Home » ეკონომიკა » 2018 წელი სახელმწიფო კომპანიებმა 805 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
2018 წელი სახელმწიფო კომპანიებმა 805 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

2018 წელი სახელმწიფო კომპანიებმა 805 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

რას დაუპირისპირებს სახელმწიფო წამგებიან კომპანიებს

შემდეგი წლისთვის სახელმწიფო პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას აპირებს, ამის შესახებ გასულ კვირას, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ჩანს აღნიშნული გადაწყვეტილება იმ არასახარბიელო მონაცემებმა განაპირობა, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტის დანართში ვიხილეთ.

კერძოდ, 2018 წელს სახელმწიფო კომპანიების ჯამურმა ზარალმა 805 მლნ ლარი შეადგინა. სახელმწიფო კომპანიები თითქმის ყველა სფეროში გვხვდებიან და ისინი ოპერირებენ ჯანდაცვის, სოციალური დახმარების, კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევის, უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის სფეროებში. სახელმწიფო კომპანიები, ასევე, გვხვდებიან ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში, ელექტროენერგიისა და წყლის წარმოება მომარაგების სექტორებში. სულ სახელმწიფოს საკუთრებაში 2018 წლის მონაცემებით 236 საწარმოა. აქედან ყველაზე მსხვილ საწარმოებს „საპარტნიორო ფონდი“ აერთიანებს. სახელმწიფო საწარმოების საერთო ზარალში სწორედ „საპარტნიორო ფონდზე“ მოდის 609 მლნ ლარზე მეტი.

მაგალითად, უკვე რამდენიმე წელია, წელს ზარალით ამთავრებს, ს.ს „საქართველოს რკინიგზა“, რომლის ზარალმაც გასულ წელს თითქმის 700 მლნ-ს მიაღწია, 102 მლნ ზარალით დაასრულა წელი, შპს „მარაბდა კარწახის რკინიგზამ“, თითქმის 53 მლნ ზარალი ნახა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამაც“. საგულისხმოა ისიც, რომ 2018 წელს უმსხვილესი 67 სახელმწიფო კომპანიის მთლიანმა ვალდებულებებმა მშპ-სთან მიმართებით 18.5% შეადგინა.

საერთო სურათს, მეტ-ნაკლებად ანეიტრალებს, „სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომლის მოგებამაც 2018 წელს 46 მლნ ლარი შეადგინა და „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, რომლის მოგებამაც 161 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ როგორც უკვე ვახსენეთ მსხვილ საწარმოებს, „საპარტნიორო ფონდი“ აერთიანებს. შესაბამისად, კომპანიების მოგება-ზარალსაც ეს უკანასკნელი განკარგავს და რომც მოახერხონ მომგებიანმა კომპანიებმა ზარალზე გასული კომპანიების გადაფარვა, საპარტნიორო ფონდი მიღებულ დივიდენდებს საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს, რომელიც ძირითად შემთხვევაში ვალების მომსახურებას ხმარდება.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ წინა წელი არ ყოფილა გამონაკლისი, არამედ ბოლო 5 წელია სახელმწიფო კომპანიები წელს ზარალით ასრულებენ. მაგალითად, 2013 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების საერთო ზარალმა 45 მლნ ლარი შეადგინა, 2014 წელს ეს რიცხვი 61 მლნ -მდე გაიზარდა, 2015 წელს 757 მლნ -ს გაუტოლდა, 2016 წელს – 2015 წელთან შედარებით მცირედით შემცირდა ზარალიანობა და 437 მლნ შეადგინა, 2017 წელს კი, ისევ გაიზარდა 562 მლნ- მდე.

კომპანიების წამგებიანობის, რამდენიმე მთავარი მიზეზი სახელდება. ერთ-ერთია კომპანიების წარმადობის მნიშვნელოვანი კლებაა. აღნიშნული თეორია ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს და ამის ნათელი მაგალითი „საქართველოს რკინიგზაა“.

მაგალითად, “საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს, ტვირთის გადაზიდვა წარმოადგენს, რომელიც წლიდან- წლამდე შეუქცევადად მცირდება.

კერძოდ, თუ „საქართველოს რკინიგზამ“ 2015 წელს ტვირთების გადაზიდვით 440 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 292.6 მლნ ლარამდე შემცირდა, 2017 წელს ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი 312,9 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა მაინც ჩამოუვარდებოდა 2015 წლის მონაცემს, 2018 წელს კი ეს რიცხვი 292,9 მლნ ლარს არ აღემატებოდა.

ასეთი რთული მდგომარეობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სახელმწიფო კომპანიების გაუმჭვირვალობა და კომპანიებში არსებული ნეპოტიზმიც. მაგალითად, სახელმწიფო კომპანიების არასაკმარის გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე ხაზგასმით არის საუბარი სახელმწიფო აუდიტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ სახელმწიფო საწარმოების მართვის და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტში, სადაც აღნიშნულია, რომ არსებული სისტემები საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას შეაფასოს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა და დაინახოს, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემები. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების გაუმჭვირვალე საქმიანობა აჩენს კორუფციის, ნეპოტიზმის და ინტერესთა შეუთავსებლობის მნიშვნელოვან რისკებს.

ბოლოსკენ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო აცნობიერებს იმ რისკებს რომელსაც სახელმწიფო კომპანიები, ფისკალური მიმართულებით უქმნიან ქვეყანას, ასევე ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო არ არის ეფექტური მენეჯერი, რის საპასუხოდაც ეკონომიკის სამინისტრო, შემდეგი წლიდან არსებულ პრობლემებს, დაჩქარებულ პრივატიზაციას დაუპირისპირებს და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ აქტივებს კერძო სექტორში გადააბარებს.

პეტრე ინაური

Share