Home » ბიზნესი » 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა –  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს.

12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა.

როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3 კვირაში გაფუჭდა და დღემდე ელოდება მის შეკეთებას, თუმცა მთავარი პრეტენზიები მიმართულია მომსახურებაზე და მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულებაზე.

„ალტაში“ აქციის დროს ვიყიდე დიდი რაოდენობის ტექნიკა მთელი სახლის მოსაწყობად, რაშიც დაახლოებით 12 ათასი ლარი დავხარჯეთ. ჩართვიდან 2-3 კვირაში ტელევიზორი გაგვიფუჭდა, მალევე მიქსერი გადაიწვა და ახლახან – სარეცხის მანქანა.

„ალტაში“ რომ ვრეკავთ, გვამისამართებენ საგარანტიო კომპანიასთან, რომელიც არის „ტექპოინტი“ ან „ტექსერვისი“. იმ პერიოდში, როცა გაფუჭდა ტექნიკა პანდემია დაემთხვა და გაგებით მოვეკიდეთ სიტუაციას.  17 მაისს კი, როცა ყველაფერი გაიხსნა, ჩვენ თვითონ მივუტანეთ ეს ტექნიკა. შეკეთების ვადად ჯერ გვითხრეს ერთი თვე, მერე – ორი თვე. საბოლოოდ ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო ივნისის ბოლოს.  

ტექნიკა მომიტანეს სამშაბათს – ტელევიზორი და მიქსერი.  მიქსერი საერთოდ არ აღმოჩნდა ჩემი და არ აღმოჩნდა გაკეთებული. სარეცხის მანქანას კი კიდევ 5 სამუშაო დღე სჭირდებაო.  ამასობაში, „ალტაში“ რეკავ და გეუბნებიან, რომ საგარანტიო კომპანიასთან გამისამართებენ.  

მათთან კომუნიკაცია კი არის წარმოუდგენელი – გეუბნებიან, რომ გადმორეკავენ და აღარ რეკავენ.  შესაბამისად, ბოლო 1 კვირაა მე თვითონ ვურეკავ, რომ მომიტანონ, ვეუბნები რომ დამაკავშირონ მენეჯერთან, მეუბნებიან, რომ დაველოდო, თუმცა მალევე ითიშება მობილური და არავინ არ მირეკავს.  „ალტას“ რატომღაც არ აინტერესებს გაყიდვის მერე რა ხდება.

როცა ყიდულობ რამე ტექნიკას,  პასუხისმგებელი არის ის, ვინც მოგყიდა.  თუ კიდევ მაწვალეს ალბათ ვუჩივლებ თუ  რამე იურიდიული ძალა არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომ სერვისზე ვინმეს უჩივლო.  მხოლოდ ლამაზი რეკლამები და მარკეტინგი არ არის კომპანია,“ – აცხადებს ნინო ტორონჯაძე.

„კომერსანტი“ “ალტასაც” დაუკავშირდა, თუმცა კომპანია კომენტარს არ აკეთებს. 

commersant.ge

Share