Home » საზოგადოება » ხელისუფლება პრობლემურ სახელმწიფო ქონებას იშორებს

ხელისუფლება პრობლემურ სახელმწიფო ქონებას იშორებს

სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხი უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, თუმცა ოფიციალურად დღის წესრიგში ეს საკითხი გასული წლის მიწურულს დადგა. როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო სახელმწიფო ქონების პირივატიზების ახალი ტალღა, “100 შეთავაზება ბიზნესს”. პროგრამის ფარგლებში სულ მცირე 100 ელექტრონული აუქციონი იმართება, სადაც შეთავაზებული აქვს ბიზნესს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონება, სხვადასხვა სახის საინვესტიციო ვალდებულებებით. როგორც პროგრამის სახელიდანაც ვხვდებით სახელმწიფოს სულ 100 ერთეული სახელმწიფო ქონება აქვს საპრივატიზაციოდ გამოტანილი.

რაც შეეხება ქონებების ტიპებს ესენია როგორც მიწის ნაკვეთები, შენობა ნაგებობები და სასაწყობე მეურნეობები, ისე საავადმყოფოები და აგარაკები. საპრივატიზაციო ქონების ჩამონათვალშია, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე.წ. “მიხაელოვის სავადმყოფოს” ყოფილი შენობაც. სახელმწიფომ ამ შენობის გაყიდვა უკვე არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

პირველად საავადმყოფოს გაყიდვაზე ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საუბრობდა. როგორც კვირიკაშვილი ამბობდა, ინვესტორები უკვე მოძიებული იყვნენ და ისინი ძალიან მალე დაიწყებდნენ სახელმწიფოსგან საავადმყოფოს გამოსყიდვის პროცესს. რის შემდეგაც საავადმყოფოს შენობის ადგილას მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდებოდა. თუმცა, ეს განცხადება განცხადებათვე დარჩა და არც ინვესტორები გამოჩენილან დღის სინათლეზე. თუმცა, 2015 წელს სახელმწიფომ საავადმყოფოს შენობის გაყიდვა მაინც შეძლო.

ყოფილი “მიხაელოვის საავადმყოფო” 4 მლნ დოლარად კომპანია “აღმამ” შეიძინა. მაშინ ინვესტორი ვალდებული იყო აღნიშნულ ობიექტში არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისისთვის უნდა დაეწყო, თუმცა იმავე წლის ბოლოს “აღმას” ქონება ჩამოერთვა. როგორც მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განმარტავდნენ, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, ვერ წარადგინა საბანკო გარანტია, არ გადაიხადა არც საპრივატიზაციო საფასური, რის შემდეგაც ობიექტი კვლავ სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაჟღერდა საავადმყოფოს გასხვისების შესახებ, თუმცა არც ეს მცდელობები გამოდგა შედეგიანი.

ამჯერად სახელმწიფო საავადმყოფოს შენობის გასხვისებას, “100 შეთავაზება ბიზნესის” პროექტის ფარგლებში ცდილობს. თუმცა, ამჯერად განსხვავებული საპრივატიზაციო პირობებით. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, აქამდე არსებული, რამდენიმე მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი, სწორედ ინვესტორებისთვის არახელსაყრელი პირობები გახდა.

ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, სახელმწიფომ საავადმყოფოს ყოფილი შენობის გასხვისების პირობები შეცვალა და თუ აქამდე ჩატარებულ აუქციონზე საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 100 მლნ ლარს შეადგენდა, ახლა იგი 40 მლნ ლარამდე შემცირდა. შეიცვალა ასევე ზოგადი პირობებიც, კერძოდ თუ წინა აუქციონის მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იყო, ტერიტორიაზე განეთავსებინა არანაკლებ 200 ნომრიანი სასტუმრო ან მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც იქნებოდა 100-ნომრიანი სასტუმრო, კომერციული ფართები და კვების ობიექტები, ახლა ეს ვალდებულება აუქციონში არ დევს. უფრო ზუსტად, ახალი პირობის მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში მოაწყოს ობიექტები (მათ შორის, სასტუმრო, ოფისები), თუმცა რამდენი ნომერი იქნება სასტუმროში და ა.შ. დაზუსტებული არ არის.  ამის მიუხედავადაც ჯერ-ჯერობით სახელმწიფომ ამ ქონების პრივატიზება ვერ მოახერხა.

კიდევ ერთი ქონება რომელსაც სახელმწიფო ზემოთ ხსენებული პროგრამის დახმარებით ასხვისებს, არის წყნეთის სამთავრობო აგარაკები. თუმცა, თუ აქუციონის შედეგებს ჩავხედავთ ვნახავთ, რომ არც ამ ლოტის მიმართ გამოუხატავთ ინტერესი ინვესტორებს. ღია ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა და 2020 წლის 22 იანვარს, ისე დასრულდა, რომ აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია.

ქონების საწყისი ფასი 55 710 287 ლარი იყო, საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე აეშენებინა სასტუმრო, ასევე მყიდველს შეეძლო, არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. განსახორციელებელი ინვესტიცია კი, არანაკლებ 20 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელი იყო.

თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” – პროექტის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ უკვე 40-მდე ობიექტი გაასხვისა და ბიუჯეტში 50 მილიონამდე თანხაა მობილიზებული. მიმდინარე წელს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით პროექტს კიდევ 10 საპრივატიზაციო ობიექტი დაემატა.

პეტრე ინაური

Share