Home » მსოფლიო » ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს.

დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ.

“ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან კომფორტულია. თავს ღირსეულად გრძნობ და საკმაოდ დიდი სივრცეც გაქვს”, – ამბობს პროექტ GoBanyo-ს ავტორი დომინიკ ბლოჰი, რომელიც წლების განმავლობაში თავადაც უსახლკარო იყო, – “როცა ჭუჭყიანი ვიყავი, გამვლელები თვალს მარიდებდნენ და ცდილობდნენ, მომრიდებოდნენ, რაც თავს იზოლირებულად მაგრძნობინებდა”.

სწორედ ამ გამოცდილებამ უბიძგა 31 წლის დომინიკს, უსახლკაროებისთვის ცხოვრება ამ გზით შეემსუბუქებინა.

იდეის ავტორი, დომინიკ ბლოჰი

ავტობუსში სამი საშხაპე და ტანსაცმელების კარადაა განლაგებული. ერთ-ერთი ოთახი ეტლით მოსარგებლეებზეა მორგებული. “ჩამოწერილი” ავტობუსის გადაკეთება 140 000 ევრო დაჯდა. პროექტისთვის ფული ინტერნეტმომხმარებლებმა გაიღეს.

“3500-ზე მეტმა დონორმა დაახლოებით 50 ევრო შემოგვწირა. ამ წუთისთვის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტობუსი კიდევ 6 თვის განმავლობაში ივლის. რა თქმა უნდა, თანხის შეგროვებაზე ზრუნვას ისევ გავაგრძელებთ”, – ამბობს GoBanyo-ს დირექტორი ქრისტიან პოელმანი.

ავტობუსით სარგებლობა დღეში 30 ადამიანს შეეძლება და ის ისეთ ადგილებში მივა, სადაც ბევრი უსახლკარო იყრის თავს. ჰამბურგში 2000-მდე უსახლკარო ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ ასეთივე ავტობუსმა ბერლინშიც დაიწყო მოძრაობა. 

ON.GE

Share