოფლიოში, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებისთვის თუ სხვა ოფიციალური პირებისთვის, ეკონომიკური ზრდის (მშპ) მაჩვენებელი ერთ-ერთი ოფიციალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რის მიხედვითად ხდება გაზომვა, თუ რამდენად წარმატებულია ეკონომიკური პროგრესი ქვეყანაში. უკანასკნელ წლებში მსოფლიოს გავლენიან ეკონომისტთა წრეში გარკვეული შენიშვნები დაგროვდა იმასთან დაკავშირებით, რომ მშპ-ს მაჩვენებელი ობიექტურად არ ასახავს ეკონომიკაში არსებულ რეალობას, და რომ მისი განსაზღვრის წესი გადასახედია. ამ შეფასებას აქვს ობიექტური საფუძველი, ვინაიდან შესაძლოა მშპ-ს ზრდაზე ისეთმა ფაქტორებმა იქონიონ გავლენა, რაც ძალიან სუსტ კავშირშია მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან საყოველთაოდ. შესაბამისად მთავრობამ ისეთი სექტორების განვითარებაზე და სტიმულირებაზე უნდა გააკეთოს მაქსიმალური აქცენტები, სადაც მოსახლეობა მასიურად მონაწილეობს ეკონომიკისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაში. 2018 წლის მშპ-ს ოფიციალური მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გასული წლების სტატისტიკა არსებობს, რაც დამაიმედებელ სურათს არ იძლევა, მაგალითად 2013-2017 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3,7%-ით იზრდებოდა, ხოლო 2018-2022 წლებში საშუალოდ 5,2%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მომდევნო წლებშიც ვერ იგრძნობს მისი ცხოვრების გაუმჯობესებას ჯიბეზე, თუ ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს არ მიაღწია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქართველოსთვის, სადაც ძირითად კაპიტალთან წვდომა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ბიზნესისთვის, უცხოურ ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 2012-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ 16,9%-ით იზრდებოდა. მნიშვნელოვაია აღინიშნოს, რომ ეს საშუალო მაჩვენებელი მეტწილად 2014 წლის 78%-იანმა ზრდამ განაპირობა, თუმცა პროგრესი შენარჩუნებულია. სავარაუდოდ 2018 წელს FDI-ის მაჩვენებელი შემცირდება, ვინაიდან პირველი სამი კვარტლის მონაცემები გასული წლის FDI-ს თითქმის 50%-ს შეადგენს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბოლო კვარტალში მილიარდამდე ინვესტიცია შემოვიდეს. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს დაძაბულ პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოს.  როგორც წესი მსგავს სიტუაციებში უცხოელი ინვესტორები თავს იკავებენ თანხების დაბანდებისგან და მოლოდინის რეჟიმში არიან.

სტაბილურად მცირეა პორთფელური ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციების ჭრილში, რაც საქართველოში სააქციო საზოგადოებების სიმცირეზე და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობაზე მეტყველებს.

ინფლაცია

2018-2020 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შედაგენს, რასაც ეროვნული ბანკი ეკონომიკის განვითარების მოცემული ეტაპისთვის სასურველ დონედ მიიჩნევს. წლიური ინფლაციის დონემ ნოემბრის თვეში 1,9 პროცენტი შეადგინა. ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, თუმცა თუ ვნახავთ სამომხმარებლო ფასების დეტალურ ინდექსებს, ვნახავთ, რომ გასულ წელთან შედარებით ფასების ზრდა ფიქსირდება ჯანდაცვის სექტორში, მედიკამენტების ბაზარზე, მნიშვნელოვან ხშირად მოხმარებად საკვებ პროდუქტებზე. ფასების ზრდის სტიმულირებას ახდენს ლარის კურსის ვარდნა დოლართან მიმართებაში, რამაც 2018 წელს ახალი „რეკორდები დაამყარა“. შესაბამისად მნიშვნელოვანია რეალობას თვალი გავუსწოროთ და აღვნიშნოთ, რომ ხშირად სტატისტიკური მონაცემი ფაქტობრივ რეალობას მთელი სიზუსტით არ ასახავს.

საფინანსო სექტორი

საფინანსო სექტორი საქართველოში ძირითადად წარმოდგენილია საბანკო სექტორით, რომელიც სტაბილურად განაგრძობს ზრდას. 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 38 მილიარდს აჭარბებს, რაც მშპ-ს 101%-ა, ხოლო წმინდა მოგება 2018 წლის 11 თვეში 795 615 მილიონს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. ამასთან ვხედავთ, რომ ბოლო ხუთი წლის სტატისტიკით საბანკო სექტორის წმინდა მოგება იზრდება, თუ იგივე 2012 წლის მონაცემებით წმინდა მოგება 134 მილიონი ლარი იყო, 2017 წლის ბოლოს მოგების მაჩვენებლი 867 მლნ ლარამდე ანუ 6.5 ჯერ გაიზარდა. საბანკო სექტორის მომგებიანობის ზრდის დინამიკა უშუალოდ არის დაკავშირებული აქტივებისა და საკრედიტო პორთფელის ზრდის მაჩვენებელთან. აქტივების მოცულობა გაზრდილია 14.3 მლრდ ლარიდან 38 მლრდ ლარამდე ანუ 2,8-ჯერ, ხოლო წმინდა საკრედიტო დაბანდებების მოცულობა 8.1 მლრდ ლარიდან 21.9 მლრდ. ლარამდე ანუ 2.7 ჯერ, რაც 270 %-ის ექვივალენტურია.

რაც შეეხება საპროცენტო შემოსავლებს, გასული წლის იანვარ-დეკემბრის მიხედვით შემოსავლები ფიზიკური პირების სესხებიდან 1,584 მლრდ ლარი იყო, რაც სესხებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების 64%-ია, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 870 მლნ ლარი შეადგინა, მთლიანი შემოსავლების 36 %.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში საბანკო სექტორი ყველაზე წარმატებული სექტორია როგორც მომგებიანობის კუთხით, ისე აქტივების და სხვა პარამეტრების ზრდის თვალსაზრისით. შესბამისად ეკონომიკური განვითარების პროცესში მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის სიღარიბის შემცირება და ლიდერი ბანკების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება. მნიშვნელოვანია, რომ კომერციულმა ბანკებმა აქტიური ნაბიჯები გადადგან ბიზნეს სესხების გაცემის მიმართულებით, უფრო მეტად დახვეწონ საბანკო პროდუქტები და ის არამარტო საკუთარი ინტერესების შესაბამისად დაგეგმონ, არამედ საზოგადოების იმ ფენების ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც დოვლათის შექმნაში მონაწილეობენ. გარდა ამისა კომერციულმა ბანკებმა აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების კუთხით, რომლის არქონის გამო საზოგადოებაში მათ მიმართ მხოლოდ ნეგატიური მუხტია.

შოთა გულბანი

აფბას პრეზიდენტი

Share