Home » მსოფლიო » ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ოთხი ყველაზე იმედისმომცემი პრეპარატის უპრეცედენტო მეგატესტირებას იწყებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ოთხი ყველაზე იმედისმომცემი პრეპარატის უპრეცედენტო მეგატესტირებას იწყებს

აივ ინფექციის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების კომბინაცია. მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი მალარიის სამკურნალო საშუალება. ებოლას წინააღმდეგ შექმნილი ახალი ანტივირუსული პრეპარატი.

შეიძლება თუ არა, რომ რომელიმე მათგანი საკვანძო აღმოჩნდეს COVID-19-ისგან პაციენტების დასაცავად? ორი დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფართო გლობალური ცდების დაწყების შესახებ განაცხადა, რომელსაც „სოლიდარობა“ (SOLIDARITY) უწოდა; ცდების მიზანია დადგინდეს, შეუძლია თუ არა რომელიმე მათგანს ახალი კორონავირუსით გამოწვეული სახიფათო რესპირატორული დაავადების მკურნალობა. ეს გახლავთ უპრეცედენტო, ყოვლისმომცველი, კოორდინირებული ძალისხმევა სამეცნიერო მტკიცებულებათა შეგროვებისათვის სწრაფად გავრცელებადი პანდემიის პირობებში. გადაწყდა, რომ კვლევა, რომელშიც ათასობით ადამიანი ჩაერთვება ათეულობით ქვეყნის მასშტაბით, უნდა იყოს რაც შეძლება მარტივი, რომ მასში მონაწილეობა COVID-19-ის პაციენტებით გადაჭედილმა საავადმყოფოებმაც მიიღოს.

COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა დაახლოებით 15 პროცენტს დაავადების მძიმე სიმპტომები აქვს, გადავსებულია საავადმყოფოები და სასწრაფოდ არის საჭირო პრეპარატები. გამომდინარე აქედან, ახალი პრეპარატების შექმნის სანაცვლოდ, რამაც შეიძლება წლები წაიღოს, მკვლევრები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოები ცდილობენ გამოიყენონ სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ შექმნილი უსაფრთხო პრეპარატები. ამავე დროს სცდიან ჯერ დაუდასტურებელ წამლებს, რომლებმაც კარგი შედეგები აჩვენეს ცხოველებზე ცდისას ორი სხვა სასტიკი კორონავირუსის წინააღმდეგ — საუბარია მწვავე რესპირატორულ სინდრომზე (SARS) და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომზე (MERS).

პრეპარატებმა, რომლებიც კლავენ ან ანელებენ ახალ კორონავირუსს, სახელად SARS-CoV-2, შეიძლება გადაარჩინოს მძიმე პაციენტთა სიცოცხლე და ამავე დროს, გამოვიყენოთ პროფილაქტიკისთვისაც, რათა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი და სხვა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები. ასეთმა სამკურნალო საშუალებებმა ასევე შეიძლება შეამციროს ინტენსიური მკურნალობის დროც, რაც საავადმყოფოებში გამოათავისუფლებს კრიტიკულად საჭირო საწოლებს.

მეცნიერები ათეულობით უკვე არსებული საშუალების ტესტირებაზე ფიქრობენ, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფოკუსირებულია როგორც ის აღნიშნავს ოთხ ყველაზე იმედისმომცემ საშუალებაზე — ექსპერიმენტული ანტივირუსული პრეპარატი სახელად რემდესივირი; მალარიის სამკურნალო საშუალებები ქლოროკინი და ჰიდროქსიქლოროკინი; აივ ინფექციის ორი პრეპარატის, ლოპინავირისა და რიტონავირის კომბინაცია; და ამ კომბინაციას დამატებული ინტერფერონ-ბეტა, იმუნური სისტემის მესენჯერი, რომელსაც შეუძლია ვირუსების დასახიჩრება. უკვე გამოჩნდა გარკვეული მონაცემები COVID-19-ის პაციენტებში მათი გამოყენების შესახებ — აივ ინფექციის საწინააღმდეგო კომბინაციამ ჩინეთში მცირე კვლევაში წარუმატებლობა აჩვენა, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, საჭიროა დიდი ცდა პაციენტთა უფრო ფართო მრავალფეროვნებით.

„სოლიდარობაში“ სუბიექტების ჩართვა მარტივი იქნება. როდესაც დადგინდება, რომ COVID-19-ით დაავადებული ადამიანი შესაფერისია, ექიმს შეუძლია მისი მონაცემები შეიყვანოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე, მიუთითოს ყველა ის თანმდევი დაავადება, რომელმაც შეიძლება დაავადებას მიმართულება შეუცვალოს, მაგალითად, დიაბეტი ან აივ ინფექცია. პაციენტმა ხელი უნდა მოაწეროს თანხმობის ფორმას, რომლის დასკანირებული ვერსიაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეგზავნება. მას შემდეგ, რაც ექიმი მიუთითებს, რომელი მედიკამენტებია ხელმისაწვდომი მის კლინიკაში, ვებგვერდი ერთ-ერთ ამ პრეპარატს ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, შემთხვევითობის პრინციპით მოარგებს პაციენტს.

„ამის შემდეგ, საჭირო აღარ არის სხვა ზომები ან დოკუმენტაცია. სულ ეს არის“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ვაქცინებისა და ბიოლოგიურ საშუალებთა დეპარტამენტის სამედიცინო ოფიცერი ანა მარია ენაო-რესტრეპო. ექიმი ჩაიწერს პაციენტის მიერ საავადმყოფოს დატოვების ან სიკვდილის დღეს, ანდაც საავადმყოფოში გატარებული დღეების რაოდენობას, ასევე, დასჭირდა თუ არა პაციენტს ჟანგბადი ან ვენტილაცია.

აღსანიშნავია, რომ კვლევა არ იქნება ორმაგი ბრმა მეთოდის, რაც ოქროს სტანდარტია სამედიცინო კვლევებში, შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს პლაცებოს ეფექტი იმ პაციენტებში, რომლებმაც იციან, რომ მათ კანდიდატი წამლები მისცეს. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს დააბალანსებს სამეცნიერო სიმკაცრეს სისწრაფის წინააღმდეგ. ენაო-რესტრეპოს განცხადებით, „სოლიდარობის“ პროგრამის იდეა ორი კვირის წინ გაჩნდა და სააგენტო იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირისათვის მზად ექნება თანმხლები დოკუმენტაცია და მონაცემთა მენეჯმენტის ცენტრები. „ყველაფერს რეკორდულ დროში ვაკეთებთ“, ამბობს იგი.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლანგონის სამედიცინო ცენტრის ბიოეთიკოსი არტურ კაპლანი აღნიშნავს, რომ მას კვლევის პრინციპი მოსწონს. მისი აზრით, საავადმყოფოებს, რომლებიც გადატვირთული არ არის, უფრო მეტი მონაცემის ჩაწერა შეეძლებათ დაავადების პროგრესის შესახებ, მაგალითად, აკონტროლონ ორგანიზმში ვირუსის დონე. ბერლინის საუნივერსიტეტო კლინილის ვირუსოლოგ კრისტიან დროშტენის განცხადებით, მარტივი შედეგები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეძებს, ამ დროისთვის ერთადერთი რელევანტური საშუალებაა. „რეალურად, ჩვენ ჯერ საკმარისად არ ვიცნობთ ამ დაავადებას, რათა დარწმუნებით ვიცოდეთ მაგალითად, რას ნიშნავს, როდესაც ყელში ვირუსის ოდენობა მცირდება“.

საფრანგეთის სამედიცინო კვლევების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი (INSERM) აცხადებს, რომ ევროპაში ის კოორდინირებას გაუწევს დამატებით ცდას, სახელად „აღმოჩენას“ (Discovery), რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის პარალელურად წარიმართება და მოიცავს 3200 პაციენტს სულ მცირე შვიდ ქვეყანაში, მათ შორის 800-ს საფრანგეთში. ეს კვლევაც იგივე პრეპარატებს გატესტავს, ოღონდ ქლოროკინის გარდა. ენეო-რესტრეპოს განცხადებით, დამატებითი კვლევების ორგანიზება შეუძლიათ სხვა ქვეყნებსა და ჰოსპიტლების ჯგუფებსაც. ისინი თავისუფალი არიან დამატებით ზომებსა და დაკვირვებებში, მაგალითად, ვირუსოლოგიაში, სისხლის აირებში, ქიმიაში და ფილტვების გადაღებაში.

რესტრეპოს განცხადებით, პირველად გამოსაცდელ პრეპარატა სია შეადგინა მეცნიერთა ჯგუფმა, რომლებიც კანდიდატ საშუალებათა მტკიცებულებებს იანვრის შემდეგ აგროვებენ და აფასებენ. ჯგუფმა შეარჩია პრეპარატები, რომელთა ეფექტიანობის ალბათობაც ყველაზე მაღალია; წინა გამოყენებების დროს ნაჩვენებია ყველაზე მეტი უსაფრთხოება; და საკმარისი რაოდენობით არსებობს ძალიან ბევრი პაციენტის სამკურნალოდ, თუ კვლევამ მათი ეფექტიანობა და უსაფრთხოება დაადასტურა.

წარმოგიდგენთ პრეპარატებს, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მეგატესტირების პროგრამა „სოლიდარობის“ ფარგლებში გატესტავს.

რემდესივირი

ახალმა კორონავირუსმა ამ პრეპარატს კიდევ ერთხელ გაბრწყინების შანსი მისცა. ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ის ებოლასთან დაკავშირებულ ვირუსებთან საბრძოლველად შექმნა; რემდესივირი ვირუსულ რეპლიკაციას აჩერებს საკვანძო ფერმენტის — რნმ-ზე დამოკიდებულ რნმ პოლიმერაზის ჩახშობის გზით.

მეცნიერებმა რემდესივირი სხვა პრეპარატებთან ერთად შარშან, ებოლას გავრცელების დროს გატესტეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თუმცა, მან არანაირი ეფექტი არ აჩვენა (სხვა ორმა აჩვენა). მიუხედავად ამისა, ფერმენტი რომელსაც ის მიზანში იღებს, სხვა ვირუსებისას ჰგავს; ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მიერ 2017 წელს სინჯარაში და ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატს შეუძლია SARS-ისა MERS-ის გამომწვევი კორონავირუსების ჩახშობა.

აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულ პირველ პაციენტს, ახალგაზრდა მამაკაცს, რემდესივირი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მისცეს. ჟურნალ New England Journal of Medicine (NEJM)-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეორე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. რემდესივირი მისცეს კალიფორნიელ პაციენტსაც, რომლის გადარჩენასაც ექიმები აღარც ფიქრობდნენ, თუმცა იგი გამოჯანმრთელდა.

თუმცა, ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირებული ასეთი მტკიცებულებები საკმარისი არ არის იმის დასადასტურებლად, რომ ეს პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტიანია. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტესტირების პროგრამა „სოლიდარობაში“ გამოსაყენებელ პრეპარატთა შორის „რემდესივირს საუკეთესო პოტენციალი აქვს, რომ დაინერგოს კლინიკებში მისი გამოყენება“, ამბობს შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯიანგ შიბო, რომელიც დიდი ხანია, რაც კორონავირუსის პრეპარატებზე მუშაობს. ჯიანგს განსაკუთრებით მოსწონს ის ფაქტი, რომ ამ პრეპარატის მაღალი დოზა არ იწვევს ცუდ გვერდით მოვლენებს.

აიოვის უნივერსიტეტის კორონავირუსების მკვლევრის, სტენლი პერლმენის განცხადებით, შესაძლებელია, რომ მისი პოტენციალი გაცილებით მაღალი იყოს ინფექციის ადრეულ ეტაპზე მიცემისას. „ერთადერთი, რისი გაკეთებაც საჭიროა, არის ამ პრეპარატის მიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზომიერი სიმპტომები აქვს. თქვენით ეს არ უნდა გააკეთოთ, რადგან ის ინტრავენური პრეპარატია, ძვირია და 100-დან 85 ადამიანს არც სჭირდება“, — ამბობს იგი.

ქლოროკინი და ჰიდროქსიქლოროკინი

რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქლოროკინს და ჰიდროქსიქლოროკინს „თამაშის წესების შემცვლელი“ უწოდა. მისმა ამ განცხადებამ ამ ათწლეულების წინანდელ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებზე მოთხოვნა გაზარდა. „ეს მე მახსენებს ტუალეტის ქაღალდის ფენომენს, როდესაც მის საყიდლად ყველა მაღაზიაში გარბის“, ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიოეთიკოსი არტურ კაპლანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ჯგუფმა, რომელმაც „სოლიდარობის“ პრეპარატები შეარჩია, თავდაპირველად ეს ორი პრეპარატი სიაშიც არ ჩასვა, მაგრამ პოზიცია შეიცვალეს 13 მარტს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის მოხსენების მიხედვით, ამ პრეპარატებმა „მნიშვნელოვანი ყურადღება მიიქციეს“ მრავალ ქვეყანაში. ფართო ინტერესმა დააყენა ამ პრეპარატების პოტენციური როლის შეფასების საჭიროება.

ამჟამად არსებული მონაცემები ცოტაა. ეს პრეპარატები ამცირებს ენდოსომების მჟავიანობას; ენდოსომები არის უჯრედს შიგნით არსებული მცირე სტრუქტურები, რომლებსაც ისინი გარე ნივთიერებების გადაყლაპვისთვის იყენებენ და შესაბამისად, ზოგიერთი ვირუსი უჯრედში შეიძლება ასეც შედიოდეს. თუმცა SARS-Cov-2-ის (დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი) უჯრედში შესაღწევად სხვანაირ გზას მიმართავს, ადამიანის უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორზე მისაკრავად ის ე. წ. წვეტ ცილებს იყენებს. უჯრედულ კულტურებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქლოროკინს SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ გარკვეული აქტიურობა აქვს, მაგრამ ამისათვის საჭირო დოზა მაღალია და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

რანდომიზებულ კლინიკურ ცდებში ქლოროკინმა კარგი შედეგები ვერ აჩვენა ორი სხვა ვირუსული დაავადბით, დენგეთი და ჩიკუნგუნიათი ინფიცირებულ ადამიანებში. ჩიკუნგუნიათი ინფიცირებულ პრიმატებში ქლოროკინმა სიტუაცია დაამძიმა. „მკვლევრებმა ეს პრეპარატი ინფიცირების შემდეგ გატესტეს, რაც ადამიანებში არასოდეს გამოდგება. საჭირო დოზა ძალიან მაღალია“, ამბობს გერმანიის ქალაქ გისენის უნივერსიტეტის პულმონარულ ინფექციათა ექსპერტი სუსან ჰეროლდი.

COVID-19-ის პაციენტებიდამ მიღებული შედეგები ბუნდოვანია. Ჩინელმა მეცნიერებმა, რომლებიც ქლოროკინით 100-ზე მეტი ადამიანის მკურნალობის შესახებ იუწყებოდნენ, შედეგები ჟურნალ BioScience-ში გამოქვეყნებულ წერილში აღწერეს, მაგრამ არ გამოიქვეყნებიათ შესაბამისი საფუძვლიანი კვლევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საერთო ჯამში, ჩინეთში COVID-19-ის შესახებ ჩატარებულმა ოცზე მეტმა კვლევამ გამოიყენა ქლოროკინი ან ჰიდროქსიქლოროკინი, მაგრამ შედეგები ძალიან ძნელად მისაღები აღმოჩნდა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევაში ჩინელ კოლეგებს შეხვდა და თანამშრომლობის გაუმჯობესების პირობა მიიღო; თუმცა, არ გაგვიზიარეს არანაირი მონაცემები ქლოროკინის კვლევების შესახებ“, წერს ორგანიზაცია.

ფრანგმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც აღწერენ COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტის ჰიდროქსიქლოროკინით მკურნალობას. მათი დასკვნით, პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსულ დატვირთვას ცხვირის ნაცხებში. თუმცა, ის რანდომიზებულად კონტროლირებადი კვლევა არ იყო და არ იუწყება კლინიკურ შედეგებს, მაგალითად, სიკვდილის შემთხვევებს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კრიტიკული მზრუნველობის მედიცინის საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ გაიდლაინში ნათქვამია, რომ „COVID-19-ით კრიტიკულად მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ქლოროკინის ან ჰიდროქსიქლორიკინის გამოყენების რეკომენდაციისათვის მტკიცებულებები არასაკმარისია“.

კონკრეტულად ჰიდროქსიქლორიკინი უფრო საზიანო შეიძლება იყოს, ვიდრე სასარგებლო. ამ პრეპარატს აქვს მრავალი გვერდითი ეფექტი და იშვიათ შემთხვევებში შეიძლება დააზიანოს გული. კალიფორნიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექიმის, დევიდ სმიტის განცხადებით, Გამომდინარე იქიდან, რომ გულის დაავადებების მქონე ადამიანები COVID-19-ის მხრიდან უფრო მაღალი რისკს ქვეშ არიან, მისი გამოყენება სახიფათოა. „ეს გამაფრთხილებელი სიგნალია, მაგრამ მაინც საჭიროა ცდები“, ამბობს იგი. გარდა ამისა, COVID-19-ის სამკურნალოდ მისმა გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება ის დეფიციტური გახადოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის მართლა სჭირდება — რევმატოიდული ართრიტისა და მალარიის პაციენტებისათვის.

რიტონავირი/ლოპინავირი

პრეპარატების ეს კომბინაცია, რომელიც იყიდება ბრენდული სახელით „კალიტრა“, აშშ-ში 2000 წელს დამტკიცდა აივ ინფექციის სამკურნალოდ. კომპანია Abbott Laboratories-მა ლოპინავირი სპეციალურად აივ ინფექციის პროტეაზის ჩასახშობად შექმნა; ეს პროტეაზა არის მნიშვნელოვანი ფერმენტი, რომელიც ახალი ვირუსების შეჯგუფებისას პეპტიდებში არჭობს ცილების გრძელ ჯაჭვს. იმის გამო, რომ ლოპინავირს ადამიანის ორგანიზმში სწრაფად არღვევს ჩვენი საკუთარი პროტეაზები, მას პაციენტს პროტეაზის კიდევ ერთი ინჰიბიტორის (დამთრგუნველი) რიტონავირის დაბალ დოზასთან ერთად აძლევენ, რომელიც ლოპინავირს უფრო დიდხანს გამძლეს ხდის.

ამ კომბინაციას შეუძლია ჩაახშოს სხვა ვირუსთა პროტეაზებიც, განსაკუთრებით კორონავირუსების. მან ეფექტიანობა აჩვენა MERS-ის ვირუსით ინფიცირებულ ანთარ მაიმუნებში, ასევე გაიტესტა SARS-ისა და MERS-ის პაციენტებში; თუმცა, ამ ცდების შედეგები ბუნდოვანია.

COVD-19-ის შემთხვევაშ ჩატარებული პირველი ცდა ასევე არ აღმოჩნდა იმედისმომცემი. ჩინეთის ქალაქ უხანში ექიმებმა 199 პაციენტს დღეში ორჯერ მისცეს ორი აბი რიტონავირი/ლოპინავირი, ზოგ შემთხვევაში აგრძელებდნენ სტანდარტულ მკურნალობასაც, ზოგში კი მხოლოდ სტანდარტულ მკურნალობას. შედეგები 15 მარტს ჟურნალ NEJM-ში გამოქვეყნდა — ამ ორ ჯგუფს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ გამოიკვეთა. თუმცა, ავტორები შენიშნავენ, რომ პაციენტები მძიმედ ავად იყვნენ, მათგან ყოველი მეხუთე გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეპარატის მიცემა შეიძლება უკვე საკმაოდ დაგვიანებული იყო. მართალია, ეს პრეპარატი ზოგადად უსაფრთხოა, მაგრამ შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს მძიმე პაციენტებისთვის მიცემულ სხვა პრეპარატებთან, რამაც ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვიოს.

რიტონავირი/ლოპინავირი + ინტერფერონ-ბეტა

„სოლიდარობის“ გეგმებში ასევე შედის გამოსცადოს ამ ორ ანტივირუსულ საშუალებას დამატებული ინტერფერონ-ბეტა — მოლეკულა, რომელიც ჩართულია სხეულში მიმდინარე ანთების რეგულირებაში; ამ საშუალებამ ასევე აჩვენა ეფექტი MERS-ით ინფიცირებულ ანთარ მაიმუნებში. ამ სამი პრეპარატის კომბინაციის ტესტირება ამჟამად მიმდინარეობს საუდის არაბეთში, MERS-ით ინფიცირებულ პაციენტებში, რაც პირველი რანდომიზებულად კონტროლირებადი კვლევაა ამ დაავადების შემთხვევაში.

ჰეროლდის თქმით, COVID-19-ის მძიმე პაციენტებში ინტერფერონ-ბეტას გამოყენება შეიძლება სარისკო იყოს.

„თუ მას დაავადების გვიანდელ ეტაპზე მივცემთ, შეიძლება ადვილად გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება“, — შიშობს იგი.

ათასობით პაციენტი

„სოლიდარობის“ ცდის ხასიათი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. გლობალური მონაცემების უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭო შუალედურ მონაცემებს რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს და გადაწყვეტს, აქვს თუ არა ამ ოთხი პრეპარატიდან რომელიმეს აშკარა ეფექტი, ანდაც შესაძლებელია თუ არა რომელიმეს ამოღება, რადგან ის აშკარად არაეფექტიანია. საცდელ პრეპარატთა სიას შეიძლება დაემატოს რამდენიმე სხვა საშუალებაც, მაგალითად, იაპონური Toyama Chemical-ის მიერ წარმოებული გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი.

ენაო-რესტრეპოს განცხადებით, მტკიცე შედეგების მისაღებად, მოხდება რამდენიმე ათასი პაციენტის მობილიზება. ცდებში ჩართვაზე ხელი უკვე მოაწერა არგენტინამ, ირანმა, სამხრეთ აფრიკამ და რამდენიმე სხვა არაევროპულმა ქვეყანამ. ენაო-რესტრეპოს თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე აპირებს ამავე საბაზისო პრპოტოკოლით ჩაატაროს იმ პრეპარატების პრევენციული ცდა, რომლებმაც შეიძლება სამედიცინო პერსონალი დაიცვას ინფექციისგან.

საფრანგეთის სამედიცინო კვლევების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (INSERM) პრესრელიზის თანახმად, „სოლიდარობის“ პროგრამის ევროპული ანალოგი, სახელად „აღმოჩენა“, ცდებს ჩაატარებს პაციენტებზე საფრანგეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში. ცდებს უხელმძღვანელებს ლიონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი ფლორანს ადერი.

ენაო-რესტრეპოს თქმით, ზუსტი კლინკური კვლევის ჩატარება ეპიდემიის დროს, ყოველთვის დიდი გამოწვევაა. თუმცა, ეს მაინც საუკეთესო გზაა, რომელიც ვირუსის დამარცხებასთან მიგვიყვანს.

„მნიშვნელოვანი იქნება პასუხების სწრაფად მიღება, იმის დადგენა, რომელი პრეპარატი მოქმედებს და რომელი არა. ვფიქრობთ, რანდომიზებული მტკიცებულება ამის გაკეთების საუკეთესო გზაა“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ვაქცინებისა და ბიოლოგიურ საშუალებთა დეპარტამენტის სამედიცინო ოფიცერი ანა მარია ენაო-რესტრეპო.

მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

1tv.ge

Share