Home » საზოგადოება » წადი არჩევნებზე და მოიგე ტესლა! – “გირჩი” “ტესლას” გაათამაშებს

წადი არჩევნებზე და მოიგე ტესლა! – “გირჩი” “ტესლას” გაათამაშებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, “გირჩი” მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას  ხმას მისცემს, “Tesla”-ს ავტომობილებს გაათამაშებს.

Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია  საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც “ცესკოს” ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას.

რა არის ამისათვის საჭირო ?

– დარეგისტრირდით “გირჩის” პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში. 

– 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას.

– იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).

– საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ეს ფოტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე.

როგორც ცნობილია, პარლამენტში გასულ პარტიებს მიღებული ხმების მიხედვით, ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები ეკუთვნით. “გირჩს” მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან არასწორი და არასამართლიანია. ზუსტად ამის გამო, პოლიტიკოსები და მათი პარტიები მეტწილად არაგულწრფელები და კორუმპირებულები არიან. სწორედ ამიტომ, “გირჩი” ახალი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, როდესაც პოლიტიკოსებს და პარტიებს მხოლოდ მათი მხარდამჭერები და ამომრჩევლები დააფინანსებენ და არა განურჩევლად ყველა საქართველოს მოქალაქე. ამის მაგალითს “გირჩი” და მისი პოლიტიკოსები იძლევიან.

ახალ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, “გირჩი” ამ დაფინანსების გაუქმების შესახებ კანონპროექტს შეიტანს. ხოლო მანამ სანამ ეს დაფინანსება გაუქმდება, “გირჩი” მისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო თანხას სხვადასხვა კანონიერი ფორმებით გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნებს.

“გირჩი” არ აპირებს, რომ გადასახადების გადამხდელებისგან ფული აიღოს. ბევრი ვიფიქრეთ რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ ის გამოვიყენოთ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ Tesla-ს, რომელსაც გავათამაშებთ. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს “გირჩი”, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, მით მეტი Tesla-ები გათამაშდება.

                                                                                                                                                            -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“გირჩს” მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან პირველად, არჩევნები პროპორციული სისტემით, 120/30-ზე ჩატარდება. “Tesla-ს” პროექტით პარტიას სურს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები წაახალისოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ჯამში რამდენი ტესლა გათამაშდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას მიიღებს “გირჩი” და შესაბამისად რამდენი იქნება პარტიისთვის კანონით განსაზღვრული წლიური საბიუჯეტო დაფინანსება.

წადი არჩევნებზე და მოიგე “Tesla”!

“გირჩი” წარმატებას გისურვებთ !

პორტალზე რეგისტრაციისა და გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად დააჭირეთ ამ ბმულს.

Share