Home » ეკონომიკა » 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად არ ჩერდება

18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად არ ჩერდება

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება.

ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი.

როგორც დადგენილებაშია განმარტებული, ეს საქმიანობებია:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოება;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაცია;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება/დისტრიბუცია/რეალიზაცია;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურება;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა;

ს) პრესის ჯიხურები.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

ასევე, საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

„ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

Share