Home » ეკონომიკა » 2018 წელს სოფლის მეურნეობის დარგში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება
2018 წელს სოფლის მეურნეობის დარგში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება

2018 წელს სოფლის მეურნეობის დარგში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება

გაცემული შეღავათიანი კრედიტები და სხვა პროექტები – რა დივიდენდები მოაქვს სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ქვეყნისთვის

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგად სოფლის მეურნეობა დაასახელა. ამ დარგის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობას უამრავი პროექტი თუ პროგრამა აქვს. მაგალითად, აგროდაზღვევის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის, შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების, ახალგაზრდა მეწარმის, დანერგე მომავალი და სხვა პროექტები.

მაგალითისთვის, “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტის დასაწყისიდან დღემდე გაიცა 1 მილიარდ 240 მილიონ ლარის და 247 მილიონი დოლარის 32,600-ზე მეტი სესხი როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებებისთვის. შედეგად, ამოქმედდა 185 ახალი და გადაიარაღდა 880 საწარმო. ძირითადი მიმართულებებია მესაქონლეობა, მემცენარეობა, მეხილეობა.

კონკრეტულად კი, მიმდინარე 2018 წელს, “შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში გაიცა 3,100 სესხი 211,8 მილიონი ლარის ოდენობით და 4 სესხი 357,380 აშშ დოლარის ოდენობით. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში “შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში გაცემული სესხები ლარში ნაკლებია 2017 წლის მაჩვენებელზე, ასევე შემცირებულია დოლარში გაცემული სესხებიც. 2017 წელს 2,382 სესხი 297,1 მილიონი ლარის ოდენობით და 36 სესხი 4,820,767 აშშ დოლარი ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა.

მართალია სოფლის მეურნეობის დარგი ნელ-ნელა ვითარდება, თუმცა სექტორში გარდამტეხი გარღვევა არ მომხდარა, რის გამოც მედიაში ხშირად შევხვდებით სხვადასხვა ტიპის სტატიებსა თუ სიუჟეტებს, სადაც ამ პროექტების მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების ნარატივია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ სოფლის მეურნეობაში 2018 წელს დაფიქსირებული ძირითადი ტენდენციები.

2018 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, 1,219.3 მილიარდი აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია იქნა იმპორტირებული, რაც 2017 წელთან შედარებით 176 მილიონი დოლარით მეტია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 1,042.3 დოლარი იყო. ტოპ 5 იმპორტირებული აგროპროდქციის სია შემდეგია: სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან დამზადებული პროდუქცია, ხორბალი და მესლინი, შაქარი, ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული, შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები.

რაც შეეხება ექსპორტირებულ პროდუქციას, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, 864.0 აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2017 წლის მონაცემზე 182 მილიონი აშშ დოლარით მეტია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 682.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ტოპ 5 აგროპროდუქციის ექპორტირებული სია შემდეგია: ყურძნის ნატურალური ღვინოები, სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან დამზადებული პროდუქცია, ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, კაკალი.

როგორც ვხედავთ, სოფლის მეურნეობის დარგში იმპორტზე დამოკიდებულება ექსპორტის ზრდის პარალელურად გაზრდილია.

დადებითი დინამიკა შეინიშნება ღვინის ექპორტის მიმართულებით.2018 წელს, იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-იანია. მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს.

რაც შეეხება ყურძნის გადამუშავების დარგს, 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით, 292 კომპანიის მიერ 245 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ 312 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. აქედან, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 235 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, ღირებულებით 288 მლნ ლარი.

გაზრდილია აგრობიზნესის მთლიანი გამოშვებაც. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალში, აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ 2.7 მლრდ ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 185.9 მლნ ლარით (7.5%) აღემატება. რაც შეეხება აგრობიზნესის მთლიანი გამოშვების 3 კვარტლის ჯამურ მაჩვენებელს, 2018 წელს 6.8 მლრდ ლარი შეადგინა და 337.2 მლნ ლარით (5.2%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს როგორც პირველადი პროდუქციის, ასევე პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ღირებულებას. შესაბამისად, განვიხილოთ ცალ-ცალკე თითოეული კომპონენტი.

შემცირებულია მთლიან შიდა პროდუქტში (მუდმივ ფასებში) სოფლის მეურნეობის წილი.

2018 წლის III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა – სექტორში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.5 მლნ ლარით (3.8%) გაიზარდა და გარკვეულწილად დააბალანსა I და II კვარტალებში დაფიქსირებული კლების მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, 2018 წლის 3 კვარტლის ჯამური მაჩვენებლის კლებამ მხოლოდ 7.5 მლნ ლარი (0.6%) შეადგინა.

მართალია, რიგი მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება, თუმცა დარგის სრულად განვითარება და იმპორტდამოკიდებულების შემცირება ვერ ხერხდება. სოფლის მეურნეობა ხასიათდება ინვესტორთთავის მაღალი რისკის შემცველ დარგად და მათ ფულის დაბანდება იმავე საფინანსო ან სხვა ნაკლებადრისკიან დარგში ურჩევნიათ. თუმცა, სხვადასხვა პროექტების სახით ხელისუფლება ცდილობს განავითაროს სექტორი, რაც დროში გაწელილი პროცესია. მსხვილი კერძო ინვესტორების არსებობის შემთხვევაში კი ყველაფერი გაცილებით სწრაფად მოხდება. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთან და უკვე ჩინეთთანაც, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის და აქ ოპერირების საკმაოდ წარმატებულ პერსპექტივას იძლევა.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share